ავტორი:

გიგანტური მარწუხები კოსმოსში “რკინის ნაგავს“ შეაგროვებს და გააკონტროლებს - რას წარმოადგენს ახალი ბრიტანული კოსმოსური მისია

გიგანტური მარწუხები კოსმოსში “რკინის ნაგავს“ შეაგროვებს და გააკონტროლებს - რას წარმოადგენს ახალი ბრიტანული კოსმოსური მისია

კოსმოსში ადგილი სულ უფრო ცოტა რჩება და აქ საუბარი ასტრონავტებზე სულაც არ არის. დედამიწის ირგვლივ წარმოუდგენელი სიჩქარით ათასობით ნარჩენი მოძრაობს. მათგან ზოგი მწყობრიდან გამოსული თანამგზავრია, ზოგიც რაკეტების დარჩენილი ნაწილები ან წარსულში მომხდარი შეჯახებებისგან წარმოქმნილი ნამსხვრევები. ნებისმიერ მათგანს, მოქმედ კოსმოსურ ხომალდს რომ შეეჯახოს, სერიოზული კატასტროფის გამოწვევა შეუძლია.

თუმცა დიდ ბრიტანეთს საკმაოდ ამბიციური და არაორდინალური გამოსავალი აქვს, ის რობოტიზებულ კოსმოსურ ხომალდს ქმნის, რომელსაც გიგანტური მარწუხებით მწყობრიდან გამოსული თანამგზავრების ჩაჭერა და დედამიწის ატმოსფეროში მათი დაწვა შეუძლიათ. წარმოიდგინეთ ორბიტაზე მოძრავი სანაგვე მანქანა, იმ განსხვავებით, რომ ამ მანქანამ ნაგავს მაშინ უნდა მიაგნოს და დაიჭიროს, როცა ორივე ობიექტი საათში ათასობით კილომეტრის სიჩქარით გადაადგილდება, თუ ყველაფერი გეგმის მიხედვით წარიმართება, ამ მისიამ შესაძლოა სრულიად შეცვალოს ის, თუ როგორ ვებრძვით დედამიწის თავზე არსებულ სულ უფრო მზარდ ქაოსს.

დიდი ბრიტანეთის კოსმოსურმა სააგენტომ სპეციალური ხომალდის შესაქმნელად, რომლის მთავარი დანიშნულებაც ორბიტიდან მკვდარი თანამგზავრების მოცილება იქნება, აეროკოსმოსური კომპანია “ClearSpace UK“ შეარჩია. კონტრაქტის ღირებულება დაახლოებით 81 მილიონ დოლარს შეადგენს.

ხომალდის გაშვება 2029 წლისთვის იგეგმება, ის სტარტს შოტლანდიის კუნძულებზე მდებარე საქსავორდის კოსმოდრომიდან აიღებს და მისი პირველი ამოცანა დედამიწის დაბალი ორბიტიდან ბრიტანეთში რეგისტრირებული ორი მწყობრიდან გამოსული თანამგზავრის გაყვანა იქნება.

ევროპის კოსმოსური სააგენტოს (ESA) მონაცემებით, ისინი დედამიწის ორბიტაზე რეგულარულად მეთვალყურეობენ 47,140-ზე მეტ ობიექტს, ეს რიცხვი მომუშავე თანამგზავრებს, უმოქმედო კოსმოსურ აპარატებს, რაკეტების კორპუსებსა და ნამსხვრევებს მოიცავს და ეს მხოლოდ ის ობიექტებია, რომლებიც საკმარისად დიდია საიმედო დაკვირვებისთვის. გარდა ამისა ESA-ს სავარაუდო გამოთვლებით, დედამიწის გარშემო მილიონობით უფრო მცირე ზომის ნაწილაკიც მოძრაობს. ამ ნარჩენებისგან მომავალი საფრთხე მათ უზარმაზარ სიჩქარეში მდგომარეობს, სულ რაღაც 1 სანტიმეტრის ზომის ნამსხვრევსაც კი შეუძლია ისეთი ენერგიის გადაცემა, რაც კოსმოსური ხომალდის მწყობრიდან გამოსაყვანად არის საკმარისი.

წყარო