ავტორი:

"დიტო ჩუბინიძის საკითხი ძალიან მნიშვნელოვანია. ადრე საბოტაჟის მუხლი ასე ადვილად არ გამოიყენებოდა პროკურატურის მიერ..." - კახა კახიშვილი

"დიტო ჩუბინიძის საკითხი ძალიან მნიშვნელოვანია. ადრე საბოტაჟის მუხლი ასე ადვილად არ გამოიყენებოდა პროკურატურის მიერ..." - კახა კახიშვილი

ადრე საბოტაჟის მუხლი ასე ადვილად არ გამოიყენებოდა პროკურატურის მიერ, ახლა რაღაც ახალ სამართლებრივ მექანიზმთან გვაქვს საქმე. საბოტაჟი უნდა დაამტკიცო, ამ საქმეში კი ჩვენ მხოლოდ აბსტრაქციას ვხედავთ, - ამის შესახებ "ქართული ოცნების“ ყოფილმა დეპუტატმა კახა კახიშვილმა "პალიტრანიუსის“ გადაცემაში "360 გრადუსი“ "ასავალ-დასავალის“ ჟურნალისტის, დიტო ჩუბინიძის პატიმრობასთან დაკავშირებით საუბრისას განაცხადა.

კახიშვილის ვარაუდით, აღნიშნული საქმე სასამართლოში არსებით განხილვამდე არ მივა, რადგან პროკურატურას ჩუბინიძისთვის ყველა ფაქტორის დამტკიცება მოუწევს, რაც ძალიან რთული საქმეა.

იურისტის თქმით, პროკურატურას ექნება მოლოდინი, რომ საქმე საპროცესო შეთანხმებით დასრულდება.

"დიტო ჩუბინიძის საკითხი ძალიან მნიშვნელოვანი საკითხია. ადრე საბოტაჟის მუხლი ასე ადვილად არ გამოიყენებოდა პროკურატურის მიერ. ახლა რაღაც ახალ სამართლებრივ მექანიზმთან გვაქვს საქმე, როდესაც საბოტაჟის მუხლით ხდება ადამიანის გასამართლება.

მოგეხსენებათ, 1999 წელს სამშობლოს ღალატი მიბმული იყო სახელმწიფოს წინააღმდეგ მიმართულ დანაშაულზე. 2007 წელს გაუქმდა და სამშობლოს ღალატი ამოღებულ იქნა და 2025 წლის 1-ელ აპრილს კვლავ შევიდა პარლამენტის მიერ მიღებული რეგულაციები ძალაში. ახლა სამშობლოს ღალატი ისევ ებმება სახელმწიფოს წინააღმდეგ მიმართულ მუხლებს, მაგრამ მეორე საკითხია, რომ თავად საბოტაჟი უნდა დაამტკიცო. მაგალითად საფრანგეთისა და საქართველოს მოდელი საბოტაჟთან მიმართებაში შეიძლება ერთი შეხედვით ერთნაირი იყოს, მაგრამ საფრანგეთში საბოტაჟი რომ დაგიმტკიცონ, აუცილებლად მოქმედება უნდა იყოს შენი ანუ შენ შენი მოქმედებით, პირობითად, გააფუჭე ინტერნეტ-კავშირი, რომელმაც სახელმწიფო სახელმწიფოს რაიმე ტიპის ზიანი მოუტანა. აქ ჩვენ ვხედავთ, რომ უბრალოდ აბსტრაქციაა, რომ მან თავისი მოქმედებით შეასუსტა სახელმწიფოს ინსტიტუტი, მაგრამ რა სახელმწიფო ინსტიტუტი შეასუსტა, როგორ შეასუსტა, რით იყო გამოწვეული, სად არის მიზანმიმართული კავშირი მის ინტერვიუსა და სახელმწიფო ინსტიტუტს შორის. მე გავიგე, რომ კომისიის წევრებმა მისცეს ჩვენებები, მაგრამ ესეც დასამტკიცებელია, რომ ამ ინტერვიუს შედეგად შეეშალა ხელი კომისიას თუ უბრალოდ შეშლილი ჰქონდა და ეს ინტერვიუ მიება. მე პირადად არ მჯერა, რა განცხადებებიც არის ამ ინტერვიუში, რომ თითქოს ირაკლი კობახიძემ ჩააბარა გარეჯი, ეს უბრალოდ აბსურდია და ირაკლი კობახიძე ამას ვერანაირად ვერ იზამდა, ამის სურვილიც რომ ჰქონოდა. დარწმუნებული ვარ, რომ არც ჰქონდა ამის სურვილი, მაგრამ ვერც იზამდა, მაგრამ მეორეა, რომ ინტერვიუ სახეზე იყო და ჟურნალისტს ვერ აუკრძალავ ამ ინტერვიუს გამოქვეყნებას იმიტომ, რომ რაღაც საფრთხეს წარმოადგენს. თუ მას საბოტაჟის ბრალს უყენებ, მაშინ უნდა დაამტკიცო, კონკრეტულად მხოლოდ ინტერვიუს ფარგლებში ედავები საბოტაჟს თუ ინტერვიუს გარდა, მან კიდევ რაიმე ტიპის მოქმედება ჩაიდინა, რომელიც საბოტაჟს უკავშირდება და ამით ქვეყნის ინსტიტუციები შეასუსტა.90%-ით დარწმუნებული ვარ, რომ ეს საქმე სასამართლოში არსებით განხილვამდე არ მივა. ჩემი აზრით, აქ უბრალოდ აღკვეთის ღონისძიების სახით პატიმრობა იყო შეფარდებული, ადამიანისთვის კი პატიმრობა რთულია და, შესაბამისად, მოლოდინი იქნება საპროცესო შეთანხმებაზე იმიტომ, რომ სხვა შემთხვევაში, არსებით განხილვაზე პროკურატურას მოუწევს ამ ყველა ფაქტორის დადასტურება, სასამართლომ კი განაჩენი უნდა დაასაბუთოს. ამ ყველაფრის დადასტურება და შემდეგ განაჩენში ამის ასახვა ძალიან რთული იქნება. ჩემი ვარაუდით, პროკურატურა იმის მოლოდინში იქნება, რომ რამენაირად საპროცესო შეთანხმებით დასრულდეს ეს საქმე”, - განაცხადა კახიშვილმა.