ავტორი:

"ივანიშვილმა მდინარაძის არდაჭერით კობახიძეს ვალი დაადო და ამას მოსთხოვს მაშინ, როცა კობახიძის დრო მოვა" - გია ხუხაშვილის ანალიზი

"ივანიშვილმა მდინარაძის არდაჭერით კობახიძეს ვალი დაადო და ამას მოსთხოვს მაშინ, როცა კობახიძის დრო მოვა" - გია ხუხაშვილის ანალიზი

ბიძინა ივანიშვილმა ადამიანების საოცარი ჯიში გამოიყვანა. ფულიც უნდა მიიტანო და თან უღირსობა და უთავმოყვარეობაც უნდა აჩვენო, ანუ მატერიალურადაც უნდა დაკარგო და მორალურადაც უნდა განადგურდე - და რა, კობახიძეს ნაკლები ბედი ელოდება? - ამის შესახებ პოლიტოლოგმა გია ხუხაშვილმა "პალიტრანიუსის” გადაცემა "360 გრადუსში” განაცხადა, რითაც ეკონომიკისა და მდგრადი განვითარების მინისტრის ყოფილი მოადგილის, რომეო მიქაუტაძის მიერ ბრალის აღიარება და პროკურატურასთან დადებული საპროცესო შეთანხმება შეაფასა.

გია ხუხაშვილის თქმით, კორუფცია ეს არის სასიცოცხლოდ მნიშვნელოვანი ხელისუფლებისთვის.

"ხელისუფლება კორუფციაზე დგას. ეს კორუფცია არის ამ სისტემის შემადგენელი ნაწილი და სასიცოცხლოდ მნიშვნელოვანი ნაწილი, რადგან ავტორიტარულ რეჟიმებს კორუფციის გარეშე არ შეუძლიათ, ასე იკვებება ეს სისტემა. შესაბამისად, ბიძინა, როგორც გამოცდილი მწყემსი, მიუშვებს ცხვრის ფარას საკვებს დახარბებულს და როდესაც კარგად მოსუქდებიან, შემდეგ დაიწყებს მათ "პარსვას“. რა მნიშვნელობა აქვს, ოქროს ზოდებს იპოვიან, ბრილიანტებს თუ "ქეშს“? ფაქტია, ისინი იპარავენ, შემდგომ ხელისუფლება "გაპარსავს“, შემდეგ ინდულგენციებს გაყიდის და შემდეგ ესენიც ყიდულობენ. მთელი ეს პროცესი დაიწყო იქიდან, რომ ბიძინას კობახიძის დაჯგუფება აწვეთებდა - "ბიძინა, შენ პრობლემები გაქვს, სანქციებს გიწესებენ, ფინანსებს კარგავ და შენს ირგვლივ ხალხი ფულს შოულობს“. ღარიბაშვილი და ლილუაშვილი თავიდან არ დაუჭერიათ, რადგან მათ ფული მოსთხოვეს, მაგრამ მოსთხოვეს იმდენი, რამდენის გადახდაც ან არ შეეძლოთ, ან არ უნდოდათ და შემდეგ დაიჭირეს. მიქაუტაძე დაიჭირეს ფულის წასართმევად, მაგრამ გაჩნდა დამატებითი ინტერესი, რომ მას ჩვენება უნდა მიეცა ლილუაშვილის წინააღმდეგ, რომ ლილუაშვილი გაეხადათ მორჩილი. შემდეგ იწყება ერთმანეთის ჩაშვება და "პარსვა“.ბიძინა ივანიშვილმა ადამიანების საოცარი ჯიში გამოიყვანა. ფულიც უნდა მიიტანო და თან უღირსობა და უთავმოყვარეობაც უნდა აჩვენო, ანუ მატერიალურადაც უნდა დაკარგო და მორალურადაც უნდა განადგურდე. და რა, კობახიძეს ნაკლები ბედი ელოდება. ბიძინასთვის ადამიანი საერთოდ არ არსებობს, ეს არის რესურსი, რომელსაც იყენებს. ახლა შევიდა ფაზაში, როდესაც სისტემას შესაძლოა სტაბილურობა დაეკარგა, ამიტომ მივიდა და უთხრა - "მოვრჩიო“, მაგრამ სინამდვილეში არაფერსაც არ მორჩენილა. კომპრომატები გროვდება“,- განაცხადა გია ხუხაშვილმა.

  • რაც შეეხება ყოფილ პრემიერ-მინისტრს, ირაკლი ღარიბაშვილს, გია ხუხაშვილი აცხადებს, რომ ირაკლი ღარიბაშვილის თავს ის ხდება, რასაც ის სხვას უკეთებდა.

