იარაღი, ტილო და შუშა - სამი განსხვავებული მატერია, რომელთა მიღმაც ერთი საერთო სათქმელი დგას: ომის ნამდვილი სახე, სიცოცხლისთვის ბრძოლა და თავისუფლების ფასი. ნიუ-იორკში, როკფელერის ცენტრში, მსოფლიოს ერთ-ერთ ყველაზე ცნობილ და პრესტიჟულ კულტურულ სივრცეში, "ქართული ეროვნული ლეგიონის“ მეთაურის, მამუკა მამულაშვილის ნახატების ორდღიანი საქველმოქმედო გამოფენა-აუქციონი გაიმართა. სახელწოდებით "ომი სიცოცხლისთვის“.
ნამუშევრებმა მნახველებს ბრძოლის ველის ის მხარე დაანახა, რომელიც სამხედრო ქრონიკების მიღმა რჩება - ადამიანური ტკივილი, სიმტკიცე, დანაკარგის სიმძიმე და თავისუფლებისთვის ბრძოლის დაუმორჩილებელი სურვილი. ეს იყო არა მხოლოდ ნახატების გამოფენა, არამედ ომის უშუალო მოწმის მონათხრობი, რომელშიც ფერები სიტყვებს ენაცვლება, ტილო დოკუმენტად იქცევა, ხოლო ყოველი ნამუშევარი გვახსენებს, რომ ომის შუაგულშიც კი ადამიანი სიცოცხლის, ღირსებისა და თავისუფლების დაცვას განაგრძობს.

გამოფენილ ნამუშევრებს ტრაგიკული და ამავდროულად, სიმბოლური ისტორია აქვთ. ექსპონატების ნაწილი თავდაპირველად დნიპროს ხელოვნების მუზეუმში ინახებოდა. უკრაინის სახელმწიფო მუზეუმზე რუსეთის მორიგი სარაკეტო და დრონებით განხორციელებული იერიშის დროს ბალისტიკურმა ჭურვებმა 50-ზე მეტი ნამუშევარი დააზიანა. გადარჩენილი ნახატები, რომლებიც დღეს არა მხოლოდ ხელოვნების ნიმუშები, არამედ ომის ცოცხალი მოწმეებიც არიან, ორგანიზატორებმა ამერიკაში როკფელერის აუქციონზე გამოიტანეს.
მამუკა მამულაშვილის ნახატებს უკვე აქვს საერთაშორისო გეოგრაფია - ექსპოზიციები მანამდე მოეწყო სლოვაკეთსა და ნიდერლანდებში, ასევე უკრაინის უმაღლეს რადაში. უახლოეს მომავალში კი სრულფასოვანი გამოფენა ევროპარლამენტშიც იგეგმება.

"ჩემთვის ეს არის თერაპია, რომელსაც შინაგანი მდგომარეობის გამოსახატავად ვიყენებ. საკუთარ თავს ხელოვანად არ ვთვლი და არც ჩემი ნახატები მგონია განსაკუთრებული. თუმცა, ნახატები დაიბეჭდა ევროპის ერთ-ერთ ცნობილ ჟურნალ Cocollect-ში, რაც უკვე აღიარებაა. მთავარი ის არის, რომ გაყიდული ნახატებით მიღებული თანხა ქართულ ლეგიონს ხმარდება. ჩემი შემოქმედება, იმისდა მიუხედავად, ვის მოსწონს და ვის არა, ლეგიონს რაღაცით მაინც ეხმარება და ეს უკვე კარგია,“ - აღნიშნავს მამუკა მამულაშვილი.
შეგახსენებთ, რომ მამუკა მამულაშვილი თავდაპირველად ტილოზე ხატავდა, თუმცა მოგვიანებით შუშაზე მუშაობაზე გადავიდა, რაც მის შემოქმედებას განსაკუთრებულ ტექსტურასა და სიღრმეს სძენს.

გამოფენის იდეა და ორგანიზება უკავშირდება ქართველ პატრიოტს, სამაჩაბლოდან დევნილ ქეთი გოჩაშვილს. იგი ნიუ-იორკში ამერიკელებისთვის საყვარელი აჭარული ხაჭაპურის რესტორნების ქსელის Cheeseboat -ის მფლობელია. ქეთის შვილებთან ერთად 5 თვის განმავლობაში უწევდა საორგანიზაციო საკითხებზე მუშაობა (რომლის ბიუჯეტიც დღეში 12 ათას დოლარს აღწევდა).
ორგანიზებაში ასევე ჩართული იყო როკფელერის ცენტრის მუზეუმის კურატორი შოთა ბაღათურია და ასევე ქართველი არტისტი მარიამ კვაშილავა.
"მე სახლი დაკარგული მაქვს და ახლა ვგრძნობ, რომ ქვეყანას ვკარგავ. ამიტომ ჩემთვის უაღრესად მნიშვნელოვანია ის, რასაც მამუკა აკეთებს. მამულაშვილი უკვე 30 წელია იარაღით ხელში იბრძვის საქართველოსთვის. როდესაც ერთ-ერთ სტატიაში წავიკითხე მისი სიტყვები, - ჩემს ცხოვრებას ფერები აკლიაო, მივხვდი, რომ მისი ნახატების გამოფენა ამერიკის ყველაზე პრესტიჟულ ადგილზე უნდა გამართულიყო და რაც შეძლება მედ ადამიანს გაეგო, როგორც მამუკა მამულაშვილის შემოქმედების შესახებ, ასევე ქართული ლეგიონის დამსახურების შესახებ“,- ამბობს ქეთი გოჩაშვილი. ქეთის თქმით, ნამუშევრებში მკაფიოდ ჩანს ქრონოლოგიური გრადაცია: 2012–2013 წლებში შექმნილი ნახატები მრავალფეროვანი და ჭრელია, ხოლო უკრაინაში ფართომასშტაბიანი ომის დაწყების შემდეგ პალიტრა მკვეთრად იცვლება და თითქმის 2-3 ფერით შემოიფარგლება. მისივე თქმით, როკფელერის ცენტრში ნამუშევრების უმრავლესობა გაიყიდა.

როკფელერის ცენტრის მკაცრი სტანდარტების დაკმაყოფილებასთან ერთად, ორგანიზატორებს მოუწიათ გამოფენის ჩაშლის მცდელობებთან გამკლავებაც. როგორც ქეთიმ გვიამბო, როკფელერის ცენტრის ადმინისტრაციას ახლად შექმნილი ყალბი ანგარიშებიდან მამუკა მამულაშვილის მადისკრედიტირებელ ელექტრონულ წერილებს სწერდნენ თუმცა ორგანიზატორთა ძალისხმევით ღონისძიებამ წარმატებით ჩაიარა.

გამოფენა მხოლოდ დასაწყისია. ორგანიზატორები აანონსებენ ქართულ-ამერიკულ საფესტივალო დოკუმენტურ ფილმს, რომელიც ქართულ ლეგიონსა და მამუკა მამულაშვილი თავისუფლებისათვის ბრძოლას მიეძღვნება. ფილმში ნაკლებად იქნება უშუალოდ ომის კადრები, ძირითადი ყურადღება გამახვილდება მამულაშვილისა და მისი მებრძოლების პიროვნებასა და შინაგან სამყაროზე. ფილმის მიზანია მსოფლიომ დაინახოს, როგორი ადამიანები იბრძვიან ბოროტების წინააღმდეგ. ხათუნა ბახტურიძე