საკონსტიტუციო სასამართლოში 5 პოლიტიკური პარტიის არაკონსტიტუციურად ცნობასთან დაკავშირებით "ქართული ოცნების“ 88 დეპუტატის ხელმოწერით მომზადებული სარჩელის განხილვა განახლდა.
როგორც საკონსტიტუციო სასამართლოს მოსამართლემ, რევაზ ნადარაიამ აღნიშნა, პლენუმის გადაწყვეტილების შუამდგომლობა ნაწილობრივ დაკმაყოფილდა. კერძოდ, დაკმაყოფილდა გარკვეული სახის მასალების საქმეზე მტკიცებულებად დართვის შესახებ შუამდგომლობა, თუმცა პარტიას უარი ეთქვა პოლიტიკოსების, მათ შორის ბიძინა ივანიშვილის და "ქართული ოცნების" სხვა მოქმედი თუ ყოფილი ლიდერების მოწმის სახით დაკითხვაზე.
ნადარაიამ მუშაობის პრინციპთან დაკავშირებით განმარტებები მხარეთა მოსმენის დაწყებამდე გააკეთა.

“შესაძლებელია მოსარჩელის მიერ წარმოდგენილი ფაქტები მიუღებელია მოპასუხე მხარისთვის, ისევე როგორც მოპასუხე მხარის მიერ წარმოდგენილი ფაქტები ალბათ მიუღებელი იქნება მოსარჩელე მხარისთვის, მაგრამ მაქსიმალური თავშეკავებით, მაქსიმალური კორექტულობით, ყოველგვარი ეპითეტებისა და მითითებების გარეშე, ისე რომ ამან მეორე მხარის გაღიზიანება არ გამოიწვიოს და შემდგომში პროცესს არ შეუშალოს ხელი.
სასამართლოსთვის მნიშვნელოვანია თითოეული მხარის განმარტება და სასამართლოს მხარეთა პოზიციების - როგორც მოსარჩელე მხარის, ასევე მოპასუხე მხარის პოლიციების მოსმენაში ხელი არ უნდა შეეშალოს“, - განაცხადა ნადარაიამ.
მოსარჩელე მხარის წარმომადგენელმა სასამართლო პროცესზე ისაუბრა "ნაციონალური მოძრაობის“ ქმედებებზე, მათ შორის აგვისტოს ომთან დაკავშირებულ რეზოლუციაზე.
"ნაციონალურმა მოძრაობამ“ 2004 წლიდან დღემდე, გეგმაზომიერად და თანმიმდევრულად განახორციელა ისეთი ქმედებები და ღონისძიებები, რომელმაც გამოიწვია შემდეგი ფაქტები: 2008 წლის აგვისტოს ომიდან ორ თვეში მხარი დაუჭირა ევროპის საბჭოს საპარლამენტო ასამბლეის 2 ოქტომბრის #16/33 რეზოლუციას. ამ რეზოლუციაშია აღნიშნულია შემდეგი - "2008 წლის 7 აგვისტოს საქართველოს სამხედრო ძალების მიერ ცხინვალის დაბომბვის გაუფრთხილებლობით დაწყებით ესკალაცია ახალ, კერძოდ, ღია და სრულ მასშტაბიან საომარი მოქმედებების საფეხურზე გადავიდა“.
იმავე რეზოლუციის მე-11 პუნქტი:
"განურჩეველი ძალის და შეიარაღების გამოყენება სამოქალაქო ტერიტორიებზე, როგორც საქართველოს, ასევე რუსეთის სამხედრო ძალების მიერ შესაძლოა მიჩნეულ იქნეს, როგორც ომის დანაშაულები, რაც საჭიროებს საფუძვლიან გამოძიებას“. ამ საკითხებზე ხმის მიცემით "ნაციონალურმა მოძრაობამ“ ან ხელი შეუწყო ტერიტორიული მთლიანობის ხელყოფას და აღიარა ან არ გაუკეთებია და დაიბრალა. ორივე შემთხვევაში, ეს არის სახელმწიფო ინტერესების ღალატი. სხვათა შორის, რუსეთის ფედერაციას ამ რეზოლუციაზე მხარი არ დაუჭერია, ზუსტად ამავე მიზეზებით.

2012 წლიდან დღემდე, საქართველოს კონსტიტუციური წყობილების დამხობითა და ძალადობით შეცვლის მიზანი: - საქართველოს პარლამენტის 2012 წლის 1-ელი ოქტომბრის არჩევნების ჩატარებიდან დღემდე, საქართველოში ჩატარდა 9 მორიგი საყოველთაო არჩევნები. არჩევნების შედეგებისა და არჩეული ორგანოების ან თანამდებობის პირების ლეგიტიმურობის აღიარებაზე, მთელ რიგ შემთხვევებში, უარი თქვეს და ამ გზით საქართველოს სახელმწიფოს წინააღმდეგ მუდმივად საბოტაჟის რეჟიმში არიან დასახელებული პარტიები“, - განაცხადა არჩილ გორდულაძემ.
საკონსტიტუციო სასამართლოში 5 პოლიტიკური პარტიის არაკონსტიტუციურად ცნობასთან დაკავშირებით "ქართული ოცნების“ 88 დეპუტატის ხელმოწერით მომზადებული სარჩელის განხილვა განახლდა. სარჩელის განხილვა 21 ოქტომბერს დაიწყო. ამ დრომდე, საკონსტიტუციო სასამართლომ ოპოზიციური პარტიების წარმომადგენლების არც ერთი შუამდგომლობა არ დააკმაყოფილა.
საკონსტიტუციო სასამართლოში წარდგენილ სარჩელს პარლამენტის 88 დეპუტატი წევრი აწერს ხელს. მათი სარჩელის საფუძველზე სასამართლოს დღის წესრიგში შემდეგი ხუთი პოლიტიკური გაერთიანებების არაკონსტიტუციურად ცნობის საკითხი დგას: - "ერთიანობა − ნაციონალური მოძრაობა“; "კოალიცია ცვლილებისთვის - გვარამია მელია გირჩი დროა“; "ძლიერი საქართველო − ლელო, ხალხისთვის, თავისუფლებისთვის!“, "ფედერალისტური პარტია“ და პარტია "გახარია საქართველოსთვის“.
კონსტიტუციურ სარჩელს თან ერთვის XI მოწვევის პარლამენტში შექმნილი დროებით საგამოძიებო კომისიის დასკვნა.