ევროპის ქალაქებში გასულ ზაფხულს ექსტრემალურმა სიცხემ რეკორდული, 50 000 ადამიანი იმსხვერპლა. მეცნიერთა განცხადებით, ამ გარდაცვალების შემთხვევების ორ მესამედზე პირდაპირი პასუხისმგებლობა კლიმატის კრიზისს ეკისრება.
ლონდონის ჰიგიენისა და ტროპიკული მედიცინის სკოლისა და იმპერიალ კოლეჯის Grantham-ის ინსტიტუტის მკვლევრებმა ევროპის 854 ქალაქის მონაცემები შეისწავლეს. კვლევის თანახმად, მზისგან გახურებული ჰაერის დაბინძურებისა და ექსტრემალური ტემპერატურის გამო ქალაქებში დამატებით 32 000 ადამიანის სიცოცხლე ნაადრევად შეწყდა. ცხელი დღეები მოწყვლადი ჯგუფების ორგანიზმს ზღვარზე ამუშავებდა, ხოლო თბილი ღამეები მათ ძალების აღდგენის საშუალებას არ აძლევდა.
“ნებისმიერი გაგებით, 854 ურბანულ ზონაში დაფიქსირებული ეს ციფრები შოკისმომგვრელია. თუმცა უფრო საგანგაშო ის პროპორციაა, რომელსაც ადამიანის მიერ გამოწვეულ კლიმატის ცვლილებას ვუკავშირებთ“, - განაცხადა კვლევის თანაავტორმა, კლიმატისა და ჯანდაცვის მეცნიერმა მალკოლმ მისტიმ.

სიკვდილიანობის ყველაზე მაღალი პროპორციული მაჩვენებელი მალტაში, იტალიასა და უნგრეთში დაფიქსირდა. ხოლო დაღუპულთა აბსოლუტური რაოდენობით პირველ ადგილებზე იტალია, საფრანგეთი, ესპანეთი, გერმანია და დიდი ბრიტანეთი აღმოჩნდნენ. დიდ ბრიტანეთში სიცხისგან გამოწვეული გარდაცვალების 4 354 შემთხვევა შეფასდა.
ევროპის მასშტაბით ყველაზე მძიმე მდგომარეობა იტალიის ქალაქ ნაპოლიში შეიქმნა, სადაც სიცხისგან ყოველ მილიონ მოსახლეზე 815 ადამიანი გარდაიცვალა. ქალაქის CTO საავადმყოფოს გადაუდებელი დახმარების ექიმმა მარიო გუარინომ აღნიშნა, რომ ყველაზე ცხელ კვირებში მიმართვიანობა 15%-ით გაიზარდა.
“ნამდვილი ეპიდემია დღესდღეობით მარტოობაა. უამრავი ხანდაზმული ადამიანი ზაფხულში სრულიად მარტო რჩება, ოჯახებისგან მიტოვებული. დაბალი შემოსავლის გამო მათ არ აქვთ კონდიციონერის ყიდვის საშუალება, ან თუ აქვთ, ელექტროენერგიის მაღალი გადასახადის შიშით ვერ რთავენ“, - განაცხადა ექიმმა გუარინომ.
მან მოიყვანა მაგალითი სიმსივნით დაავადებული პაციენტისა, რომელიც ცხელ სხვენში იმყოფებოდა, რადგან ოჯახმა ზაფხულში კონდიციონერის დამყენებელი კომპანია ვერ იპოვა. სხვა შემთხვევაში, დემენციის მქონე მოხუცი უკრაინელმა მომვლელმა მიატოვა, რომელიც ომში გაწვეულ შვილთან დასამშვიდობებლად სამშობლოში დაბრუნდა - მოხუცი იატაკზე დაცემული იპოვეს მენჯის მოტეხილობით, როცა მეზობლის დაძახებას უშედეგოდ ცდილობდა.

კვლევის თანახმად, გარდაცვლილთა თითქმის ნახევარს 85 წელზე უფროსი ასაკის პირები შეადგენდნენ. თუმცა ექსტრემალური ტემპერატურა ახალგაზრდებისთვისაც საფრთხეს წარმოადგენდა - 20-დან 44 წლამდე ასაკის 833 ადამიანი ასევე სიცხეს ემსხვერპლა. შესწავლილი ქალაქები ევროპის მოსახლეობის დაახლოებით 40%-ს მოიცავს.
ევროკავშირის კლიმატის მონიტორინგის სამსახურის ცნობით, დასავლეთ ევროპაში გასული ზაფხულის სიცხე დაკვირვების ისტორიაში ყველაზე მძიმე იყო. კონტინენტის ნახევარზე მეტზე დაფიქსირდა “ძალიან ძლიერი“ სითბური სტრესი, სადაც ტემპერატურა 38°C-ზე მაღალი აღიქმებოდა.
სათბურის გაზების გამო ევროპა გლობალურ საშუალო მაჩვენებელზე ორჯერ სწრაფად თბება. მიუხედავად იმისა, რომ სიცივე უფრო მეტ სიცოცხლეს იბარებს, მეცნიერები ვარაუდობენ, რომ ტემპერატურის მატებასთან ერთად სიცხით გამოწვეული სიკვდილიანობა გაცილებით სწრაფად გაიზრდება, ვიდრე ყინვით გამოწვეული სიკვდილიანობის შემცირებაა.
ექიმები მოუწოდებენ მთავრობებს, შეამცირონ წიაღისეული საწვავის მოხმარება, გააძლიერონ ჯანდაცვის სისტემები, გაამწვანონ ქალაქები და მოსახლეობას მეტი წყლის დალევისა და ჩრდილში ყოფნისკენ მოუწოდონ. ასევე მნიშვნელოვანია მოწყვლადი მეზობლებისა და ოჯახის წევრების ხშირი მოკითხვა, რათა ტრაგედიის თავიდან აცილება დროულად მოხდეს.