“უკრაინის სამხედრო ძალებმა დაარღვიეს Starlink-ის მომსახურების პირობები და სისტემა ადამიანების დასახოცად დრონებით დარტყმებისთვის გამოიყენეს. ეს ხარვეზი გასულ კვირას აღმოიფხვრა“, - ამის შესახებ კომპანია SpaceX -ის დამფუძნებელი, ილონ მასკი სოციალურ ქსელში წერს.
რაც შეეხება Starshield-ს, ილონ მასკის განმარტებით, ის განსხვავებული სისტემაა, რომელსაც აშშ-ის მთავრობა აკონტროლებს და მისი გამოყენების შესახებ გადაწყვეტილების მიღება მათზეა დამოკიდებული.
“Starlink კვლავ კრიტიკულად მნიშვნელოვანია უკრაინის თავდაცვისთვის, რადგან ამ ეტაპზე ის ერთადერთი სისტემაა, რომლის ჩახშობა ან განადგურება შეუძლებელია. ყოველ შემთხვევაში, ჯერჯერობით ასეა. Starlink-ის გათიშვის შემთხვევაში უკრაინის ფრონტის ხაზი დაუყოვნებლივ ჩამოიშლებოდა. ეს მუქარა არ არის - ეს უბრალოდ ფაქტის კონსტატაციაა”, - წერს მასკი.
მისი თქმით, Starlink-მა გადამწყვეტი როლი შეასრულა იმაშიც, რომ ომის საწყის ეტაპზე რუსეთმა უკრაინის დაპყრობა ვერ შეძლო, რადგან კომუნიკაციის ყველა სხვა საშუალება რუსეთმა გაანადგურა ან ჩაახშო.
“SpaceX-მა უკრაინის დასაცავად შეუდარებლად მეტი გააკეთა, ვიდრე დედამიწაზე არსებულმა ნებისმიერმა სხვა კერძო კომპანიამ. ამასთანავე, უკიდურესი ზიზღის გარდა არაფერს ვგრძნობ იმ ბოროტი, ომის მომხრე ადამიანების მიმართ, რომლებიც „კეთილშობილების დემონსტრირებით“ არიან დაკავებულები, უსასრულო ხოცვა-ჟლეტას უჭერენ მხარს და კონფლიქტის მოგვარების არავითარ რეალისტურ გზას არ გვთავაზობენ. ჯოჯოხეთში დაიწვით! სულ ეს არის“, - წერს მასკი.