აჭარის მთავრობის ყოფილი თავმჯდომარე, თორნიკე რიჟვაძე, პოლიტიკური სცენიდან გაუჩინარების შემდეგ, სავარაუდოდ, საზღვარგარეთ იმყოფება. მას შემდეგ, რაც მან თანამდებობა დატოვა, საზოგადოებაში აქტიურად განიხილება კითხვა თუ სად არის და როგორია მისი ცხოვრება ხმაურიანი ინციდენტების შემდეგ.
თორნიკე რიჟვაძემ აჭარის ავტონომიური რესპუბლიკის მთავრობის თავმჯდომარის პოსტი 2025 წლის აპრილში დატოვა, რის შემდეგაც საჯარო სივრციდან გაქრა. თუმცა, ყველაზე რეზონანსული ფაქტი მოგვიანებით, იმავე წლის 7 ივლისს მოხდა. კახეთში, კერძოდ საგარეჯოს მუნიციპალიტეტში, მეგობრის სახლში სტუმრად მყოფმა თორნიკე რიჟვაძემ, ოფიციალური გამოძიების ვერსიით, ცეცხლსასროლი იარაღით გულმკერდის არეში მიყენებული ჭრილობით თვითმკვლელობა სცადა.
იგი მძიმე მდგომარეობაში კლინიკაში გადაიყვანეს, სადაც ფილტვის დაზიანების გამო მართვით სუნთქვაზე იმყოფებოდა. შინაგან საქმეთა სამინისტრომ გამოძიება თვითმკვლელობამდე მიყვანის მუხლით დაიწყო, ხოლო იარაღის არასწორად შენახვის გამო ბრალი მის მეგობარს წარედგინა. ამ მძიმე ინციდენტის და ჯანმრთელობის აღდგენის შემდეგ, ყოფილმა მაღალჩინოსანმა ოჯახთან ერთად საქართველო დატოვა.
როგორც მალევე გახდა ცნობილი, ის საქართველოდან თურქეთში წაიყვანეს სამკურნალოდ, ხოლო შემდეგ, არსებული ინფორმაციით, ოჯახთან ერთად, გერმანიაში წავიდა.
ჯერ კიდევ მაისში რიჟვაძის მამამ დავით რიჟვაძემ დაადასტურა, რომ აჭარის მთავრობის ყოფილი თავმჯდომარე საზღვარგარეთ რჩება, თუმცა მალე დაბრუნდება საქართველოში და კომენტარსაც გააკეთებს.
გავრცელებული ინფორმაციითა და სოციალურ ქსელში გამოქვეყნებული ფოტოებით, თორნიკე რიჟვაძე ოჯახთან ერთად დიდ ბრიტანეთში, კერძოდ ლონდონში ცხოვრობს. ამ ვერსიას ამყარებს მისი ოჯახის წევრების მიერ გავრცელებული კადრები, სადაც მისი შვილები ლონდონის ერთ-ერთი დაწყებითი სკოლის, Longford-ის სასკოლო ფორმებში არიან გამოწყობილნი.

რიჟვაძე წლების განმავლობაში "ქართული ოცნების" გუნდის ერთ-ერთი გავლენიანი ფიგურა იყო აჭარის რეგიონში. მან აჭარის მთავრობის თავმჯდომარის პოსტი 2018 წელს დაიკავა და ამ პოზიციაზე თითქმის 7 წელი იმუშავა, პროფესიით იურისტი და ენერგეტიკის სფეროს სპეციალისტი, საჯარო სექტორში გამოჩენამდე იყო ენერგეტიკის მინისტრის მოადგილე.
თორნიკე რიჟვაძის სახელს უკავშირდება ბათუმში პალმის კუნძულის მშენებლობის იდეა.
მისი მმართველობის პერიოდი რეგიონში მსხვილ ინფრასტრუქტურულ პროექტებს, თუმცა ამავდროულად ოპოზიციის მხრიდან ხშირ კრიტიკასა და ხმაურიან პოლიტიკურ დაპირისპირებებს უკავშირდებოდა.
იხილეთ ასევე: