ავტორი:

"ხელშეუხებელია და მოსახლეობისთვის ღიად რჩება რეკრეაციული ზონა" - განახლებული არქიტექტურული ობიექტი, ახალი საგამოფენო პავილიონი, ახალი რეკრეაციული ზონა - რესან ქიქავა ექსპო ჯორჯიას გაახლების პროექტზე

"ხელშეუხებელია და მოსახლეობისთვის ღიად რჩება რეკრეაციული ზონა" - განახლებული არქიტექტურული ობიექტი, ახალი საგამოფენო პავილიონი, ახალი რეკრეაციული ზონა - რესან ქიქავა ექსპო ჯორჯიას გაახლების პროექტზე

"ექსპო ჯორჯიას" ხელმძღვანელი, რესან ქიქავა დეტალურად აღწერს იმ გეგმას, რომლის განხორციელებაც "ექსპო ჯორჯიას" გაახლებისთვის იგეგმება.

"უპირველეს ყოვლისა, დიდი მადლობა ყველა გულშემატკივარს. პატივს ვცემ თითოეული თქვენგანის პოზიციას და აქვე მინდა გაგაცნოთ როგორც ზუსტი ინფორმაცია, ასევე ჩემი ისტორია და შეხედულება ექსპოს განვითარების პროექტთან დაკავშირებით. ათი წელია ექსპოს ვხელმძღვანელობ და ვფიქრობ, ხვდებით, რა ემოციები მაკავშირებს ამ სივრცესთან. ასევე ვინც მიცნობს, კარგად იცის ჩემი ღირებულებები და პრინციპულობა.

მთელი ამ ხნის განმავლობაში, პარტნიორებთან და ჩემს გუნდთან ერთად, მცდელობა არ დამიკლია, შემენარჩუნებინა და კეთილმომეწყო საგამოფენო ცენტრი იმ ფორმით, როგორითაც დღეს მას ხედავთ და ასევე მეზრუნა “ექსპოჯორჯიას", როგორც ორგანიზაციის განვითარებაზე, რაც ჩვენი კომპანიის შედეგებში კარგად ჩანს. ორგანიზაციული წარმატების და ზოგადი ინფრასტრუქტურული მიზნების მიღწევის მიუხედავად, ყოველთვის გამოწვევა იყო ისტორიული სივრცეების მნიშვნელოვანი ნაწილის გადარჩენა, რომელიც საჭიროებდა და საჭიროებს დაუყოვნებლივ ფუნდამენტურ განახლებას, რისი რესურსიც კომპანიას არ გააჩნდა და არ გააჩნია დღესაც.

გარდა ამისა, ექსპოჯორჯიას, როგორც გამოფენების მართვის კომპანიას, დიდი ხანია სჭირდება უფრო დიდი საგამოფენო ინფრასტრუქტურა, უფრო მეტი და მასშტაბური საერთაშორისო პროექტების მოზიდვის და დანერგვის უზრუნველსაყოფად. ამ მიზნით, წინა მფლობელებთან ერთად, ათი წლის განმავლობაში, ვცდილობდით მოგვეძებნა ისეთი პარტნიორი, ვისთვისაც კომერციულ ინტერესთან ერთად, მისაღები იქნებოდა ექსპოს ისტორიული არქიტექტურული მემკვიდრეობის განახლება, მისი საზოგადოებრივი ფუნქციის შენარჩუნება და ამავდროულად, საგამოფენო ინფრასტრუქტურის განვითარება.

  • სამწუხარო ქართული ბიზნეს რეალობიდან გამომდინარე, რა წინადადებებს ვიღებდით, ან რაზე აქვთ წინა პარტნიორებს უარი ნათქვამი, ამაზე აქ არ დავწერ, მაგრამ შეგიძლიათ წარმოიდგინოთ.

