ავტორი:

უკრაინის წინააღმდეგ რუსეთის ომის მხარდამჭერი რეპერი მიშა მავაში ქორწილიდან 11 დღეში, 41 წლის ასაკში გარდაიცვალა

უკრაინის წინააღმდეგ რუსეთის ომის მხარდამჭერი რეპერი მიშა მავაში ქორწილიდან 11 დღეში, 41 წლის ასაკში გარდაიცვალა

რუსი რეპერი, მიხაილ ნიცი, სასცენო სახელით მიშა მავაში, 41 წლის ასაკში გარდაიცვალა. მუსიკოსი, რომელიც უკრაინის წინააღმდეგ რუსეთის ომს უჭერდა მხარს, ულტრამემარჯვენე ნაციონალისტური მოძრაობის, "ჩრდილოელი ადამიანის“ დამფუძნებელი იყო.

  • მუსიკოსის გარდაცვალების შესახებ ინფორმაცია მისმა ახლობლებმა მიშა მავაშის ტელეგრამ არხზე გაავრცელეს.

"მიხაილ ფიოდოროვიჩ მავაში 24-25 ოქტომბრის ღამეს უბედური შემთხვევის შედეგად გარდაიცვალა. დეტალებზე ჯერჯერობით არაფერს ვიტყვით. ვითარებას ვარკვევთ. ყველა შოკშია“, - ნათქვამია მავაშის წარმომადგენლის განცხადებაში.

რუსულ მედიაში მუსიკოსის გარდაცვალების მიზეზზე ურთიერთგამომრიცხავი ცნობები გავრცელდა. ტელეარხი РЕН ТВ თვითმკვლელობის ვერსიაზე წერდა, ტელეგრამ არხმა Baza-მ კი მოგვიანებით გაავრცელა ინფორმაცია, რომ მავაშის იარაღი წმენდის დროს შემთხვევით გავარდა.

გამოცემა StarHit-ის ცნობით, მუსიკოსის გარდაცვალების შესახებ თავდაპირველად უბედური შემთხვევის ვერსია გავრცელდა, მოგვიანებით კი თვითმკვლელობის შესახებ დაიწერა. მომხდარის გარემოებები ამ ეტაპზე დაზუსტებული არ არის.

რეპერი ქორწინებიდან 11 დღეში გარდაიცვალა

მიშა მავაშიმ მეუღლე, ეკატერინაზე, 15 ოქტომბერს იქორწინა. მუსიკოსმა ქორწილის ფოტოებიც გამოაქვეყნა და მათ მოკლე წარწერა დაურთო: "ვიქორწინეთ“.

StarHit-ის ინფორმაციით, წყვილი ბედნიერი იყო. მეუღლემ მუსიკოსის გარდაცვალების შემდეგ სოციალურ ქსელში ემოციური პოსტი გამოაქვეყნა.

  • "გული მეხლიჩება... სულ რამდენიმე დღის წინ ყველაზე ბედნიერი დღე გვქონდა... ახლა კი აღარ ხარ. როგორ ვიცხოვრო უშენოდ, არ გაფრინდე. ერთი კითხვა მაქვს: რატომ არის ყველაფერი ასე უსამართლო?!“ - დაწერა ეკატერინამ.

გამოცემის ცნობით, მავაშის მეუღლემ ტრაგედიამდე რამდენიმე დღით ადრე სოციალურ ქსელში რთული პერიოდის გადალახვაში დახმარება ითხოვა.

2022 წელს მავაშიმ ულტრამემარჯვენე ნაციონალისტური მოძრაობა "ჩრდილოელი ადამიანი“ დააარსა. მოძრაობის წევრები მიგრანტების წინააღმდეგ გამართულ აქციებსა და რეიდებში მონაწილეობდნენ.

მავაში ასევე მხარს უჭერდა უკრაინის წინააღმდეგ რუსეთის ომს და საქველმოქმედო ინიციატივებშიც მონაწილეობდა.