კენიის დედაქალაქ ნაირობიში მშენებარე მრავალსართულიანი შენობა ჩამოინგრა. არსებობს ეჭვი, რომ ნანგრევების ქვეშ ადამიანები არიან მოყოლილი.
ადგილობრივი მედიის ცნობით, ინციდენტი 23 ოქტომბერს, ადგილობრივი დროით 13:40 საათზე მოხდა, ნგრევას მსხვერპლი და ადგილზე არეულობა მოჰყვა. ნაირობის ოლქის გუბერნატორის ადმინისტრაციამ შენობის ჩამოშლა დაადასტურა და განაცხადა, რომ ნანგრევებში, შესაძლოა, ხალხი იყოს მოყოლილი.
ინტერნეტში ჩანს შენობის დრამატული ჩამოქცევის ვიდეოკადრები გავრცელდა, რასაც მჭიდროდ დასახლებულ, სავაჭრო-საცხოვრებელ რაიონში მტვრის უზარმაზარი ღრუბლის გავრცელება მოჰყვა.
შენობის სართულების რაოდენობასთან დაკავშირებით ინფორმაცია განსხვავდება. ნაირობის პოლიციის უფროსის, ისა მოჰამუდის თქმით, შენობას 10-ზე მეტი სართული ჰქონდა, თუმცა სხვა წყაროები 12-დან 18 სართულამდე ასახელებენ. გუბერნატორ ჯონსონ საკაჯას ადმინისტრაციის განცხადებით, ათვისებული მხოლოდ პირველი სართული იყო.

სააგენტო Reuters - ის მიერ გავრცელებულ ვიდეოში შემთხვევის ადგილას შეკრებილი ხალხი და ექსკავატორი ჩანს, რომელიც ტერიტორიას ნანგრევებისგან წმენდს. სამაშველო ოპერაცია საკმაოდ რთულად მიმდინარეობს. იმისთვის რომ სამაშველო სამსახურებს შეფერხების გარეშე ემუშავათ, პოლიციამ ტერიტორიის ბლოკირება მოახდინა, თუმცა სამართალდამცველებს ცრემლსადენი გაზის გამოყენება დასჭირდათ იმ პირების დასაშლელად, რომლებმაც მეზობელი მაღაზიების ძარცვა დაიწყეს.
ისთლის რაიონი მჭიდროდ დასახლებული საცხოვრებელი და სავაჭრო ზონაა, რომელიც სომალური საზოგადოების მთავარ ცენტრად ითვლება.
ჯერჯერობით უცნობია, რამ გამოიწვია შენობის ჩამოშლა. მოსახლეობის სწრაფი ზრდის ფონზე, ნაირობიში მშენებლობის ბუმია და მთელ ქალაქში მრავალსართულიანი შენობები სწრაფი ტემპით შენდება.