"ღარიბაშვილი ტრაგიკული ადამიანია, სისულელეებს ბოდავს. ბოდიში, მაგრამ ეს ის კაცია, რომელიც სხვებს იმას უკეთებდა, რასაც ახლა მას უკეთებენ. ბიძინას ეპრანჭება და ბიძინას ნამუსზე აგდებს აბსოლუტურად სულელურად“, - განაცხადა გია ხუხაშვილმა. პოლიტოლოგმა ასევე საბოტაჟის ბრალდებით "ასავალ-დასავალის“ ჟურნალისტის, დიტო ჩუბინიძის დაკავებაც შეაფასა. მისი თქმით, დიტო ჩუბინიძის დაკავება ამ ბრალით აბსურდულია. "დიტო ჩუბინიძეზე მაღალი აზრის არ ვარ, მაგრამ მისი დაკავება ამ მიზეზით აბსურდია. ცილისწამებაში რეციდივისტია, მაგრამ ახლა რაც მის თავს ხდება, აბსოლუტური გაუგებრობაა.რაზე დაიჭირეს ჩუბინიძე? რომ ცილი დასწამა კობახიძეს რაღაცაში. მთელი "ქართული ოცნება“ გადმომდგარი რომ იყო და სააკაშვილს ბრალს რომ სდებდა დავით-გარეჯის გაყიდვაში, ახლა რა ვქნათ? მთელი ხელისუფლება იდგა მიკროფონებთან და საუბრობდა, თუ როგორ მიყიდა სააკაშვილმა გარეჯი აზერბაიჯანს, მტკიცებით ფორმაში - "იმან მიყიდა და ჩვენ ვიბრუნებთო“. ბიძინას ახლა სჭირდება, რომ კობახიძეს რაც შეიძლება დიდი ცოდვა აკიდოს. ასე თამაშობს ბიძინა. მდინარაძის არდაჭერით კობახიძეს ვალი დაადო და ამას მოსთხოვს მაშინ, როცა კობახიძის დრო მოვა და როცა გადაწყვეტს, რა ტიპის პრემიერ-მინისტრი სჭირდება“,- განაცხადა გია ხუხაშვილმა.

  • რაც შეეხება პარტიების აკრძალვასთან დაკავშირებით საკონსტიტუციო სასამართლოში მიმდინარე პროცესებს, გია ხუხაშვილი აცხადებს, რომ კედელთან არგუმენტებით საუბარი არ შეიძლება, რადგან ყველაფერი უკვე "გაიასნებულია“.

"ეს პოლიტიკური დავალების შესრულებაა. ფაქტობრივად, ბიძინამ თეოკრატია დაამყარა, ანუ უზენაესი ნებით, "ღმერთის ნებით“ წყდება ყველა საკითხი. როგორ შეიძლება ტექნიკურ დავაში შესვლა? წამგებიან მდგომარეობაში დგებიან. ვის ეპრანჭებიან?! ხელისუფლების მომხრეც კი ამათ კომპეტენტურ რიტორიკაში მხოლოდ სისუსტეს ხედავს.იქ [საკონსტიტუციო სასამართლოში] ომი უნდა იყოს! აუქმებენ ქვეყნის მომავალს, ეს პოლიტიკური პროცესია და არა სამართლებრივი. კედელთან არგუმენტებით საუბარი შეიძლება? ყველაფერი "გაიასნებულია“. სტერილიზებულია საკონსტიტუციო სასამართლო, 2-3 ადამიანი ენთო იქ და ისინიც აღარ არიან. შეიძლება იქ ბევრს დანაშაული აქვს ჩადენილი, მაგრამ ეს სისხლის სამართლის დანაშაულია. რა შუაშია საკონსტიტუციო? კარგი, ერთმა გახარიამ დანაშაული ჩაიდინა, მაგრამ პარტია რა შუაშია?ოპოზიციამ ელემენტარულად ვერ მოახერხა, რომ როცა შეჩერდა ევროკავშირთან მოლაპარაკებები და კონსტიტუციური მოთხოვნა დაირღვა, ოპოზიციაში კაცი არ აღმოჩნდა, რომ საკონსტიტუციო დავის ორგანიზება მოეხდინა. თუნდაც პოლიტიკურად აგორებული, შესაძლოა სასამართლოს არც მიეღო განსახილველად. ოპოზიცია არაპოლიტიკურია. მათ პოლიტიკაზე სწორი წარმოდგენა არ აქვთ, არ არიან პოლიტიკოსები. 25-ში აქციაა, ღმერთმა ხელი მოუმართოთ, მეც მივალ, მაგრამ ქვეყანა კრიტიკულ ზღვარზეა. ლიდერები გვჭირდება, რომლებიც პროცესის ადეკვატურები იქნებიან. სამართლებრივ პოლემიკას რა აზრი აქვს. ქვეყანა იქცევა და შუამდგომლობებს აყენებენ, რომ პროცესი გადაიდოს, ეს ადეკვატურია?“- განაცხადა გია ხუხაშვილმა.