“2003 წლამდე ადამიანების გატაცება გამოსასყიდის მიღების მიზნით იყო ბიზნესის სახე, ფორმა, რომელიც არავის არ უკვირდა - სამწუხაროდ, ამ ადამიანებს შორის, რომლებიც მაშინ, “ვარდების რევოლუციამდე“, ამ ჯოჯოხეთური რეალობის მსხვერპლად იქცნენ, იყო მოსარჩელე მხარის მაღალჩინოსნის კახა კალაძის უმცროსი ძმა ლევანი, რომელიც კრიმინალებმა გაიტაცეს და მოკლეს გამოსასყიდის მიღების მიზნით. იმ საქმეზე გამოძიება შესაძლებელი გახდა მხოლოდ “ვარდების რევოლუციის“ შემდეგ“, - ამის შესახებ “ნაციონალური მოძრაობის“ წარმომადგენელმა ზაზა ბიბილაშვილმა საკონსტიტუციო სასამართლოში თავის შესაგებელ სიტყვაში აღნიშნა.
“2003 წლამდე საქართველოში რიგითი კანონმორჩილი ადამიანისთვის ცხოვრება იყო ჯოჯოხეთი. ერთ-ერთი ყველაზე უფრო კრიმინალური სახელმწიფო იყო საქართველო. იყო ორგანიზებული კრიმინალი, იყო არაორგანიზებული კრიმინალი- ძარცვა, ყაჩაღობა, მკვლელობები. ადამიანების გატაცება გამოსასყიდის მიღების მიზნით იყო ბიზნესის სახე, ფორმა, რომელიც არავის არ უკვირდა. ათეულობით და შეიძლება ასეულობით ასეთი ადამიანი იყო- უცხოელი ბიზნესმენები, ადგილობრივები და ამ ადამიანების გატაცების ბიზნესში ერთად იყვნენ ჩართულნი როგორც კრიმინალური სამყაროს ბოსები, ასევე ე.წ. სამართალდამცავი უწყებების ხელმძღვანელები. მე მინდა გავიხსენო, რომ, სამწუხაროდ, ამ ადამიანებს შორის, რომლებიც მაშინ, “ვარდების რევოლუციამდე“, ამ ჯოჯოხეთური რეალობის მსხვერპლად იქცნენ იყო, მოსარჩელე მხარის მაღალჩინოსნის, კახა კალაძის, უმცროსი ძმა ლევანი, რომელიც კრიმინალებმა გაიტაცეს და მოკლეს გამოსასყიდის მიღების მიზნით. იმ საქმეზე გამოძიება შესაძლებელი გახდა მხოლოდ “ვარდების რევოლუციის“ შემდეგ. შეიცვალა ხელისუფლება და აღმოჩნდა, რომ ამ ყველაფერს ჰყავდა თავისი ავტორები და ადამიანები, რომლებიც ხელს აფარებდნენ ამას სახელმწიფო უწყებებში. შეიცვალა რა ეს რეალობა, მოვიდა რა ხელისუფლება, რომელსაც ჰქონდა სულ სხვა ლეგიტიმური ინტერესები საზოგადოების ინტერესებიდან გამომდინარე, ეს საქმე გაიხსნა ძალიან მალე და ბატონმა კალაძემ, მაშინ, ბუნებრივია და სხვანაირად ვერც იქნებოდა, ბევრი მადლობა უხადა იმ ხელისუფლებას, კონკრეტულ ადამიანებს, ამ დადებითი როლისთვის, რაც მათ შეასრულეს ამ საქმის გახსნაში. ეს კრიმინალური ჯოჯოხეთი არ იყო ობიექტური მოცემულობა, რომელშიც ჩვენ ვცხოვრობდით, ეს იყო პოლიტიკური ნება. 2003 წლამდე ნების არ ქონა ან თავად სახელმწიფოსა და კრიმინალური სამყაროს სრული შეზრდა, ხოლო 2003 წელს გაჩნდა პოლიტიკური ნება, რომ ეს დასრულებულიყო და ქვეყანაში დამყარებულიყო წესრიგი და ამ წესრიგის პირველი და მთავარი ბენეფიციარი იყო რიგითი კანონმორჩილი მოქალაქე“, - განაცხადა ბიბილაშვილმა.
“2003 წლამდე ჩვეულებრივი მოვლენა იყო საქართველოში რუსული სტილის შეკვეთილი მკვლელობები. გავიხსენოთ გია ჭანტურია, სოლიკო ხაბეიშვილი, კახი ასათიანი, გიორგი სანაია და სხვები. ამ მკვლელობის დიდი ნაწილი კი არა, პრაქტიკულად ყველა, გაუხსნელია, ან გაუხსნელია იმ ფორმით, რომელიც ნულოვან სანდოობას იმსახურებს საზოგადოების მხრიდან. “ვარდების რევოლუციის“ შემდეგ ეს პრაქტიკა შეწყდა, არ მომხდარა არც ერთი მსგავსი შეკვეთილი მკვლელობა, თუმცა ეს ყველაფერი ისევ აღდგა 2012 წლიდან და ერთ-ერთი ბოლო იყო, მაგალითად, აღნიშნული ტიპის მკვლელობა - არ ვახსენებ ფარცხალაძესთან დაკავშირებულ ფაქტს, ვახსენებ ლევან კაჭარავას შეკვეთილ მკვლელობას, რომელიც გამოუძიებელია და ალბათ, რომელიც, ასევე, გამოძიებულ იქნება ისევე, როგორც კალაძის ძმის საქმე, ოდესმე, როდესაც იქნება ამის პოლიტიკური ნება“.- განაცხადა ბიბილაშვილმა.