დომინიკის რესპუბლიკის სამი მოქალაქე რუსეთის ხელისუფლებისგან შველას ითხოვს. მათი თქმით, ისინი რუსეთში დასაქმების ცრუ დაპირებით ჩაიყვანეს, შემდეგ კი უკრაინასთან ომში, უშუალოდ საბრძოლო მოქმედებების ზონაში გაგზავნეს.
გასულ კვირას სოციალურ ქსელში გავრცელებულ ვიდეოში სამმა მამაკაცმა, რომელთა ვინაობაც არ სახელდება, განაცხადა, რომ ისინი რუსეთის არმიაში გაიწვიეს და მიმდინარე ომის ფრონტის ხაზზე გაგზავნეს: "მოგვატყუეს. ის, რომ ვიცოდით სადაც ვყოფდით თავს, სიმართლეს არ შეესაბამება. აქ შრომითი ხელშეკრულების საფუძველზე ჩამოგვიყვანეს - სამუშაოდ",- განაცხადა ერთ-ერთმა მამაკაცმა.

დომინიკელმა მამაკაცებმა არ ისაუბრეს იმაზე, თუ რამდენი ხანია რაც რუსეთის წამოწყებულ ომში იბრძვიან ან გაიარეს თუ არა რაიმე სახის მომზადება. მათ არც ის დაუკონკრეტებიათ, თუ რა სახის სამსახურს დაჰპირდნენ რუსეთში.
დომინიკელმა მამაკაცებმა განაცხადეს, რომ, საშუალოდ, ყოველი 100 ჯარისკაციდან საბრძოლო დავალებას მხოლოდ ორი თუ გადაურჩება ხოლმე ცოცხალი.
ვიდეოში ერთ-ერთმა ჯარისკაცმა განაცხადა, რომ პერუდან, პანამიდან და ინდოეთიდან ჩასული მებრძოლები ფრონტის ხაზებიდან უკვე გამოიყვანეს და სამშობლოში დააბრუნეს. მანამდე პანამის საგარეო საქმეთა სამინისტრომ უზრუნველყო 17 პანამელის დაბრუნება, მათ შორის იმ 11 პირის, რომლებიც რუსეთის მხარეს იბრძოდნენ; პერუმ კი სამშობლოში 50 მოქალაქე დააბრუნა, მათ შორის ოთხი ახალგაზრდა, რომლებმაც რუსული საწვრთნელი ცენტრიდან გაქცევა მოახერხეს. აგრეთვე, ინდოეთის მთავრობამ რუსეთის არმიაში წასული 139 მოქალაქის გათავისუფლებას მიაღწია.

ვიდეოში ნაჩვენები ჯარისკაცები დომინიკის რესპუბლიკის პრეზიდენტს, ლუის აბინადარს მოუწოდებენ, ანალოგიური ნაბიჯი გადადგას და ისინი სამშობლოში დააბრუნოს.
კარლოს დე პერესმა, რომელიც დომინიკის რესპუბლიკის აღმოსავლეთში მდებარე საკურორტო ქალაქ ლა-რომანას წარმოადგენს, 17 სექტემბერს განაცხადა, რომ ამ რეგიონში მცხოვრებ სულ მცირე 13 ახალგაზრდა მამაკაცს სოციალური ქსელების მეშვეობით დაუკავშირდნენ და რუსეთში მუშაობა შესთავაზეს მზარეულის, შემდუღებლის ან მექანიკოსის პოზიციებზე. თუმცა, როგორც გაირკვა, ეს შეთავაზებები ყალბი იყო.
წყარო: nypost.com
მოამზადა: ანა სიბოშვილმა