მელანია ტრამპი შესაძლოა, უკრაინაში ვიზიტით ჩავიდეს. ამის შესახებ მან გარკვეული მინიშნებები გააკეთა. ამასთანავე, აშშ-ის პირველი ლედი მადლობას უხდის პაპ ლეო XIV-ს იმ მხარდაჭერისა და ხელის შეწყობისთვის, რაც უკრაინაში ლოკალური ცეცხლის შეწყვეტის შეთანხმების მიღწევისთვის გასწია.
ჟურნალისტებთან ინტერვიუს დროს პირველმა ლედიმ პირველად ისაუბრა ცეცხლის შეწყვეტის შეთანხმებაზე, რომელიც, მისი თქმით, რუსეთსა და უკრაინას შორის ქალაქ ოლეშკის გამო გააფორმა - ქალაქის, რომლის მოსახლეობასაც შიმშილობა ემუქრება.

პრეზიდენტმა ტრამპმა, რომელიც ორ ქვეყანას შორის ხანგრძლივი ცეცხლის შეწყვეტის შეთანხმების მიღწევას ცდილობს, განაცხადა, რომ მისი მეუღლე ამ საქმეს უკეთ უძღვება, ვიდრე მისი პროფესიონალი წარმომადგენლები - სტივ უიტკოფი და ჯარედ კუშნერი:
ტრამპმა არც ის გამორიცხა, რომ მელანია მოლაპარაკებებში ჩაერთოს.
ხერსონის ოლქში მდებარე ქალაქი ოლეშკი ჰუმანიტარული კატასტროფის ზღვარზეა. ფრონტის ხაზიდან დაახლოებით 8 კმ-ის მოშორებით მდებარე ამ ქალაქში, სადაც დაახლოებით 2000 ადამიანი ცხოვრობს, ძირითადად ხანდაზმულები და ბავშვები არიან დარჩენილი და მათ იმდენად უჭირთ, რომ საკვებად ბალახის ჭამაც კი უწევთ.

23 ოქტომბერს მელანია ტრამპმა გააკეთა განცხადება, რომელმაც ბევრი გააოცა: მან ქალაქში ცეცხლის შეწყვეტის შეთანხმებას მიაღწია, რაც მოსახლეობის ევაკუაციისა და ჰუმანიტარული დახმარების მიწოდების საშუალებას იძლევა.
მელანიას ეს ნაბიჯი საერთაშორისო საზოგადოებამ დადებითად შეაფასა, თუმცა გუშინ გაჩნდა კითხვები რომის პაპ ლეო XIV-ს როლთან დაკავშირებითაც - მას შემდეგ, რაც ცნობილი გახდა, რომ პაპმა ზელენსკის და პუტინსაც დაურეკა და ცეცხლის შეწყვეტისკენ მოუწოდა.
"ძალიან კარგია, რომ პაპის მხარდაჭერა გვაქვს. ცეცხლის შეწყვეტა 27 ოქტომბერს ამოქმედდება და იმედი მაქვს, ყველაფერი გეგმის მიხედვით წარიმართება", - განუცხადა პირველმა ლედიმ გამოცემა The Post-ს.

წყარო: nypost.com
მოამზადა: ანა სიბოშვილმა