Ambebi.ge-სა და "პალიტრანიუსის“ ერთობლივი პროექტის, "სახალხო ინტერვიუს“ მორიგი სტუმარი იყო მუსიკოსი ქეთათო ჩარკვიანი. მან მისთვის გამოგზავნილ შეკითხვებს უპასუხა. გთავაზობთ ტელეინტერვიუს ელექტრონულ ვერსიას, ხოლო "სახალხო ინტერვიუს“ სრული გადაცემის ნახვას მითითებულ ბმულზე შეძლებთ.
ნინი:
- როგორ ხართ, ქეთათო? რას საქმიანობთ?
- ვაკეთებ ჩემს საყვარელ საქმეს - მუსიკას. სიმღერები, რომლებიც წლების წინ მაქვს დაწერილი, როგორც ირაკლისთან ერთად, ასევე მარტო, ეს ყველაფერი რაღაც ერთიან პერფორმანსში გავაერთიანე. მყავს ჯგუფი - "ბუკი და ნაღარა“, სადაც ჩემი და ირაკლის მუსიკა ახლებური ჟღერადობითა და ინტერპრეტაციით იკვრება. მოკლედ, არის ბენდი და ასევე ანა სუბელიანი. ძირითადად მთელი ჩემი ინტერესი და დღის განრიგი ამის ირგვლივ არის აგებული.
ანა:
- ბავშვობაში ვინ გინდოდათ, რომ გამოსულიყავით?
- ბავშვობაში, ერთადერთი, რაც ვიცოდი, ის იყო, რომ ექიმი არ გამოვიდოდი, რადგან ბებია მყავდა პედიატრი და ვხედავდი, რამდენად რთული იყო მისი ყოველდღიურობა. ჩემთვის გაუგებარია, საერთოდ რატომ უნდა დასტრესო შენი თავი ასე, რომ ამდენ უბედურებას, წუხილს ესწრებოდე?! ეს ჩემთვის მიუღებელი იყო და ამიტომ ვიცოდი, ექიმი არ გამოვიდოდი... უცებ შეიძლება სპორტსმენობა მომდომებოდა, "ბიჭური პროფესიები" მომწონდა, მაგრამ საერთოდ ბალერინა აღმოვჩნდი. ასე რომ, ერთია, რას ფიქრობ, მეორეა - რეალობა რა გეგმებს ამყარებს შენზე.

ვიკა:
- მოგვიყევით თქვენს ოჯახზე, სადაც დაიბადეთ და გაიზარდეთ - რა იყო იქ მთავარი ღირებულება?
- ჩემს აღზრდაში ძალიან დიდი როლი აქვს ბებია ქეთოს - მისი სახელი მქვია. ქეთო ჭიჭინაძე იყო ძალიან საინტერესო გარეგნობის ქალი, არაორდინალურად იცვამდა, რაღაცნაირი გამორჩეული, საინტერესო ადამიანი გახლდათ. მუშაობდა არქივში. მკაცრიც იყო და ცოტა ზედმეტიც მოუვიდა ფორტეპიანოს რომ მარეპეტიციებდა, რაღაცნაირად მსჯიდა, მტუქსავდა და შემაძულა კიდეც ბევრი რაღაც. მაგრამ მან გადაწყვიტა, რომ ბალეტზე მევლო, მან გადაწყვიტა, ჩემ გამო პენსიაში გასულიყო, რომ ჩემთვის მოეძღვნა თავი, მიუხედავად იმისა, რომ საკმაოდ თავის თავზე ორიენტირებული ადამიანი იყო. ასე რომ, ბებიების გავლენა ჩემს ცხოვრებაში ძალიან დიდია.

მეხმარებოდა აგრეთვე დედა, რომ ჩემი თემები ბევრად უფრო დახვეწილი ყოფილიყო. მეორე ბებია, რომელიც პედიატრი იყო, წიგნებს მიკითხავდა - არ ეზარებოდა, ერთი და იგივე შეიძლება ასჯერ მეთხოვა და დაუღალავად, მორიგეობის შემდეგაც შეეძლო, ჩემთვის წიგნი წაეკითხა. მოკლედ, რაღაცნაირი ფუფუნება მქონდა. ქეთო, ასევე გემრიელ კერძებს მიმზადებდა... კარგი ბავშვობა მქონდა, სანამ საქართველოში ის ყველაფერი არ დაიწყო, რაც დაიწყო. მოხდა 9 აპრილი, რაღაცებზე სხვანაირად დავფიქრდით. მაშინ პატარა ვიყავი, მაგრამ სერიოზული გარდატეხა მოხდა. შემდგომ ბავშვობამაც ჩაიქროლა და ძალიან არასტაბილური, რყევებით აღსავსე რეალობა დადგა, რაც დღემდე გრძელდება, მაგრამ ამ რყევებს უკვე მივეჩვიე.
