"ამერიკელ ნოსტრადამუსად“ წოდებული ჯონ ჰოუგის შემზარავი წინასწარმეტყველების თანახმად, 2028 წლამდე შესაძლოა ბირთვული დარტყმების სერია, აშშ-ის ეკონომიკური კოლაფსი და 27-წლიანი გამანადგურებელი ომი დაიწყოს.
ჯონ ჰოუგი, რომელიც უკვე ოთხი ათწლეულია უძველეს წინასწარმეტყველებებს სწავლობს, ამტკიცებს, რომ კაცობრიობა აპოკალიფსის ზღვარზეა. მისი პროგნოზით, მომდევნო წლებში შესაძლოა სამი ბირთვული დარტყმა განხორციელდეს, აშშ-ის ეკონომიკა ჩამოიშალოს, ხოლო მსოფლიო 27-წლიან დამანგრეველ ომში ჩაეფლოს.
ჰოუგი ფრანგი წინასწარმეტყველის, მიშელ დე ნოტრ-დამის, იგივე ნოსტრადამუსის, ნაშრომებს იკვლევს და მათ საფუძველზე საკუთარ პროგნოზებს აკეთებს.

The Sun-თან ექსკლუზიურად გაზიარებულ უახლეს ანგარიშში ამერიკელი მისტიკოსი აფრთხილებს, რომ ბირთვული კატასტროფის საფრთხე ყოველწლიურად იზრდება.
"ტრამპი ირანის წინააღმდეგ ბირთვული დარტყმის განხორციელებასთან დაკავშირებით 50/50-ზეა. ეს საფრთხის ახალი მოდელია, რომლის შესახებაც დიდი ხანია ვაფრთხილებ.
როდესაც დასავლეთის, განსაკუთრებით კი ამერიკის, ჩვეულებრივი შეიარაღების მარაგები ამოიწურება, ომების გასაგრძელებლად მხოლოდ ტაქტიკური, შემდეგ კი სტრატეგიული, კონტინენტთაშორისი ბირთვული იარაღის დიდი მარაგები დარჩება“, - აცხადებს ჰოუგი.
მისი თქმით, ირანში მდებარე მიწისქვეშა ბირთვული ობიექტები, მათ შორის მთა "კირკაპი“ (Mount Pickaxe), შესაძლოა დაპირისპირების ერთ-ერთ მთავარ კერად იქცეს. ჰოუგის ვარაუდით, ტრამპმა შესაძლოა მიწისქვეშა სამიზნეების გასანადგურებლად მიწაში შემღწევი ბირთვული ქობინები გამოიყენოს.
წინასწარმეტყველი აფრთხილებს, რომ ასეთ დარტყმას მთელ მსოფლიოში დაუყოვნებლივი და კატასტროფული საპასუხო მოქმედებები მოჰყვება.

მისი პროგნოზით, არაბეთის ზღვაში ამერიკულ სამხედრო ხომალდებს ირანის სასიკვდილო რაკეტები და ჩრდილოეთ კორეის თავდასხმის დრონები ამოიღებენ მიზანში.
ჰოუგის აზრით, ავიამზიდები შესაძლოა სერიოზულად დაზიანდეს ან ჩაიძიროს, რასაც ათასობით მეზღვაურისა და საზღვაო ქვეითის სიცოცხლე შეეწირება.
მისი გაფრთხილებით, ესკალაციამ შესაძლოა 2028 წლისთვის კაცობრიობას თავზე დამოკლეს "ბირთვული მახვილი“ დაატეხოს.
კიდევ ერთი შემზარავი პროგნოზის თანახმად, მსოფლიო შესაძლოა 27-წლიან ომში აღმოჩნდეს, რომელიც ადამიანურ ცივილიზაციას ხანგრძლივ ბნელ ეპოქაში ჩაძირავს.

