ნიუ-იორკში, ბრუკლინის პარკში ხელოვნური ინტელექტით აღჭურვილი ჰუმანოიდი რობოტი გამოაჩინეს, რომელიც ადამიანებთან ურთიერთობასა და “ზრუნვას“ სწავლობს, რათა მომავალში ბავშვების ძიძად, მასწავლებლად ან კომპანიონად იქცეს.

კალიფორნიულმა კომპანიამ Faraday Future შექმნა $89,000-იანი ჰუმანოიდი რობოტი, რომელსაც კომპანიის ტექნიკური დირექტორი ჰონგ რაო (Hong Rao) მცირე დისტანციური პულტით მართავდა.
პარკში სეირნობისას რობოტი ბავშვებს უმღეროდა, ხალხთან ერთად ცეკვავდა და მანჰეტენის ხედებით ტკბებოდა. არგენტინელმა ტურისტებმა რობოტთან ფოტოებიც გადაიღეს, ხოლო პარკში მყოფი ადამიანების უმეტესობა რობოტის გამოჩენამ სრულიად არ შეაშფოთა.

ეს არ არის პირველი შემთხვევა, როდესაც ბრუკლინის პარკში რობოტი გამოჩნდა, მარტშიც დაფიქსირდა მსგავსი შემთხვევა, სადაც რობოტი ბავშვებთან ერთად თამაშობდა.
Faraday Future-ის წარმომადგენლების თქმით, ჰუმანოიდი ჯერ კიდევ სწავლისა და განვითარების სტადიაშია; იგი რეალურ სამყაროში ადამიანებთან ურთიერთობით იუმჯობესებს ინტელექტს, მოძრაობასა და გარემოში ორიენტაციის უნარს.

აღნიშნული მოვლენა იმ ფონზე ვითარდება, როდესაც ერთი თვით ადრე ნობელის პრემიის ლაურეატმა ხელოვნური ინტელექტის ექსპერტმა აშშ-ის კონგრესი გააფრთხილა, რომ კაცობრიობამ “ცნობიერების“ მქონე რობოტებთან დამეგობრება უნდა ისწავლოს, წინააღმდეგ შემთხვევაში კი განადგურება ემუქრება.