თიკო:
- ბევრმა არც იცის, რომ გვარად პოპიაშვილი ხართ, ძირითადად ქეთათო ჩარკვიანად გიცნობენ... რატომ?
- საერთოდ არასდროს შემიცვლია გვარი. ირაკლი კი მეუბნებოდა, ჩარკვიანზე გადმოდიო, მაგრამ პოპიაშვილი ვიყავი და პოპიაშვილად დავრჩი. ზოგადად, ისეთი არაორდინარული სახელი მაქვს - "ქეთათო“, რომ ახსნა-განმარტებას და დაკონკრეტებას აღარ საჭიროებს. ქეთათო ვარ, უბრალოდ...
ნინი:
- მუსიკოსი, შემოქმედი ხართ. ირაკლი ჩარკვიანის გვერდით, საკუთარი ხმის და ინდივიდუალიზმის შენარჩუნება რთული იყო?
- საერთოდ არ ვაპირებდი არც სიმღერას და არც არაფრის შენარჩუნებას, ყველაფერი შენარჩუნებული მქონდა და - არც მაინტერესებდა. ირაკლის უნდოდა, რომ მემღერა. უნდოდა, რომ ჩემი თემები მასთან ერთად შემესრულებინა და ჩემი ხმაც რატომღაც ძალიან მოსწონდა (მე თავიდან ვერ ვხვდებოდი, რატომ).
მაკა:
- ახალგაზრდები, ვისაც ირაკლი ცოცხალი არ უნახავს, განსაკუთრებულ პატივს სცემენ მას და ეთაყვანებიან. ეს რისი დამსახურებაა?
- მისი "სინაღდის", უშუალობის... მისი გენიალურობა მის უშუალობასა და სიმარტივეშია.
ნატა:
- როგორი იყო ირაკლი ჩარკვიანთან თქვენი პირველი შეხვედრა?
- იმის მიუხედავად, რომ ირაკლი ცალკე ცხოვრობდა ფიქრის გორაზე და მისი მშობლები საბურთალოზე, იმ პირველ დღეს კარი გააღო გელამ... რომ შევედი, ირაკლი დახრილი იყო და ფეხსაცმლის თასმას იკრავდა. მისი ამოხედვა მახსოვს. დაუვიწყარი იყო მისი პირველი ამოხედა "ლაივში“ და ჩვენი თვალების "შეჯახება“. ზოგადად, მისი გამოხედვა ყოვლად დაუვიწყარი - რაღაცნაირი იყო, არ ჰგავდა სხვებისას.

ნანა:
- რომ არა ირაკლი ჩარკვიანი, იმ ასაკში რა ასაკშიც მასობრივად გაგიცნეს, თუ გაგიცნობდათ ფართო საზოგადოება?
- ირაკლი რომ არ ყოფილიყო, შეიძლება საერთოდ არ მემღერა. ირაკლი რომ არ ყოფილიყო, საზოგადოებაც სხვანაირი იქნებოდა და მთელი ჩვენი საზოგადოება ბევრად უკან იქნებოდა. ასე რომ, ირაკლი რომ არ ყოფილიყო, ვერ წარმომიდგენია, რა იქნებოდა. ვერც ჩემი თავი წარმომიდგენია მაგ შემთხვევაში...
უცნობი:
- რა მოგიტანათ ირაკლის მეუღლეობამ, მასთან ერთად გატარებულმა ცხოვრებამ?
- სიყვარული... რა უნდა მოეტანა? სიყვარული. მასწავლა, სიყვარული დამაჯერა.
ზუკა:
- რაზე კამათობდით და თუ გაბუტულხართ?
