ავტორი:

ChatGPT-ის საშუალებით 8 წლის შვილის მკვლელობას გეგმავდა - როგორ ამხილა ხელოვნურმა ინტელექტმა მამა: საზარელი დანაშაულის დეტალები ბრაზილიიდან

ChatGPT-ის საშუალებით 8 წლის შვილის მკვლელობას გეგმავდა - როგორ ამხილა ხელოვნურმა ინტელექტმა მამა: საზარელი დანაშაულის დეტალები ბრაზილიიდან

36 წლის მამაკაცი, რომელიც საკუთარი შვილის მკვლელობის გეგმას ხელოვნურ ინტელექტთან განიხილავდა, პოლიციამ დააკავა. გამოძიების ინფორმაციით, მას ბავშვის თავიდან მოშორება ალიმენტის გადახდის თავიდან ასაცილებლად სურდა. საფრთხის შესახებ პოლიციამ ChatGPT-ის შემქმნელი კომპანიის, OpenAI-ისგან შეიტყო. თუმცა საქმეს მოულოდნელი გაგრძელებაც მოჰყვა - დაკავებული 54 დღის შემდეგ გაათავისუფლეს.

შემთხვევა ჯერ კიდევ ზაფხულში ბრაზილიის ესპირიტუ-სანტუს შტატში მოხდა. 36 წლის ფერმერი დაახლოებით ორი თვის განმავლობაში ChatGPT-სთან ძალადობრივ განზრახვებზე საუბრობდა. მიმოწერის ნაწილი იმდენად საგანგაშო აღმოჩნდა, რომ ხელოვნური ინტელექტის უსაფრთხოების სისტემამ შესაძლო საფრთხე გამოავლინა და კომპანია OpenAI-მ ინფორმაცია აშშ-ის გამოძიების ფედერალურ ბიუროს (FBI) გადასცა.

  • BBC News Brasil-ის მიერ მოპოვებული მასალების თანახმად, მამაკაცი ინტერესდებოდა ტოქსიკური ნივთიერებების მოქმედებით, საუბრობდა საკუთარი 8 წლის შვილის მკვლელობაზე, სხვა ადამიანებზე თავდასხმასა და თვითმკვლელობაზე.

გამომძიებლების ინფორმაციით, მამაკაცს შვილთან ახლო ურთიერთობა არ ჰქონდა და მასთან თითქმის არ კონტაქტობდა. მისი მთავარი ვალდებულება ბავშვისთვის ალიმენტის გადახდა იყო.

საქმის გამომძიებლის, ბრენუ ანდრადეს განმარტებით, სწორედ ფინანსური ვალდებულებისგან თავის დაღწევა შეიძლებოდა ყოფილიყო ერთ-ერთი მოტივი, რის გამოც მამაკაცი შვილის მკვლელობაზე ფიქრობდა.

BBC News Brasil-ის ინფორმაციით, მამაკაცი ChatGPT-სთან საუბარში საკუთარი სიკვდილის შესაძლებლობასაც განიხილავდა. ის ამტკიცებდა, რომ ერთ ადამიანს 50 ათასი ბრაზილიური რეალი შესთავაზა როგორც საკუთარი თავის, ისე 8 წლის შვილის მოსაკლავად. მისივე თქმით, შეთავაზებაზე უარი მიიღო, რადგან საქმე ბავშვის მკვლელობას ეხებოდა.

სხვა შეტყობინებებში მამაკაცი ცდილობდა გაერკვია, რატომ უჩნდებოდა ადამიანების მოკვლის სურვილი. ის წერდა, რომ სხვისი ტანჯვის ყურება სიამოვნებას ანიჭებდა.

გამოძიების ინფორმაციით, მისი აგრესიული განზრახვები მხოლოდ ოჯახს არ ეხებოდა. მამაკაცი ასევე განიხილავდა სკოლებზე, ეკლესიებსა და პოლიციელებზე თავდასხმის შესაძლებლობებს.

  • როგორ აღმოაჩინა ChatGPT-მ საფრთხე?

OpenAI-ის უსაფრთხოების სისტემამ მამაკაცის მიმოწერაში შესაძლო რეალური საფრთხის ნიშნები გამოავლინა. კომპანიამ ინფორმაცია FBI-ს მიაწოდა, რომელმაც ბრაზილიის შესაბამის უწყებებს მიმართა.

2026 წლის 16 ივნისს მონაცემები ბრაზილიის იუსტიციის სამინისტროს კიბერდანაშაულთან ბრძოლის სპეციალიზებულ სამსახურში შევიდა. იქიდან ინფორმაცია შტატის პოლიციას გადაეცა.

გამომძიებლების განცხადებით, საქმე განსაკუთრებით სასწრაფო იყო, რადგან მიმოწერაში ნახსენები თარიღი , 20 ივნისი, ახლოვდებოდა.

მამაკაცი 19 ივნისს, ქალაქ სან-გაბრიელ-და-პალიას სოფლის ტერიტორიაზე დააკავეს, როდესაც სახლიდან გადიოდა.

ამრიგად, დაკავება სავარაუდო დანაშაულის ჩადენამდე ერთი დღით ადრე მოხდა.

  • რა აღმოაჩინეს მამაკაცის სახლში? დაკავების შემდეგ სამართალდამცველებმა ეჭვმიტანილის საცხოვრებელი სახლი გაჩხრიკეს.

პოლიციის ინფორმაციით, სახლში აღმოაჩინეს ოთხი ფლაკონი დაუდგენელი ნივთიერებით და თოკი. გამომძიებლები ვარაუდობდნენ, რომ ეს ნივთები შეიძლებოდა დაკავშირებული ყოფილიყო მამაკაცის მიერ აღწერილ გეგმებთან.

ამოიღეს მისი მობილური ტელეფონიც, რომელიც ექსპერტიზაზე გაგზავნეს.

გამოძიებისთვის განსაკუთრებით მნიშვნელოვანი იყო იმის გარკვევა, ნამდვილად დაუკავშირდა თუ არა მამაკაცი დაქირავებულ მკვლელს, როგორც ამას ChatGPT-სთან საუბარში ამტკიცებდა.

დაკითხვისას მამაკაცმა დაადასტურა, რომ ხელოვნურ ინტელექტთან შესაბამის თემებზე საუბრობდა, თუმცა უარყო შვილის მკვლელობის რეალური განზრახვა.

პოლიცია ცდილობდა დაედგინა, დარჩა თუ არა მისი ქმედებები მხოლოდ საუბრისა და ფიქრის დონეზე, თუ მკვლელობის მოსამზადებლად კონკრეტული ნაბიჯებიც გადადგა.

განაგრძეთ კითხვა