ბოლო წლებში სულ უფრო ხშირად ვრცელდება ინფორმაცია იმის შესახებ, რომ მსოფლიოს უმდიდრესი ადამიანები, ტექნოლოგიური გიგანტების დამფუძნებლები, ჰეჯ-ფონდების მენეჯერები და მილიარდერები - მილიონობით დოლარს დებენ პროექტებში, რომლებიც გლობალური კატასტროფისგან თავის დაღწევას უკავშირდება.
მსოფლიო ეკონომიკური არასტაბილურობის, გეოპოლიტიკური დაძაბულობის, კლიმატური ცვლილებებისა და ხელოვნური ინტელექტის სწრაფი განვითარების ფონზე, ჩნდება კითხვა: იციან თუ არა მილიარდერებმა რამე ისეთი, რაც დანარჩენმა მსოფლიომ არ იცის, თუ ეს უბრალოდ ჰიპერტროფირებული შიში და პარანოიაა?
ერთ-ერთი ყველაზე ცნობილი მაგალითი Meta-ს დამფუძნებელ მარკ ცუკერბერგს უკავშირდება. მედიაში გავრცელებული ცნობებით, მან ჰავაის კუნძულ კაუაიზე 100 მილიონ დოლარზე მეტი ღირებულების უზარმაზარი კომპლექსის მშენებლობა დაიწყო. პროექტი მოიცავს 5 000 კვადრატული ფუტის ფართობის მიწისქვეშა ბუნკერს, რომელსაც ექნება საკუთარი ენერგიისა და წყლის მომარაგების ავტონომიური სისტემები, ასევე აფეთქებისგამძლე კარები.
ცუკერბერგი ერთადერთი არ არის. ახალი ზელანდია წლებია იქცა პლანეტის ყველაზე პოპულარულ “სამალავად“ სილიკონის ველის მაგნატებისთვის. ისეთმა ცნობილმა ინვესტორებმა, როგორებიც არიან პიტერ ტილი (PayPal-ის თანადამფუძნებელი) და სხვები, ახალ ზელანდიაში უზარმაზარი მიწის ნაკვეთები შეიძინეს. ქვეყნის გეოგრაფიული იზოლაცია, სტაბილური პოლიტიკური გარემო და სუფთა წყლისა თუ სოფლის მეურნეობის რესურსები მას იდეალურ თავშესაფრად აქცევს გლობალური აპოკალიფსის შემთხვევაში.

თუკი ომის პერიოდის ბუნკერები ცივი და არაკომფორტული ბეტონის ოთახები იყო, თანამედროვე “აპოკალიფსური თავშესაფრები“ ხუთვარსკვლავიან სასტუმროებს არაფრით ჩამოუვარდება.
ისეთი კომპანიები, როგორებიცაა Vivos და Oppidum, აშენებენ ფუფუნების კლასის მიწისქვეშა კომპლექსებს: ბუნკერებში განთავსებულია აუზები, კინოთეატრები, სპორტული დარბაზები, ხელოვნური ბაღები და ღვინის მარნებიც კი.
ობიექტები აღჭურვილია სამხედრო დონის ჰაერის ფილტრაციის სისტემებით (რომლებიც ბირთვულ, ბიოლოგიურ და ქიმიურ საფრთხეებს უმკლავდება) და ღრმა ჭაბურღილებით.ზოგიერთი ასეთი ბუნკერის ღირებულება ათეულობით მილიონ დოლარს აღწევს და მათში ადგილები წინასწარ არის დაჯავშნილი.
ბელიონერების ნაწილი დედამიწის მიწისქვეშა თავშესაფრებით არ იფარგლება. ილონ მასკი (SpaceX) და ჯეფ ბეზოსი (Blue Origin) კოსმოსურ ინდუსტრიაში მილიარდობით დოლარის ინვესტიციას ახორციელებენ.
ილონ მასკი ღიად აცხადებს, რომ მისი მთავარი მიზანი კაცობრიობის “მრავალპლანეტურ სახეობად“ ქცევაა. მისი ხედვით, მარსზე თვითკმარად არსებული ქალაქის აშენება არის “დაზღვევა“ იმ შემთხვევისთვის, თუ დედამიწაზე გლობალური კატასტროფა (ბირთვული ომი, ასტეროიდის დაცემა ან ეკოლოგიური კოლაფსი) მოხდება.
სოციოლოგები და ფსიქოლოგები აღნიშნავენ, რომ მილიარდერების ეს ქცევა ერთგვარი “აპოკალიფსური შიშის“ შედეგია. როდესაც ადამიანს აქვს თითქმის განუსაზღვრელი ფინანსური რესურსი, მას უჩნდება სურვილი, გააკონტროლოს ისეთი მოვლენებიც კი, რომელთა გაკონტროლებაც პრაქტიკულად შეუძლებელია.
ექსპერტთა ნაწილი კი მიიჩნევს, რომ ეს ტენდენცია საგანგაშო სიგნალია: თუ ადამიანები, რომლებიც გლობალურ პროცესებსა და ტექნოლოგიურ პროგრესს მართავენ, მომავალს ასეთი პესიმიზმით უყურებენ და თავშესაფრებს იმზადებენ, ეს ნიშნავს, რომ თანამედროვე მსოფლიო სისტემა სერიოზული გამოწვევების წინაშე დგას.