ოპოზიციური პარტიებისა და სამოქალაქო საზოგადოების წარმომადგენლები მსვლელობას მართავენ. ისინი რუსთაველის გამზირისკენ მიემართებიან თბილისის სახელმწიფო უნივერსიტეტის ეზოდან, სადაც თავდაპირველად შეიკრიბნენ.
"აქცია არის ახალი ტალღის დასაწყისი და ამ ტალღას ჩემი და ბევრი ადამიანის აზრით, ჰქვია "საქართველო ივანიშვილის გარეშე“, - განაცხადა "კოალიცია ცვლილების“ ლიდერმა ნიკა გვარამიამ.
"დიდება საქართველოს“, "ერთიან, ეროვნულ დამოუკიდებელ საქართველოს გაუმარჯოს“, - სკანდირებენ აქციის მონაწილეები.
ამ აქციის ამოცანა არის კიდევ ერთხელ ვთქვათ, რომ არ შევეგუებით ქართველი ერისგან გამოიყვანონ მორჩილი, მდუმარე ბრბო, რომელიც ბიძინა ივანიშვილის გამდიდრების წყარო იქნება და რომელსაც სამოქალაქო ღირსებას აყრიან, - ამის შესახებ "თავისუფლების მოედნის” ლიდერმა, ლევან ცუცქირიძემ "ინტერპრესნიუსთან” თსუ-ს პირველ კორპუსთან, საპროტესტო აქციის დაწყებისას განაცხადა.
"ეს არის ჩვენი ამოცანა დღეს, რომ შევიკრიბოთ და ვთქვათ, რომ ეს ბრძოლა უნდა გავაგრძელოთ კიდევ უფრო ძლიერი პროტესტით, მაგრამ ასევე კიდევ უფრო ძლიერი პოლიტიკური ორგანიზებით. პროტესტი ძალიან მნიშვნელოვანია. ჩვენ ახლა გვჭირდება კიდევ უფრო ძლიერი, კიდევ უფრო მეტი პოლიტიკური ორგანიზება და აუცილებლად მივაღწევთ იმას, რომ ძალაუფლება ხალხის ხელში დაბრუნდება, რომელიც უსამართლოდ აქვს წართმეული”, - განაცხადა ლევან ცუცქირიძემ.

"დღევანდელი აქცია, პრაქტიკულად, არის კამპანიის დასაწყისი. 28 ნოემბერს დაგეგმილია დიდი და მნიშვნელოვანი აქციის ჩატარება. რაც დღეს ხდება საქართველოში, დემოკრატიის მოშლისა და დესტრუქციის თვალსაზრისით, მართლაც წარმოუდგენელია იმის ფონზე, რომ ჩვენ ვიყავით ჩემპიონი ქვეყანა ევროინტეგრაციის გზაზე და დღეს ვართ აუტსაიდერები, პარტიები იკრძალება და, ფაქტობრივად, პოლიტიკური ცხოვრების შეზღუდვა ხდება, აღარაფერს ვამბობ პოლიტიკურ პატიმრებზე, რომელიც ასევე მნიშვნელოვანი გამოწვევაა, ამიტომ სრულიად ბუნებრივია, რომ ნებისმიერ საზოგადოებაში, რომელსაც ოდნავ პრეტენზია მაინც აქვს, რომ ქვეყანაში დემოკრატიული სივრცე იყოს, იქნება პროტესტი და იქნება ამის გამოხატულება. ამაზე უფრო მშვიდობიანი და დემოკრატიული გამოხატვა ბევრ ქვეყანაში არ არის და დღევანდელი ხელისუფლება მგონი ამას კარგად ვერ ხვდება.
მე მგონია, რომ ეს ყველაფერი ხალხს აწუხებს, ხალხი ამას ხედავს და ეს პროტესტი არ არის რომელიმე პარტიის აქცია. ამ პროტესტის მიზანია, რომ ვიღაცამ მოისმინოს ეს, ვისაც გადაწყვეტილების მიღება შეუძლია და თუ ის არ ისმენს, მაშინ კიდევ უფრო მწვავდება ვითარება, რომელიც ჩვენს საზოგადოებას ნამდვილად არ უნდა. ჩვენ ყველას გვინდა დემოკრატიული და მშვიდობიანი ცვლილება და ამ ცვლილების უფლების წართმევა ხდება დღეს”, - განაცხადა გიგი წერეთელმა.

მისივე თქმით, ახლა ოპოზიციური პარტიების მთავარი ამოცანაა საზოგადოებას დაანახონ ალტერნატივა, რათა შეძლონ ისეთი მშვიდობიანი პროტესტის ორგანიზება, "რომელსაც ივანიშვილის რეჟიმის რეპრესიული აპარატი ვეღარ გაუძლებს“.
"ივანიშვილის რეჟიმს უნდა რეპრესიული მეთოდებით, თავისი მანიპულაციური პროპაგანდის ნიაღვრით შეაგუოს საზოგადოება სახელმწიფოებრიობის დაკარგვას, კორუფციას, ივანიშვილისა და მისი გარემოცვის გამდიდრებას მათი მომავლის ხარჯზე, მარტო დარჩენას რუსეთის პირისპირ, რაც სახელმწიფოებრიობის დაკარგვის ტოლფასია, კატასტროფას განათლებასა და ჯანდაცვაში, ყველაფერში, რაც ხდება.
ჩვენი, მთელი საზოგადოების ამოცანაა, მიუხედავად სხვადასხვა პოლიტიკური სიმპათიებისა, ეს არ დავუშვათ. პარტიების აკრძალვაც ამას ემსახურება, რომ ამას შეაგუოს ხალხი - ეს არ მოხდება. ქართულმა საზოგადოებამ დიდი ხნის წინ გააკეთა არჩევანი და დიდი მსხვერპლი შესწირა იმას, რომ ჩვენ დამოუკიდებელ სახელმწიფოში ვცხოვრობდეთ, სადაც მოქალაქეებს ექვემდებარება ხელისუფლება, სადაც ძალაუფლება არ არის იმისთვის, რომ ერთი კაცი და მისი გარემოცვა მდიდრდებოდეს ჩვენი შვილების მომავლის ხარჯზე.
ამას ემსახურება ეს და 28 ნოემბრის აქციაც, იმ დღეს, რომელზეც მიიტაცა ძალაუფლება და გამოგვიცხადა, რომ უნდა შეგვაგუოს სახელმწიფოებრიობის დაკარგვას, რომ თავისუფალი სახელმწიფო კი არ არის ჩვენი ადგილი, არამედ რუსული ჭაობია, რაც ნიშნავს დამოუკიდებლობაზე უარის თქმას, რასაც შემდეგ რეაქცია მოჰყვა.
ჩვენი, პოლიტიკური ძალების ამოცანაა, საზოგადოებას დავანახოთ დამაჯერებელი ალტერნატივა იმისთვის, რომ იმ ხარისხის მშვიდობიანი პროტესტის ორგანიზება შევძლოთ, რომელსაც ივანიშვილის რეჟიმის რეპრესიული აპარატი ვეღარ გაუძლებს, არსებითად ისე, როგორც ეს მოხდა 36 წლის წინ საბჭოთა რუსული რეჟიმის წინააღმდეგ, რათა მოვიპოვოთ ვითარება, როცა თავისუფალი არჩევნები შესაძლებელი იქნება“, - განაცხადა გიგა ბოკერიამ