სითიზენი გამოჩნდა ორი წლის წინ და ითავა ყველა ზემოხსენებული პირობის შესრულება. შესაბამისად, პარტნიორების შეთანხმებით, დაახლოებით ორი წლის წინ გამოფენების ცენტრს შეეცვალა მფლობელი. ახლახან სითიზენმა დაანონსა ექსპოჯორჯიას განახლების და განვითარების პროექტი, რომლის მიხედვითაც:

- ხელშეუხებელია ყველა საგამოფენო პავილიონი

- ხელშეუხებელია და მოსახლეობისთვის ღიად რჩება რეკრეაციული ზონა

- სრულად განახლდება ყველა არქიტექტურული ობიექტი, იქნება ეს პავილიონი, ორანჟერეა, ქანდაკება, ბარელიეფი, თუ მოზაიკა

- განახლდება არსებული რეკრეაციული სივრცე და მას დაემატება 10 000 კვ.მ. (საზოგადოებისთვის ასევე ღია) რეკრეაციული ზონა

- აშენდება სრულიად ახალი საგამოფენო პავილიონი, რომელიც ექსპოჯორჯიასთვის არსებულ საგამოფენო მოცულობას გაზრდის სამმაგი ოდენობით.

- მოეწყობა საპარკინგე სივრცეები მიწისქვეშ, რაც ტერიტორიას სრულად გაათავისუფლებს ავტომობილებისგან.

ყოველივე ზემოხსენებულის უზრუნველსაყოფად და კომერციული ინტერესიდან გამომდინარე, კომპანიამ დააანონსა რამდენიმე პროექტის განხორციელება, საგამოფენო ცენტრის მხოლოდ გარე პერიმეტრზე, კერძოდ, სამტრედიის და სტანისლავსკის ქუჩების მხარეს (რომელიც რამდენად არის არქიტექტურულად, ან ესთეტიკურად რამე ღირებულების მატარებელი, შეგიძლიათ თავად შეაფასოთ).

პროექტები მოიცავს "სითი-მოლის" მსგავსი სავაჭრო ცენტრის მშენებლობას სამტრედიის მხარეს, სამი საცხოვრებელი ბლოკით და სასტუმროს მშენებლობას, სტანისლავსკის მხარეს, ორი საცხოვრებელი ბლოკით. ამ გეგმებიდან გამომდინარე, გასააზრებელია, რეალურად რისი დათმობა უწევს საზოგადოებას და რისი არა და ამის საპირწონედ, რა სიკეთის მოტანა შეუძლია საზოგადოებისთვის ყველაფერ ზემოხსენებულს.

როგორ აისახება ამ პროექტის განხორციელება ექსპოჯორჯიაზე, მის ინფრასტრუქტურაზე, ისტორიულ ძეგლებზე, სივრცის კეთილმოწყობაზე, პარკზე, ასევე როგორ აისახება ასეთი მიზიდულობის ცენტრის გაჩენა ადგილობრივი მოსახლეობის ცხოვრების ხარისხზე, მათი უძრავი ქონების ფასებზე, სამუშაო ადგილებზე და ა.შ.კიდევ ერთხელ ვიმეორებ, ნებისმიერ ადამიანს შეიძლება ჰქონდეს ამ გეგმის განსხვავებული შეფასება, რომელსაც არსებობის იგივე უფლება აქვს, როგორც ჩემსას.

ჩემთვის ასევე გასაგებია ის უნდობლობა, რომელიც არსებობს საზოგადოებაში მსგავსი პროექტების და ზოგადად კერძო კომპანიების მიმართ.

ჩემი პოზიცია ეყრდნობა იმის გააზრებას, თუ რამდენად უფრო მნიშვნელოვანი იქნება ამ პროექტის განხორციელება, როგორც ადგილობრივი, ასევე ქალაქის მოსახლეობისთვის და საგამოფენო ნაწილში - ქვეყნისთვისაც, ვიდრე ამ სივრცის უცვლელად დატოვება.

და ასევე ეყრდნობა პირად მეგობრობას (შესაბამისად ცოდნას) და პატივისცემას ამ პროექტის განმახორციელებელი ადამიანების მიმართ, რომელთა ზრახვებში და მათ სიტყვებში ეჭვის შეტანის საფუძველი მე არ გამაჩნია", - წერს რესან ქიქავა.