არ გამიკვირდა და მოლოდინის რეჟიმში ვიყავი, რომ ეს ასე მოხდებოდა. ადრე თუ გვიან, პატარიძე აგებდა პასუხს ყველა იმ დანაშაულებრივ გზებსა და ხერხებზე, რაც ციხეებში ხდება, - ამის შესახებ მსჯავრდებულ გიორგი დავითაძის დედამ, ირმა დავითაძემ განაცხადა.
ირმა დავითაძის თქმით, ის ელის, რომ გიორგი პატარიძე [სპეციალური პენიტენციური სამსახურის გენერალური დირექტორი] უმკაცრესად დაისჯება.
"არ გამიკვირდა და მოლოდინის რეჟიმში ვიყავი, რომ ეს ასე მოხდებოდა. ადრე თუ გვიან პატარიძე აგებდა პასუხს ყველა იმ დანაშაულებრივ გზებზე და ხერხებზე, რაც ციხეებში ხდება.
არ გამკვირვებია და უფრო მეტიც, ველი, რომ უმკაცრესად დაისჯება, როგორც გავიგე მის წინააღმდეგ გამოძიებაა აღძრული.
ველოდები, რომ ყველას პასუხისგებაში მიცემენ. წინააღმდეგ შემთხვევაში, ისინი ისევ შეეცდებიან ასეთი დანაშაული ჩაიდინონ, რასაც წლების განმავლობაში ჩადიოდნენ“,- განაცხადა ირმა დავითაძემ.
ცნობისთვის, რუსთავის მე-6 პენიტენციური დაწესებულების მსჯავრდებულმა, გიორგი დავითაძემ ბადრაგი გაუპატიურებაში დაადანაშაულა. მისი თქმით, აღნიშნული დეესკალაციის ოთახში განხორციელდა, მასში რამდენიმე პირი მონაწილეობდა და მისი მტკიცებით, "ყველაფერი კამერებში ჩანს“. საკითხს გამოეხმაურა სპეციალური პენიტენციური სამსახურიც და აღნიშნულს დეზინფორმაცია უწოდა. პენიტენციური სამსახურის მტკიცებით, დავითაძის მიმართ "არათუ სექსუალური, არამედ არანაირი სახის ძალადობას არ ჰქონია ადგილი“.
მოგვიანებით, საქართველოს პროკურატურამ განაცხადა, რომ მსჯავრდებულის, გიორგი დავითაძის მიმართ განხორციელებული შესაძლო სექსუალური ძალადობის ფაქტზე მიმდინარე გამოძიება დაასრულა. უწყების განცხადებით, მოპოვებული მტკიცებულებები ცხადყოფს, რომ დაწესებულების დეესკალაციის ოთახში გიორგი დავითაძის შემოწმების პროცესში, მის მიმართ რაიმე სახის ძალადობას და დანაშაულებრივ ქმედებას ადგილი არ ჰქონია.