საქართველოს ეროვნული ნაკრებისა და თბილისის "დინამოს“ ყოფილი კაპიტანი გიორგი ნემსაძე დღეს, 24 ოქტომბერს, დაკრძალეს. ვეტერან ფეხბურთელს სამების საკათედრო ტაძარში გამოემშვიდობნენ. ტაძრიდან მისი ცხედარი ტაშის ფონზე გამოასვენეს.
სამების ტაძარში გადაღებულ ფოტოებზე ჩანს, როგორ მიაცილებენ უკანასკნელ გზაზე გიორგი ნემსაძეს კოლეგები და ქართული ფეხბურთის წარმომადგენლები.

გამოსამშვიდობებელ ცერემონიას ესწრებოდნენ ალექსანდრე ჩივაძე, კახი ცხადაძე, თბილისის მერი კახა კალაძე, ძმები არველაძეები, ზურა ხიზანიშვილი და სხვა ცნობილი ვეტერანი ფეხბურთელები. იქ შეკრებილმა ადამიანებმა პატივი მიაგეს ფეხბურთელს, რომელსაც საქართველოს ეროვნული ნაკრებისა და თბილისის "დინამოს“ შემადგენლობაში მნიშვნელოვანი წლები აქვს გატარებული.

გიორგი ნემსაძე მიმდინარე წლის 21 ოქტომბერს, 54 წლის ასაკში გარდაიცვალა. სიცოცხლის ბოლო პერიოდში ის საქართველოს 18-წლამდელთა საფეხბურთო ნაკრების მთავარი მწვრთნელის პოსტს იკავებდა.

ნემსაძე სხვადასხვა დროს თბილისის "დინამოში“, ლანჩხუთის "გურიაში“ და თბილისის "შევარდენში“ თამაშობდა. მისი კარიერა საქართველოს ფარგლებსაც გასცდა - ფეხბურთელი გამოდიოდა გერმანულ "ჰამბურგში“, თურქულ "ტრაბზონსფორში“, შვეიცარიულ "გრასჰოპერსში“ და იტალიურ "რეჯანაში“. ის ასევე იყო შოტლანდიური "დანდის“ კაპიტანი, კარიერა კი თბილისის "დინამოში“ დაასრულა.


საქართველოს ეროვნულ ნაკრებში გიორგი ნემსაძემ 1992-2004 წლებში 69 მატჩი ჩაატარა.