"მე ვარ ჟიგული ტუკვაძე, მხატვარ-კერამიკოსი. დავიბადე 1948 წელს თერჯოლის რაიონში, პედაგოგების ოჯახში“ - ასე დაიწყო ჩვენთან საუბარი იშვიათი და საქართველოში უცხო სახელის მქონე ქართველმა კაცმა, პროფესიით მხატვარ-კერამიკოსმა ჟიგული ტუკვაძემ.
- საშუალო სკოლა 1966 წელს დავამთავრე. ხატვა მიყვარდა, დაინტერესებული ვიყავი და მინდოდა სწავლა გამეგრძელებინა სამხატვრო აკადემიაში. ასეც მოხდა: 1970 წელს ჩავაბარე თბილისის სახელმწიფო სამხატვრო აკადემიაში. გავხდი სტუდენტი მინა-კერამიკის ფაკულტეტზე - მხატვრული კერამიკა კიდევ ცალკე იყო, სადაც ამ სპეციალობას ვსწავლობდი.

აკადემია 1975 წელს დავამთავრე, მაგრამ მანამდე რაღაც ამბები იყო... ლექტორმა, კვასხვაძემ, დიპლომის დაცვის დროს განაცხადა, რომ სახელს თუ არ შეიცვლით, დიპლომის მიღება გაგიჭირდებათო. ამისთვის ყურადღება არ მიმიქცევია, არ შემიცვლია სახელი და დიპლომიც უპრობლემოდ ავიღე...

- ლექტორი თქვენს სახელთან დაკავშირებით პრობლემას ხედავდა... საერთოდ ვინ დაგარქვათ ეს სახელი და რატომ?
- მამაჩემმა დამარქვა. მეორე მსოფლიო ომის მონაწილე იყო. ომის შემდეგ რუსეთის ტერიტორიაზე, ვოლგის მიდამოებში, სანაპიროზე, ჟიგულის მთების ძირში რომ დადიოდა, რატომღაც ეს სახელი გონებაში ჩარჩენია. და როდესაც დავიბადე, დამარქვა კიდეც ჟიგული. მაშინ ეს სახელი თურმე გავრცელებულიც ყოფილა იქ, ლუდიც იყო ამ სახელწოდების, დღესაც გამოდის, მთელ საბჭოთა კავშირში იყო ცნობილი და არსებობდა ასევე ანსამბლი "ჟიგულიც“.
- არავის გაუპროტესტებია ოჯახში - დედას არაფერი უთქვამს?
- ჩემი მშობლები, როგორც ვთქვი, პედაგოგები იყვნენ. არც დედას და არც დეიდებს, არაფერი უთქვამთ, თან მაშინ ასე არ აპროტესტებდნენ ადამიანები მაინცდამაინც რაღაცებს...
- არადა, 1948 წელს მსუბუქი ავტომობილი "ჟიგული“ ჯერ არც არსებობდა...
- არა, რა თქმა უნდა. ასე რომ, ჩემს სახელს ავტომანქანასთან საერთო არაფერი ჰქონია და აქვს. "ჟიგული“ 1971 წელს გამოვიდა. მაშინ სამხატვრო აკადემიის სტუდენტი ვიყავი. მაგ დროს ჩემი სახელით აწ განსვენებული პროფესორი - დავით ციციშვილი დაინტერესდა. მითხრა: "მივწეროთ საბჭოთა კავშირის მინისტრთა საბჭოს, იქნებ "ჟიგული“ მოგცენ? მე ვუთხარი, - ბატონო დავით, ამის არ მჯერა. კი ბატონო, მომცენ, მაგრამ თან ასე განებივრებული არ ვარ, რომ ვინმემ რამე მომცეს-თქო. მე მივწერო და ჩემი სახელით მისწერა, მაგრამ იქიდან არანაირი პასუხი არ მოსულა. ასე რომ, ეს ყველაფერი არასერიოზულად ჩაითვალა.
- ადვილი მისახვედრია, რომ საქართველოში ამ სახელით ცხოვრება ბევრ კურიოზულ, თუ უხერხულ სიტუაციასთან იქნებოდა დაკავშირებული... ასეა?
- მოკლედ, როგორც ჩანს, გონებაში ჩამრჩა ის, რომ ყურადღება არ მომაქციეს. საერთოდაც, მქონდა სურვილი, რომ კარგი ავტომობილი მეყიდა და 1983 წელს შევიძინე "ჟიგული“... თავიდანვე ჩემი მიზანი იყო, რომ საექსპორტო შემეძინა, არადა, ისინი შიდა ბაზარზე არ ხვდებოდა - შიდა ბაზარზე საექსპორტოს მხოლოდ დაწუნებულები შემოდიოდა. ვფიქრობდი, იმას, რომ მაღაზიაში შემეძინა. ამიტომ ძებნა დიდხანს დამჭირდა და ამიტომ დამიგვიანდა. მართლა ურთულესი რამ იყო, დაახლოებით ისეთი, როგორც ახლა ბოლო გამოშვების "ტესლას“ ყიდვაა. მოკლედ, 43 წლის წინ ვიყიდე ნანატრი "ვაზ-21-061“ ანუ 06 03-ის ძრავით - ასეთი მოდიფიკაცია იყო, რომელსაც "კანადის ვარიანტი“ ერქვა, რადგან კანადაში იგზავნებოდა...
რაც შეეხება კურიოზებს ასეთი რამეები ხდებოდა: როდესაც იმდროინდელი ინსპექტორი გამაჩერებდა და გამომართმევდა საბუთებს - ჩემს პასპორტს და მანქანის პასპორტს, - იბნეოდა. ხან ერთს წაიკითხავდა და ხან - მეორეს. მძღოლიც ჟიგული და მანქანაც? ზოგს გამოჰქონდა ასეთი აზრი, რომ შენ გაქვს ახალი მართვის მოწმობა, რომელიც მარტო ჟიგულებისაა? მეც ვეხმარებოდი - მე ხომ ვარ ჟიგული და ჟიგულის მართვის მოწმობა მაქვს-თქო... ასეთი და სხვადასხვანაირი ამბავი ბევრი ყოფილა...