- მუსიკის კეთების დროს ზოგჯერ არის, რომ ორი ადამიანი მაქსიმალურად ჩართულია პროცესში, მაგრამ რაღაცნაირად სხვადასხვანაირი ეგზალტაცია აქვთ, სხვადასხვა ფაზაში არიან: ზოგი გადაიღლება, ზოგჯერ რაღაც ელემენტარული არ ესმით... ვერ აგებინებ ადამიანს მარტივ რაღაცას - ეუბნები და არ ესმის. ასეთი კამათები გვქონია ხოლმე: ეუბნები, აი, ეს ფრაზა აქ დადე, უბრალოდ გადმოაკოპირე და დაასვი. თუ არ ესმოდა, რას ვეუბნებოდი, შეიძლება მაგაზე გვეკამათა, გვეჩხუბა. ზოგჯერ გამებუტებოდა, ხმას არ მცემდა, მაგრამ ისე არ ვწვებოდი დასაძინებლად, რომ მასთან არ შევრიგებულიყავი - ეგ არ შემეძლო და ძალით ვირიგებდი. სხვათა შორის, ბებიებსაც, რაღაცაზე თუ მოვუშლიდი ნერვებს და თუ მებუტებოდნენ, მერე ისე გავუწყალებდი გულს, სანამ არ შევირიგებდი, არ მოვისვენებდი. შეიძლება ისე ჩავხუტებოდი რომელიმეს თითქოს ვახრჩობდი, ოღონდ, შემრიგებოდნენ!
დიმა:
- ირაკლი ჩარკვიანი ქართული კულტურისთვის თავისუფლების სიმბოლოდ იქცა. თქვენი აზრით, რა იყო ის მთავარი შინაგანი ძალა, რამაც ასეთად აქცია?
- ირაკლი ხომ არ არის მხოლოდ კარგი ხმის ტემბრის მქონე მომღერალი, ან ვთქვათ, მხოლოდ კარგი მელოდიებისა და ლექსების ავტორი. ის არის მოაზროვნე, ბევრი სხვადასხვა ნიჭი იყო მასში მოქცეული, თან კარგი ფორმით და კარგი სამსახიობო ოსტატობით გადმოცემის უნარით. ყველაფერი უწყობდა ხელს, რომ თავისი გენიალური მელოდიები თავისივე ხმის ტემბრით გადმოეცა და ყოფილიყო დაუვიწყარი და დასამახსოვრებელი. ირაკლი არის ყველაფრის ერთობლიობა: იყო ინტელექტუალი, მოაზროვნე, ძალიან ჰუმანური, ძალიან კარგი ადამიანი. ეს ერთობლიობა იძლევა იმ ეფექტს, რაც დიდისთვისაც და პატარისთვისაც ხელშესახებია, და მას დრო ვერაფერს დააკლებს.
სანდრო ახვლედიანი:
- როგორც ხელოვანი სად ეძებთ დღეს შთაგონებას? არის კი დღეს საქართველო ის სივრცე, სადაც შესაძლებელია ხელოვანმა ნახოს შთაგონების წყარო? არსებული სივრცე გვაძლევს ადამიანებს სათქმელის თავმოყრის საშუალებას?
- ჩემი მარტივი რუტინის შესახებ მოვყვები - არაერთხელ მითქვამს და გავიმეორებ. დღის განმავლობაში მიწევს, დღეში მინიმუმ სამჯერ, ფეხით, სწრაფი ნაბიჯით ჩემი სამი ძაღლის გასეირნება. ეს რუტინაა... ზოგადად, ძალიან მიყვარს ფეხით სიარული. უკვე მეცნიერებიც მივიდნენ იმ დასკვნამდე, რომ სიარულის დროს ყველა შინაგანი ორგანო ერთდროულად იტვირთება, სისხლის მოძრაობა აქტიურდება, ტვინს მეტი სისხლი, ჟანგბადი მიეწოდება. მოკლედ, ყველაფრისთვის კარგია - და იდეები მომდის მაგ დროს, როგორც მუსიკალური თემები, ასევე ტექსტები. ზოგადად, სიარული მეხმარება განტვირთვაშიც.
