ავტორი:

ტრამპის ადმინისტრაციას გაეროს გენერალური მდივნის პოსტზე ვიქტორ ორბანი სურს - რას წერს The Wall Street Journal

ტრამპის ადმინისტრაციას  გაეროს გენერალური მდივნის პოსტზე ვიქტორ ორბანი სურს -  რას წერს The Wall Street Journal

დონალდ ტრამპის ადმინისტრაციამ გაეროს გენერალური მდივნის პოსტზე უნგრეთის ყოფილი პრემიერ-მინისტრი, ვიქტორ ორბანი წარადგინა - ამის შესახებ The Wall Street Journal წყაროებზე დაყრდნობით წერს.

  • გამოცემის ინფორმაციით, აშშ-ის სახელმწიფო დეპარტამენტის წარმომადგენელი მიიჩნევს, რომ ორბანს გაეროს უშიშროების საბჭოში საჭირო მხარდაჭერის მოპოვება შეუძლია. მისი შეფასებით, საბჭოს 15 წევრიდან სულ მცირე, რვა ხმის მიღება რთული არ იქნება, ხოლო ათი წევრის მხარდაჭერა რეალისტური მიზანია.

აშშ-ის ოფიციალურმა პირმა ორბანს MAGA-ს მოძრაობის კონსერვატორებისთვის "ოცნების კანდიდატი“ უწოდა. მისი თქმით, ორბანის პოლიტიკური ხედვები და პოზიციები, მათ შორის მასობრივი მიგრაციის შეზღუდვისა და ლიბერალური არასამთავრობო ორგანიზაციების წინააღმდეგ მიმართული პოლიტიკა, მას ტრამპის მხარდამჭერებისთვის მისაღებ კანდიდატად აქცევს.

The Wall Street Journal-ის წყაროების ცნობით, ორბანის კანდიდატურას რუსეთი და ჩინეთიც მხარს უჭერენ.

გამოცემის ინფორმაციით, ამერიკელი ოფიციალური პირები ორბანს უკვე დაუკავშირდნენ, რათა გაერკვიათ, დაინტერესებული იყო თუ არა ის გაეროს გენერალური მდივნის თანამდებობით. წყაროების ცნობით, ორბანი შეთავაზების განხილვისთვის მზად არის, თუმცა კანდიდატურას მხოლოდ იმ შემთხვევაში დათანხმდება, თუ გამარჯვების რეალურ შანსს დაინახავს. თავად ყოფილ პრემიერ-მინისტრს საკითხზე კომენტარი არ გაუკეთებია.

გაეროს მოქმედ გენერალურ მდივანს, ანტონიო გუტერეშს, უფლებამოსილების ვადა 2026 წლის 31 დეკემბერს ეწურება.

ვიქტორ ორბანი უნგრეთის პრემიერ-მინისტრის თანამდებობას 16 წლის განმავლობაში იკავებდა. ტრამპის ადმინისტრაციამ მას 2026 წლის 12 აპრილის საპარლამენტო არჩევნებამდე დაუჭირა მხარი, თუმცა ორბანის პარტია "ფიდესი“ არჩევნებში დამარცხდა. უმრავლესობა ოპოზიციურმა პარტია "ტისამ“ მოიპოვა, ხოლო მისი ლიდერი, პეტერ მადიარი, უნგრეთის პრემიერ-მინისტრი გახდა.

წყარო