შინაგან საქმეთა სამინისტროს მიმდებარედ, კერძოდ კი შენობის მოპირდაპირე მხარეს, 12 წლის წინ გაუჩინარებული გურამ დადიანიძის ოჯახის წევრები არიან შეკრებილები.
გურამ დადიანიძის დედა, სოფო ბიბილაშვილი საქმის დროულად გამოძიებას ითხოვს. ოჯახი მხარდამჭერებთან ერთად დღეს შინაგან საქმეთა სამინისტროსთან აქციას მართავს.
"ტვ პირველის" ცნობით, მათ გამოჩენას აქციაზე დაპირისპირება მოჰყვა. აქციის მონაწილეების ნაწილმა მამიდას ჰკითხეს, თუ სად იყვნენ ამდენ ხანს და რატომ არ ინტერესდებოდნენ მოზარდის მოძებნით.

დღეს, სრულიად მოულოდნელი იყო [გურამ დადიანიძის მამისა და მამიდის] დანახვა, ისინი შემოუერთდნენ აქციას. თუმცა, მათთან კომუნიკაცია, საუბარი არ მქონია. მზაობას ვაცხადებ, რომ შევხვდები, როგორც მათ, ასევე სხვა პირებს, - ასე გამოეხმაურა ადვოკატი ტარიელ კაკაბაძე შინაგან საქმეთა სამინისტროსთან მიმდინარე აქციაზე გაუჩინარებული გურამ დადიანიძის მამისა და მამიდის მისვლას.
როგორც "ინტერპრესნიუსთან“ საუბარში კაკაბაძე აცხადებს, მათი უმთავრესი მოთხოვნაა, საქმეზე სწრაფი და ეფექტური გამოძიება ჩატარდეს.
"მოგეხსენებათ, ჩვენი შუამდგომლობა, საქმის თბილისში გადმოგზავნასთან და ახალი გამომძიებლების ჩართვასთან დაკავშირებით, დაკმაყოფილდა. ჩვენ გვქონდა შეხვედრა და ნამდვილად გვპირდებიან, რომ მთავარ კითხვებზე პასუხი გაეცემა და საქმეზე შესაბამისი საგამოძიებო მოქმედებები ჩატარდება, რომელთა ჩატარების შედეგადაც, სასურველი შედეგი დაიდება და ქალბატონი სოფო გაიგებს, რა ვითარებაში გაუჩინარდა მისი შვილი. ჩვენ ველოდებით ამ დანაპირების შესრულებას, ველოდებით, რომ ყველა საგამოძიებო მოქმედება ჩატარდება, რომელზეც ვაპელირებდით და არ ჩატარებულა. ველოდებით, რომ შინაგან საქმეთა სამინისტრო ამჯერად მაინც იქნება მოწოდების სიმაღლეზე.
12 წლის განმავლობაში, ქალბატონ სოფოს ატყუებდნენ, არასწორ ინფორმაციებს აწვდიდნენ, ეუბნებოდნენ, რომ საქმეზე გამოძიება მიდიოდა, სინამდვილეში, ეს ტიპური ფორმალობა იყო, რეალურად, ეს გამოძიება არ მიდიოდა. უფრო მეტიც, 3 წლის დაგვიანებით დაიწყეს. 2017 წელს დაწყებული გამოძიება უკიდურესად არაეფექტური იყო, არ მოხდა მტკიცებულებების ამოღება, გამოთხოვა, ექსპერტიზების დანიშვნა და ა.შ. რეალური გამოძიება, 2026 წელს დაიწყო. მაქვს იმედი, რომ შინაგან საქმეთა სამინისტრო შეასრულებს დანაპირებს, რასაც ამ საქმის სწრაფი და ეფექტური გამოძიება ჰქვია“, - აცხადებს კაკაბაძე.
ის ასევე გამოეხმაურა საპროტესტო აქციაზე დადიანიძის მამისა და მამიდის მისვლას.
არაერთი ადამიანი არათუ სიმართლის დადგენით არამედ სიმართლის დადგენის მცდელობის გამო ჩემი კრიტიკით იყო დაკავებული, რამდენიმე მათგანისგან ჩემს მიმართ შეცვლილი პოზიცია ვნახე. კარგი იქნება, თუკი, ყველანი, ხელის შეშლის ნაცვლად, დაიწყებენ თანამშრომლობას. მე ამ საქმეში მხოლოდ კეთილი მიზნებით ვარ ჩართული, რომ გამწარებულ დედას და საზოგადოებას, რომელიც ამ საქმითაა დაინტერესებული, დავეხმარო“, - აცხადებს კაკაბაძე.
უშუალოდ შსს-ის შენობის წინ პოლიციაა განლაგებული.
ცნობისთვის, დადიანიძის დედის ერთ-ერთი მთავარი მოთხოვნა გაუჩინარების საქმის თბილისის პოლიციაში გადმოგზავნა იყო, რაც დაკმაყოფილდა. რაც შეეხება თავად საქმეს, 17 წლის გურამ დადიანიძე 2014 წელს გაუჩინარდა. ის, დუშეთის რაიონის სოფელ ქვემო მლეთაში, ლომისობის დღესასწაულზე ექსკურსიაზე იმყოფებოდა. საქმე დღემდე გაუხსნელად ითვლება, ვინაიდან გურამ დადიანიძის კვალს ვერ მიაგნეს. გაუჩინარებული ბიჭის დედა, სოფო ბიბილაშვილი შვილის პოვნაში დახმარებას დღემდე ითხოვს.