ზოგჯერ მთელი დღე სახლში რომ ხარ, კარგია, მაგრამ როცა გახვალ და მერე შეხვალ, კიდევ უფრო კარგია. რაღაც ისეთ მარტივ რაღაცებში შეიძლება იპოვო შთაგონება და ახალი ფორმით თქვა სათქმელი, ყველას შეგვიძლია ამ ყველაფრით ვისიამოვნოთ და სხვებსაც გავუზიაროთ ჩვენი პატარ-პატარა გამოცდილება.
კობა:
- ინტუიცია ყოველთვის სწორად გკარნახობთ?
- სიმღერა მაქვს "მიენდე“ ჰქვია - იმის შესახებ, რომ საკუთარ შინაგან ხმას უბრალოდ უნდა მიენდო. ზოგჯერ არის ხოლმე, რომ გინდა მეტი ლოგიკა ჩართო: მე ხომ ეს და ეს წყაროები მაქვს იმისთვის, რომ რაღაც დასკვნა გამოვიტანო, მაგრამ ჩემს პირად მაგალითზე არასდროს ჭრის ლოგიკა - ინტუიცია არის ხოლმე უტყუარი... ტვინი არ უნდა ჩავრთო, არ არის მაგის საჭიროება.
ნუცა:
- დღეს თქვენს ცხოვრებაში ვის აზრს აქვს დიდი მნიშვნელობა?
- ბევრი ადამიანის აზრს შეიძლება ჰქონდეს გადამწყვეტი მნიშვნელობა - შეიძლება არც ვიცნობდე ადამიანს და მისმა აზრმა გადაწყვეტილება შემაცვლევინოს. მე არ მყავს ერთი ასეთი ადამიანი, ვისაც ბოლომდე 100%-ით ვენდობი. უცხო ადამიანმა შეიძლება მიმაღებინოს გადაწყვეტილება. ადამიანების აზრს პატივს ვცემ, იმის მიუხედავად, ვეთანხმები თუ არა.
თინა:
- რას ამბობენ თქვენზე სხვები, ამას ყურადღებას აქცევთ?
- როდესაც ლაპარაკობენ, ეს ცუდი არ არის, კარგია - ილაპარაკონ. ვისაც რა აწუხებს, იმას ხედავს სხვაში და იმაზე ლაპარაკობს. ასე რომ, როდესაც ადამიანები ლაპარაკობენ, დიდწილად ეს მათ საკუთარ თავზე მეტყველებს და არა იმ ადამიანზე, ვის შესახებაც ისინი ლაპარაკობენ... გვეპატიება სისუსტეები. სისუსტეები ხშირად გვაქვს ყველას და რაც უფრო ადვილად აპატიებ სხვას, შენც გაპატიებენ.

მანანიკო:
- ბედის, ბედისწერის გჯერათ? თუ ადამიანი თვითონ ქმნის თავის ბედს და ცხოვრებას?
- იცით, რა, რაღაც მონაცემებით ალბათ ვიბადებით, მაგრამ შეგვიძლია კარდინალური ცვლილებების შეტანა. ჩვენი მონაცემებით შეგვიძლია ჩვენი მაქსიმუმი დავდოთ. მაგ დონეზე მჯერა ბედისწერის... შეიძლება ის გამოცდები, რაც ცხოვრებამ გაგატარა, იმისთვის იყო, რომ გაეღრმავებინე და უფრო ემპათიური, ადამიანური გამხდარიყავი, მაგრამ არ გამოიყენო და პირიქით, გამწარდი, გაბოროტდი და სულ სხვაგან გადაგისროლა შენმა თავმა.
ვინი:
- როგორი იყო ირაკლი მუშაობის პროცესში - როგორ იბადებოდა მისი ლექსები და მელოდიები - ეს იყო ქაოსური შთაგონება თუ ყოველდღიური შრომა?
- ირაკლი ძალიან რუტინული, ძალიან მოწესრიგებული და შრომისმოყვარე იყო - იუველირივით უდგებოდა თითოეულ სასვენ ნიშანს. მე ბევრად უფრო ქაოსური ვარ. შეიძლება უცებ მელოდიაც და ტექსტიც ერთდროულად მომივიდეს და თუ არ დავაფიქსირე მომენტალურად, მავიწყდება.
ლიზა:
- ბალეტს რატომ არ გაჰყევით?