ჰოუგი ნოსტრადამუსის მე-16 საუკუნის წინასწარმეტყველებებს ეყრდნობა და ყურადღებას ამახვილებს იდუმალ ფიგურაზე, რომელსაც "მაბუსის“ სახელით მოიხსენიებენ. წინასწარმეტყველის ინტერპრეტაციით, ის მესამე ანტიქრისტეა.
ნოსტრადამუსის წინასწარმეტყველების თარგმნილ მონაკვეთში ნათქვამია:
"მესამე ანტიქრისტე ძალიან მალე განადგურდება, მისი ომი 27 წელს გასტანს. ერეტიკოსები დაიხოცებიან, ტყვედ ჩავარდებიან და გადაასახლებენ. ადამიანის სხეულები სისხლით იქნება დაფარული, წყალი გაწითლდება, სეტყვა კი დედამიწას გაანადგურებს“.
ჰოუგი ამტკიცებს, რომ მან "მაბუსის“ იდუმალი სახელი გაშიფრა და მიიჩნევს, რომ ის საუდის არაბეთის ტახტის მემკვიდრეს, მუჰამედ ბინ სალმანს, უკავშირდება, რომლის სახელის ინიციალებია MBS.
მისი ინტერპრეტაციით, წინასწარმეტყველება ამ ფიგურის უეცარ სიკვდილს გულისხმობს. ჰოუგის ვარაუდით, ეს შესაძლოა მოულოდნელი მკვლელობის, სასახლის გადატრიალების ან აფეთქებით გამოწვეული ავიაკატასტროფის შედეგად მოხდეს.
წინასწარმეტყველის მტკიცებით, ამ ადამიანის სიკვდილი 27-წლიან ომს გამოიწვევს, რომელიც შესაძლოა ბირთვულ დაპირისპირებაშიც გადაიზარდოს და საბოლოოდ დასავლეთ აზიაში ნავთობის, ჰელიუმისა და ბუნებრივი აირის მრეწველობა გაანადგუროს.
კონფლიქტი გლობალურ ენერგეტიკულ ქსელებს, ნავთობსადენებსა და ახლო აღმოსავლეთის გაზის ინდუსტრიას დააზიანებს. მისი პროგნოზით, შედეგად მსოფლიო შესაძლოა მეოთხედ საუკუნეზე მეტი ხნის განმავლობაში შიმშილის, წყურვილისა და ქაოსის წინაშე აღმოჩნდეს.

"ეს მსოფლიოს ენერგეტიკულ კატასტროფაში ჩააგდებს, რომელიც ადამიანებისა და ცხოველების ცხოვრებას დაანგრევს. კრიზისი მაბუსის, ანუ MBS-ის, აფეთქებით განადგურებიდან 27 წლის განმავლობაში არ შეწყდება“, - აცხადებს ჰოუგი.
თანამედროვე წინასწარმეტყველი ევროპაში ნატოსა და რუსეთს შორის მზარდ დაპირისპირებაზეც საუბრობს და აცხადებს, რომ ვითარება დღითიდღე მძიმდება.
მისი პროგნოზით, უკრაინაში ევროპის ქვეყნების პირდაპირი ჩარევის მცდელობამ შესაძლოა რუსეთის მხრიდან ევროპული იარაღის მწარმოებელ ქარხნებზე დამანგრეველი ჰიპერბგერითი დარტყმები გამოიწვიოს.
ჰოუგის შეფასებით, ამას შესაძლოა ტაქტიკური ბირთვული იარაღის გამოყენება მოჰყვეს, რის შედეგადაც რეგიონული ომი მესამე მსოფლიო ომში გადაიზრდება.
ჯონ ჰოუგის წინასწარმეტყველებების ბოლო ნაწილი ამერიკის შეერთებული შტატების, როგორც გლობალური ზესახელმწიფოს, დაცემას შეეხება. მისი რწმენით, ამერიკული იმპერიის მიერ დასავლეთის დაახლოებით 500-წლიანი დომინირების ეპოქა დასასრულს უახლოვდება და აშშ 2028 წლისთვის ჩამოიშლება.

ჰოუგი 2026 წლის სექტემბრიდან 2028 წლის სექტემბრამდე პერიოდს ასტროლოგიურ 24-თვიან ციკლს უკავშირებს, რომელსაც "შოფარის სიჩუმეს“ უწოდებს. მისი მტკიცებით, ამ პერიოდში აშშ კარმული კოლაფსის წინაშე აღმოჩნდება, რომელიც გადამწყვეტი და შეუქცევადი იქნება.
ამერიკაში ეკონომიკა მთლიანად ჩამოიშლება. ეს პროცესი საწვავის ფასების მკვეთრი ზრდით, დიზელის მწვავე დეფიციტითა და დამანგრეველი ინფლაციით იქნება გამოწვეული.
ჰოუგი ასევე მიუთითებს პოლიტიკურ არასტაბილურობაზე, მზარდ სახელმწიფო ვალზე და დონალდ ტრამპის გამყოფ პოლიტიკურ ლიდერობაზე. მისი აზრით, ამ ფაქტორების ერთობლიობა აშშ-ს გლობალურ გავლენას დააკარგვინებს.
ჰოუგი 2028 წლის 11 სექტემბერს, აშშ-ში 2001 წლის 11 სექტემბრის ტერორისტული თავდასხმების წლისთავსაც ასახელებს და ამ დღეს "იმპერიული ამერიკის ჩამოშლას“ უკავშირებს. მიუხედავად მძიმე პროგნოზებისა, ჰოუგი ამტკიცებს, რომ მისი მიზანი კაცობრიობისთვის განგაშის ატეხაა. მას იმედი აქვს, რომ ეს გაფრთხილებები ადამიანებს ძალადობაზე უარის თქმისა და მშვიდობის არჩევისკენ უბიძგებს.