ახალმა პერსონალიზებულმა ვაქცინამ, რომელიც ფართოდ გავრცელებულ იმუნოთერაპიულ პრეპარატთან ერთად გამოიყენება, მასშტაბური კლინიკური კვლევისას პაციენტებში კანის კიბოს რეციდივისა და სიკვდილიანობის რისკი 42%-ით შეამცირა.
მკვლევართა განცხადებით, მიღებული შედეგები შესაძლოა გარდამტეხი მომენტი გახდეს ონკოლოგიაში და პერსონალიზებული მედიცინის დამკვიდრება რეალურ პერსპექტივად აქციოს.
კვლევამ აჩვენა, რომ ახალი პრეპარატების კომბინაციამ მელანომას - კანის კიბოს აგრესიული ფორმის სხეულში გავრცელების (მეტასტაზირების) რისკი 38%-ით შეამცირა.
მედიკამენტების მწარმოებელი კომპანიები MSD (აშშ-ში ცნობილი როგორც Merck) და Moderna აცხადებენ, რომ იგივე მიდგომა უკვე იცდება სხვა სიმსივნურ წარმონაქმნებზეც, მათ შორის თირკმლის, შარდის ბუშტისა და ფილტვის კიბოზე. დამოუკიდებელი ექსპერტები შედეგებს “შთამბეჭდავს“ უწოდებენ, თუმცა აღნიშნავენ, რომ ხანგრძლივი დაკვირვებაა საჭირო იმის დასადგენად, ეხმარება თუ არა მკურნალობა პაციენტებს სიცოცხლის ხანგრძლივობის გაზრდაში.
ახალი მეთოდი განკუთვნილია იმ პაციენტებისთვის, რომელთაც სიმსივნური წარმონაქმნი ქირურგიული ოპერაციის გზით უკვე ამოაკვეთეს. კლინიკურ ცდებში 1 137 ზრდასრული პაციენტი მონაწილეობდა, რომელთაც იმუნოთერაპიული პრეპარატი Keytruda დაენიშნათ. მონაწილეთა დაახლოებით ორ მესამედს ექსპერიმენტული ვაქცინა გაუკეთდა, ხოლო დანარჩენებს - პლაცებო.
ვაქცინა, სახელწოდებით Intismeran, იყენებს იმავე mRNA ტექნოლოგიას, რასაც COVID-19-ის ზოგიერთი ვაქცინა. იგი თითოეული პაციენტისთვის ინდივიდუალურად იქმნება მათივე სიმსივნის გენეტიკური მონაცემების საფუძველზე, რათა იმუნურ სისტემას კიბოს უჯრედების ცნობა და მათთან ბრძოლა ასწავლოს, თუ დაავადება ხელახლა გამოვლინდება.

მკურნალობის დაწყებიდან ორი წლის შემდეგ, იმ პაციენტებში, რომლებმაც ვაქცინა მიიღეს, მელანომას დაბრუნების ან სხეულში გავრცელების ალბათობა გაცილებით დაბალი იყო.
კემბრიჯის Addenbrooke-ის საავადმყოფოს სამედიცინო ონკოლოგიის კონსულტანტმა, პროფესორმა პიპა კორიმ, რომელიც კვლევას ხელმძღვანელობდა, აღნიშნა, რომ პერსონალიზაცია მკურნალობის სრულიად ახალი საფეხურია.
კლინიკურ ცდებში მონაწილეობდა 75 წლის ტონი ჩეპმენი, რომელსაც მელანომას დიაგნოზი 2019 წელს დაუსვეს. მას მკერდის არეში არსებული სიმსივნე ამოაკვეთეს, თუმცა მოგვიანებით წარმონაქმნი იღლიის არეშიც გამოუვლინდა, რის გამოც განმეორებითი ოპერაცია დასჭირდა. იგი ნებაყოფლობით ჩაერთო კვლევაში, თუმცა სხვა მონაწილეების მსგავსად, მან დღემდე არ იცის, ექსპერიმენტული ვაქცინა გაუკეთეს თუ პლაცებო.
“ეს ჩანდა საუკეთესო მაგალითად იმისა, თუ როგორ შეიძლება მეცნიერების წინ წაწევა და ამავდროულად საკუთარი ჯანმრთელობისთვის სარგებლის მიღება. ასე რომ, რა მქონდა დასაკარგი?“, - აცხადებს ტონი ჩეპმენი. სამი წლის შემდეგ იგი რეგულარულ შემოწმებას გადის და სიმსივნისგან სრულად თავისუფალია.
ფარმაცევტული გიგანტების MSD-ისა და Moderna-ს აქციების ფასი მკვეთრად გაიზარდა მას შემდეგ, რაც კომპანიებმა ვაქცინის წარმატების შესახებ პირველადი ინფორმაცია გაავრცელეს.
ორივე კომპანია აცხადებს, რომ უკვე მუშაობენ მარეგულირებელ ორგანოებთან, რათა პრეპარატის ავტორიზაციის განაცხადი შესაძლოა მომავალ წელსვე წარადგინონ. თუმცა, ბრიტანეთის ჯანდაცვის ეროვნულ სისტემაში (NHS) მისი ფართო გამოყენება დამოკიდებული იქნება ღირებულებაზე, ვინაიდან თითოეული პაციენტისთვის სიმსივნის გენეტიკური ანალიზი და ინდივიდუალური ვაქცინის დამზადებაა საჭირო.
ლონდონის კიბოს კვლევის ინსტიტუტის პროფესორმა ალან მელჩერმა აღნიშნა, რომ შედეგები ძალიან შთამბეჭდავია და მნიშვნელოვან წინ გადადგმულ ნაბიჯს წარმოადგენს, თუმცა ხანგრძლივი დაკვირვებაა საჭირო, რათა დადგინდეს პრეპარატის საბოლოო ეფექტი პაციენტების გადარჩენადობაზე.
კლინიკური კვლევის სრული შედეგები მადრიდში, ევროპის სამედიცინო ონკოლოგიის საზოგადოების (ESMO) კონგრესზე წარადგინეს.