ეთიოპიის ორომიის რეგიონში ქრისტიანებზე განხორციელებული თავდასხმების სერიას 60-ზე მეტი ადამიანი ემსხვერპლა. ქვეყნის მართლმადიდებლური ეკლესიის წარმომადგენელთა შეფასებით, მომხდარი სასტიკ “მასობრივ მკვლელობას“ წარმოადგენს.
ადგილობრივი მცხოვრები, რომლის 75 წლის მამაც თავდასხმას ემსხვერპლა, მომხდარს ჩასაფრებად აღწერს.
ეკლესიის ოფიციალურმა პირმა შირკას რაიონის სამ ტერიტორიაზე განხორციელებულ იერიშს “მასობრივი მკვლელობა“ უწოდა და აღნიშნა, რომ უსაფრთხოების ძალები ადგილზე მივიდნენ, თუმცა თავდასხმის აღკვეთა ვერ შეძლეს. შექმნილი ვითარების გამო, უამრავმა ადგილობრივმა მცხოვრებმა ტერიტორია უკვე დატოვა.
ეთიოპიის მართლმადიდებლური ტევახედოს ეკლესიის წმინდა სინოდის განცხადებით, თავდასხმების შედეგად 20 სახლი საძირკვლამდე დაიწვა. BBC Amharic-თან საუბრისას თვითმხილველმა აღნიშნა, რომ მოკლულთაგან 5 ბავშვი იყო.
რეგიონულმა მთავრობამ განაცხადა, რომ პასუხისმგებელი პირების წინააღმდეგ ზომებს მიიღებს. ადგილობრივმა ოფიციალურმა პირმა თავდასხმებში ახლად ჩამოყალიბებული აჯანყებულთა კოალიცია “გადარჩენის ალიანსი“ დაადანაშაულა, რომელშიც “ორომოს გათავისუფლების არმია“ (OLA) შედის.
თავად OLA-ს კომენტარი არ გაუკეთებია.
მართლმადიდებლურმა ეკლესიამ ძალადობა დაგმო და აღნიშნა, რომ ბოლო პერიოდში ქრისტიანებზე თავდასხმები გახშირდა. ეკლესიის განცხადებით, მსგავსი ქმედებები ურყევს ქვეყნის ისეთ ღირებულებებს, როგორებიცაა ურთიერთპატივისცემა და მშვიდობიანი თანაარსებობა.