საქართველოს კათოლიკოს-პატრიარქმა, შიო მესამემ მაღალმთიან აჭარაში საყოველთაო ნათლობა ჩაატარა. პატრიარქი დღეს სხალთის ეპარქიაში იმყოფებოდა და ივერიის ყოვლადწმინდა ღვთისმშობლის ხატის სახელობის ტაძრის ეზოში საყოველთაო ნათლობას აღავლინა. შიო მესამე დღეს 1200-ზე მეტი ადამიანის ნათლია გახდა.
"სასიხარულო და ამაღლებული განწყობა გვაქვს ყველას, რადგან დღეს აქ, ზემო აჭარაში, ინათლება, როგორც შემატყობინეს, უკვე 1200-ზე მეტი ადამიანი. მე უკვე მეორედ მარგუნა წელს პატივი ღმერთმა, რომ აჭარაში ჩამოვსულიყავი და წირვა აღმევლინა თქვენთან ერთად.
დღეიდან კი, როცა ჩვენ მოვნათლავთ ამდენ ადამიანს, მე კიდევ სხვანაირი სიყვარული და მიჯაჭვულობა მექნება აჭარასთან, იმიტომ, რომ ნათლია ვხდები ამდენი ადამიანის. დიდად ვხარობთ, რომ უკანასკნელი ათწლეულების განმავლობაში დაიწყო აჭარელი ხალხის შემობრუნება ჭეშმარიტი სარწმუნოებისკენ. მოგეხსენებათ, ამაში დიდი წვლილი, განსაკუთრებული დამსახურება მიუძღვის სრულიად საქართველოს კათოლიკოს-პატრიარქ ილია მეორეს.
ღმერთმა დაგლოცოთ და გაგაძლიეროთ. ღმერთმა დალოცოს აჭარა, ღმერთმა დალოცოს ყოველი თქვენგანი და დედაღვთისმშობლის ლოცვით და მეოხებით ღმერთმა დალოცოს, გადაარჩინოს და გაამთლიანოს სრულიად საქართველო", - აღნიშნა კათოლიკოს-პატრიარქმა ქადაგებისას.

"მაგრამ პირველყოვლისა, ნათლობის საიდუმლოება ეს არის ეკლესიასთან შეერთება, ეს არის კარი ქრისტეს ეკლესიაში, რომლის გარეშეც სულის ცხონება შეუძლებელია. როგორც ამბობს უფალი იესო ქრისტე: "ვინც არ იშვება სულისაგან და წყლისა, ვერ შევა სასუფეველში“. ნათლობის დროს ხილულად ადამიანი წყლით განიბანება, წყალში ჩადის, შედის, მაგრამ უხილავად იგი განიბანება, განიწმინდება სულიწმიდის მადლით და წყალში ჩასვლით ის თითქოს ქრება და კვდება ამა სოფლისთვის, შემდეგ უკვე ამოდის, კვლავ ცოცხლდება და აღდგება ახალი ღვთივსათნო ცხოვრებისთვის. ადამიანს ეპატიება ყველა ცოდვა მანამდე ჩადენილი. ეპატიება პირველქმნილი ცოდვაც, ურიგდება ღმერთს და თავისუფლდება ბოროტის, ეშმაკის ტყვეობისგან. ხდება ეკლესიის წევრი, განიწმინდება და სრულიად განახლდება.
დღეს მოინათლნენ ასევე ზრდასრული ადამიანებიც და მათ გასაგონად მინდა ვთქვა, რომ ადამიანი როდესაც ინათლება, აუცილებელია, რომ ჰქონდეს რწმენა, რადგან რწმენის გარეშე შესრულდება მხოლოდ გარეგნული მხარე ამ მსახურების, ხოლო უხილავი სულიწმიდის ნიჭები ადამიანს არ მიეცემა და ის ვერ მიიღებს იმ მადლს, რაც ნათლისღებით დადგენილია უფლისგან. ასევე აუცილებელია, ადამიანმა იცოდეს მთავარი დოგმატები ჩვენი ეკლესიისა, რაც არის გადმოცემული სარწმუნოების სიმბოლოში.
დღეს ჩვენ სიხარულს საზღვარი არ აქვს. მახსენდება წმინდა პავლე მოციქულის სიტყვები: "მტკიცე იყვენით და შეურყეველ და მარადის ხმატყვეთ საქმისა უფლისასა“. ე.ი. მუდამ მატულობდეს თქვენში ეს მისწრაფება ღვთისკენ, საქმეები უფლისა. დღევანდელი დღე, დასტურია იმის, რომ ქართველი ხალხი და ჩვენი საყვარელი აჭარლები საკუთრივ, განაგრძობენ ქრისტესკენ სვლას. მთელი ჩვენი ისტორიის გაკვეთილი ადასტურებს იმას, რომ თუ ჩვენ მტკიცედ ვიდგებით და შეურყევლად ჩვენი სარწმუნოების, ეროვნული ფასეულობების საფუძვლებზე, ღმერთი ყოველთვის ჩვენთან იქნება. დედა ღვთისმშობელი ყოველთვის დაგვიფარავს და ჩვენ დავძლევთ ყოველგვარ განსაცდელებს და საქართველო გაძლიერდება, გამთლიანდება.