- თეატრში ვმუშაობდი, მაგრამ იმ დროს ჩემს ცხოვრებაში ხდებოდა ირაკლი, ირაკლის რეპეტიციები და ბევრად უფრო სიცოცხლე ჩქეფდა ამ "თეატრში“, რომელსაც ერქვა "იაკობ ნიკოლაძის 5 “. მეტი "თეატრი“ იყო, ვიდრე ოპერის სცენაზე. მე რეალური სცენა ვარჩიე, სადაც შენ თვითონ ხარ შემქმნელიც, რეჟისორიც, ავტორიც და შენს სათქმელს ამბობ... მერე ხვდები, რომ ოპერაში ის პარტიები, რაც შენამდე მილიონებს უცეკვიათ და კიდევ მილიონები იცეკვებენ, უკვე სპორტია და ახალს რას იტყვი იმის გარდა, რომ მხოლოდ ტექნიკას გააუმჯობესებ? ეს კი სულ სხვა სფეროა. შენ შენს სათქმელს ამბობ, სადაც მეტი თავისუფლებაა.

ხათუნა:
- რა გაბრაზებთ და გული რაზე გწყდებათ?
- გაეცინებათ და მაბრაზებს ხოლმე ტელეფონში თავჩაქინდრულები რომ დადიან - გვერდზე არ იყურებიან. ყველა ასეთი გაზომბებულია. მაბრაზებს, რომ ვერ ხვდება ხალხი, ზომბებად რომ ვართ ქცეული. რა კარგი იქნებოდა, რომ ზოგადად ადამიანებს უფრო მეტი ჭკუა გვქონოდა, მეტი რაღაც გაგვეთვალისწინებინა. ზოგადად, ხომ ალბათ ასეა, მაგრამ რაც ვართ - ისინი ვართ, და მეტი დრო გვინდა იმისთვის, რომ ცოტა დავღვინდეთ. და გული რაზე მწყდება? არც არაფერზე.
უცნობი:
- შვილზე - ნანა ჩარკვიანზე მოგვიყევით - როგორი ურთიერთობაა დედა-შვილს შორის და საერთოდ როგორი გოგოა ნანა?
- ჩემი ნანა რომ არა, ჩემს ცხოვრებას საერთოდ აზრი არ ექნებოდა ირაკლის მერე. რაღაცნაირი საყვარელი, ძალიან თავისებური ბავშვი იყო სულ - ძალიან ემოციური და ძალიან ნიჭიერი. მოუწია, ხან ლონდონში ეცხოვრა (იქ შევიდა სკოლაში), მერე აქ ჩამოვიდა (ერთი სკოლა, მეორე სკოლა), მერე იტალიაში წავიდა... როგორ გითხრათ, ძალიან მიყვარს, ძალიან ვგრძნობ მას, ძალიან ვგულშემატკივრობ. და არა იმიტომ, რომ ჩემი შვილია - ძალიან ვაფასებ მის ნიჭს. უამრავი სხვადასხვა ნიჭი აქვს, მეამაყება და მინდა, რომ რასაც მე მასში ვხედავ, თვითონაც უფრო დაინახოს და დაიჯეროს. იმიტომ, რომ კარგ ტექსტებს წერს, ხმის კარგი ტემბრი აქვს, მელოდიის წერაც შეუძლია და ეგ მინდა, რომ აკეთოს. სულმთლად გამახარებს.
ახლა მას სხვა ინტერესები აქვს, სხვა საზრუნავი. იქ უამრავი საფიქრალია, დროის მენეჯმენტის კუთხით ასე არ ხდება ყველაფერი ერთდროულად აკეთო. აქვს პერიოდები, როცა უფრო მეტად აკეთებს მუსიკას ან რომელიღაც კონკრეტული საგანი აინტერესებს, და მინდა, რომ ის, რაც ჩემთვის ასე ძალიან ფასეულია, თვითონაც გაუფრთხილდეს... რაც შეეხება დედაშვილობას - რა ვიცი, ვინ ვისი შვილია და ვინ ვისი დედა - ღმერთმა უწყის... სწავლობს "რომის საპიენზეში“.

ანანო:
- როგორ და როდის აღმოჩინა ნანამ მამა და ის, რომ ირაკლი ჩარკვიანის შვილია?
