15 წლის ქართველი ავტომრბოლელი მათე კობახიძე იმ ახალგაზრდა სპორტსმენებს შორისაა, რომლებიც საერთაშორისო ასპარეზზე საკუთარი შესაძლებლობების დამტკიცებასა და ქართული ავტოსპორტის ისტორიის დაწერას ცდილობენ. ეს გზა, სისწრაფესთან ერთად, დიდ შრომას, დისციპლინას, გამძლეობასა და მუდმივ განვითარებას მოითხოვს.
მათე კობახიძემ ავტოსპორტში კარიერა 2020 წელს დაიწყო. პირველი მნიშვნელოვანი წარმატება კი, სულ რაღაც, ათი წლის ასაკში მოიპოვა - 2021 წელს კარტინგის მინიკლასში საქართველოს ჩემპიონი გახდა. ერთი წლის შემდეგ კი ტიტული დაიცვა და საქართველოს ჩემპიონატი ზედიზედ მეორედ მოიგო. ასევე ჰქონდა წარმატებული გამოსვლა გრანდ ფინალზე ბაჰრეინსა და პორტუგალიაში.
2023 წელს კარტინგებში საქართველოს ორგზის ჩემპიონმა ბალტიის ქვეყნებში ჯუნიორთა კლასში რამდენიმე რბოლაში მიიღო მონაწილეობა. სხვადასხვა ტრასაზე ასპარეზობამ მას გამოცდილება შესძინა, ხელი შეუწყო მართვის უნარების დახვეწასა და კონკურენტულ გარემოსთან უკეთ ადაპტირებაში.
2025 წელი მათე კობახიძისთვის განსაკუთრებით დატვირთული და მნიშვნელოვანი აღმოჩნდა. ამ სეზონში ქართველმა სპორტსმენმა 15 პოდიუმი და 9 გამარჯვება მოიპოვა. მონაწილეობა მიიღო ხუთ მსხვილ ტურნირში: გაერთიანებული სამეფოს ჩემპიონატში, ევროპის ჩემპიონატში, ბენილუქსის ქვეყნების ჩემპიონატში, საერთაშორისო თასსა და ამერიკის თასზე. ამერიკის თასზე, სადაც ქართველი მრბოლელი პირველად ასპარეზობდა, მათემ ორი რბოლის მოგება მოახერხა და ბრინჯაოს მედალს დაეუფლა. ეს შედეგი მისი საერთაშორისო კარიერის ერთ-ერთი მნიშვნელოვანი მიღწევა გახდა.
წარმატებული გამოსვლა ჰქონდა იტალიაში გამართულ ზამთრის თასზეც. წვიმიან პირობებში ვიტერმოს ტრასაზე მათემ პოულის მოგება შეძლო, რითაც კიდევ ერთხელ გამოავლინა რთულ მეტეოროლოგიურ პირობებში სწრაფად ასპარეზობის უნარი.
კარტინგში დაგროვილი გამოცდილებისა და საერთაშორისო შეჯიბრებებზე მიღწეული შედეგების შემდეგ მათეს მიმართ ინტერესი გაიზარდა. მის წარმატებებს ბრიტანული გამოცემებიც აშუქებდა და არც ფორმულა 4-ის გუნდების ყურადღების მიღმა არ დარჩენილა ახალგაზრდა მრბოლელის პროგრესი.
Lion Trans მათე კობახიძეს წარმატებებს, ახალ გამარჯვებებსა და კიდევ უფრო დიდ მიღწევებს უსურვებს! კომპანია მათეს გულშემატკივრად რჩება და მომავალშიც მის გვერდით იქნება, მხარს დაუჭერს მის გზას და გაიზიარებს მის მომავალ წარმატებებს.
R