მინდა, დავლოცო მთელი აჭარა და აქ მობრძანებული ადამიანები, ღმერთმა დალოცოს სრულიად საქართველო და დედა ღვთისმშობლის მეოხებით, ლოცვით გადაარჩინოს, გააძლიეროს და გაამთლიანოს სრულიად საქართველო“ - განაცხადა პატრიარქმა ნათლობის დასრულების შემდეგ.

"თქვენო უწმინდესობავ და უნეტარესობავ, ყოვლადსამღვდელო მეუფენო, პატივცემულო სასულიერო პირებო, ბატონო პარლამენტის თავმჯდომარევ, ბატონო აჭარის ავტონომიური რესპუბლიკის მთავრობის თავმჯდომარევ, ძვირფასო საზოგადოებავ, განსაკუთრებით მინდა მივესალმო ჩვენს ზემოაჭარლებს, ამ მართლაც უნიკალური და განსაკუთრებული კუთხის შვილებს, მცხოვრებლებს და მოგილოცოთ ეს შესანიშნავი დღე. დღეს არის ზეიმით აღსავსე ზემო აჭარა, სადაც ამდენი ადამიანი გახდა ნაწილი ჩვენი მართლმადიდებლური დედაეკლესიის, ნათლობა მიიღო და მართლა უდიდესი ზეიმია თითოეულ ჩვეთაგანში, ხარობს ჩვენი ერი და მთელი ქვეყანა. სიმბოლურია, რომ სწორედ ზემო აჭარაა განსაკუთრებული მხარე და კარიბჭე ქრისტიანობისა. სწორედ აქ იყო ანდრია პირველწოდებულისა და სიმონ კანანელის მიერ პირველად ქადაგება ქრისტიანული სარწმუნოებისა და სწორედ აქ მოხდა ზიარება ქართველი ხალხის მთავარი სარწმუნოებისა, ღირებულებებისა, რომელთაც დღემდე ასე ვუფრთხილდებით და ასე ვიცავთ. ასევე ძალიან მნიშვნელოვანია, რომ წელს ჩვენი ქვეყანა აღნიშნავს 1700 წელს საქართველოში ქრისტიანობის სახელმწიფო რელიგიად გამოცხადების. ჩვენ ეს აღვნიშნეთ მთელმა ერმა და ეს უდიდესი პასუხისმგებლობაა თითოეული ჩვენგანისთვის.
საქართველო არის მთლიანი, ერთიანი სხეული. ყველამ ვიცით ჩვენი ისტორია, როგორი გამოწვევებით აღსავსეა, რამდენი წმინდანი გვყავს, რამდენი გმირი გვყავს და არ ვეგუებოდით არასდროს არც ჩვენი მიწის, არც ჩვენი იდენტობის, არც ჩვენი სარწმუნოების, არც ჩვენი ტრადიციების უხეშად მოპყრობას მომხდურისგან. ეს არის ჩვენი რაობა, არსი, თუ ვინ ვართ ჩვენ, რას წარმოვადგენთ და რანი უნდა ვიყოთ მომავალში.
უდიდესი ბედნიერებაა დღეს აქ ყოფნა, ამ მართლა უნიკალურ მხარეში. მინდა ქედი მოვიხარო ჩვენი ზემოაჭარლების მიმართ, იმიტომ, რომ ამ ხალხმა უდიდესი განსაცდელი გაიარა, მაგრამ შეინარჩუნა და არ დაკარგა თავისი იდენტობა და სამშობლოსადმი სიყვარული. დავესესხები ჩვენს უწმინდესს, რომ გზა, რომელიც მთელმა საქართველომ გაიარა, სწორედ აქ, ჩვენს ზემოაჭარლებთან ერთად უნდა გაიაროს მთელმა საქართველომ, გზა უფლისკენ, და ეს არის ჩვენი ცხოვრების არსი.
ჩვენ გვყავს უდიდესი სარწმუნოების მქონე ერი, რომელმაც საუკუნეების მანძილზე გვასწავლა უნიკალური სიბრძნე, რომ უნდა ვიყოთ ჩვენ ქრისტეს ჯარისკაცები უფლის საფარქვეშ. დავესესხებით ჩვენს უწმინდესს, რაც უფრო ახლოს ვიქნებით უფალთან, მით უფრო მეტ გამოწვევას გავუმკლავდებით. ეს არის ჩვენი ისტორიის, მთელი არსებობის გამოცდილება“, - განაცხადა ყაველაშვილმა.