- მთელი ის ინფორმაცია, რაც ახსოვდა მამაზე, რაღაცნაირად თანდათან ლაგდება. ლექსებსაც ვაკითხებდი, ვუკითხავდი, მისი ხმასაც სულ ესმენდა, ვიდეოებს უყურებდა. "მშვიდი ცურვა“ წაიკითხა, მისი პოეზია... რეალურად, ბევრ ადამიანს ჰყავს ცოცხალი მამა, აქვთ ურთიერთობა (კარგი თუ ცუდი), მაგრამ ნანას მამამისთან ძალიან სხვა კავშირი აქვს, იმიტომ, რომ ის იცნობს "ნაღდიირაკლის“ - ინტუიციურად იცის, იმ ფრაზებს მიღმა რა ამოიკითხოს. ის უფრო გრძნობს. ირაკლი რაკი ისეთი კაცი იყო, თავის შვილს საკუთარ თავამდე ბევრი ხიდი დაუტოვა და არა მარტო თავის შვილს.

ქეთი:
- როგორც მოქალაქეს რა გაწუხებთ ყველაზე მატად და როგორ ქვეყანაში იცხოვრებდით? როგორია თქვენი სანატრელი საქართველო?
- შიმშილი რომ არის ქვეყანაში, განუკითხაობა რომაა, ყველა (დიდიან-პატარიანად) დაუცველი რომ არის, სიბერის რომ უნდა გეშინოდეს, ამდენი მიუსაფარი ადამიანი რომ დადის, ამდენი ბავშვი რომ უმძიმეს მდგომარეობაშია (უკეთეს პირობებში რომ უნდა ცხოვრობდნენ), ამდენი იძულებით გადაადგილებული პირი რომ არის საკუთარ ქვეყანაში და მათზე განსაკუთრებული ზრუნვა რომ არ ხდება... და კიდევ უამრავი რაღაც... მერე ჩვენში, ქართველებში რამდენი რამ არ მომწონს. არადა ასე რომ ვყელყელაობთ... ამდენი ერთმანეთზე ქილიკი, პასუხისმგებლობის სხვაზე გადაბრალება... შენ შენი მცირე მაგალითით, შენი წვლილი შეიტანე, რომ ქვეყანა უკეთესი იყოს...
სანატრელი საქართველო არის ისეთი, სადაც მაღალკვალიფიციური კადრები იქნებიან სკოლებში და საავადმყოფოებში, სადაც ჯანსაღი ბავშვები გაიზრდებიან ჯანსაღ გარემოში, სადაც ადამიანები ერთმანეთზე იზრუნებენ. სიკეთის გამოვლენა სისუსტე არ არის... ზოგჯერ გარეგვენებულები ვართ ხოლმე... განსხვავებული აზრის პატივისცემა არ ვიცით და რაღაცებზე თავს ვდებთ. ერთი წამი მოსმენაც არ გვინდა განსხვავებული აზრის. რამდენ ადამიანს არ ვეთანხმები და არ მივცე საშუალება ილაპარაკოს?! ან ვინც განსხვავებულია, იმის ჩაქოლვა რომ გვინდა და ჩაქოლვით საკუთარი რეპუტაციის დაბევება - რა ვიცი, ნორმალურია ეს?! ყოველ ნაბიჯზე ასეთი სიტუაცია გვხვდება.
ირმა:
- ერთი წუთი იმისთვის, რომ მიმართოთ ადამიანებს - ვის მიმართავდით?
- ყველამ მიმართეთ ერთი წუთით საკუთარ თავს და დაუსვით მთავარი კითხვები - მაგას ვეტყოდი ყველას. ყველამ საკუთარ თავში ჩავიხედოთ. მეც შესაბამისად, არასდროს არ მაწყენს საკუთარ თავში ჩახედვა.
გემშვიდობებით. საინტერესო კითხვები იყო, მეც ვისიამოვნე თქვენთან ერთად ... უკეთეს ქვეყანაში გვეცხოვროს!
<iframe width="560" height="315" src="https://www.youtube.com/embed/3vjL5K1MJZA?si=qaWnKvyA_4Y1J-QM" title="YouTube video player" frameborder="0" allow="accelerometer; autoplay; clipboard-write; encrypted-media; gyroscope; picture-in-picture; web-share" referrerpolicy="strict-origin-when-cross-origin" allowfullscreen></iframe>