- თვითონ რამდენად გაითავისეთ ეს სახელი, საყვედური ხომ არ უთხარით მამას, რომ ჟიგული დაგარქვათ?
- არა, მომწონდა, ჩემი სახელი არავის რომ არ ერქვა. მართლა საკუთარი სახელი მქვია-თქო, - ასე ვამბობდი.
- მოფერებით რას გეძახდნენ?
- ზოგი "ჟიგუს“ მეძახდა, ზოგი - "ჟიგოს“, დედა - ჟიგუნას... ზოგი ვერც წარმოთქვამდა კარგად და სხვანაირად მეძახდა, მერე იყო, რომ "მერსედესოვიჩს“ მეძახდნენ, რა ვიცი...
- მომავალი მეუღლე როგორ შეხვდა თქვენს სახელს?
- მეუღლე თბილისში გავიცანი და იქვე დავოჯახდი. ჩემი მომავალი მეუღლე დარეჯანი, სანამ გამომყვებოდა, მეგობრებში რომ იტყოდა: დღეს ჟიგულმა უნდა მომაკითხოსო, ინტერესდებოდნენ: რა ფერის არის ჟიგული? ვიღაც ეტყოდა, ადგილი თუ აქვს მანქანაში? არადა, მანქანა მაშინ არ მქონდა...

თვითონ ავტომობილი "ჟიგული“ მასობრივად რომ გავრცელდა, ალბათ ზოგიერთი თვლიდა, რომ მანქანიდან გამომდინარე მერქვა, მე ვეუბნებოდი, ეგ ჩემზე ბევრად ახალგაზრდაა-მეთქი...
- ის ჟიგული ახლაც გაქვთ და როგორც ვნახე, საუკეთესო ფორმაშია!
- კი, ასეა. მაგ მანქანით შვილი პირველ კლასში მივიყვანე. ყველაფერს თავად ვუვლი. თავიდანვე ლიტერატურა შევიძინე და ვკითხულობდი ხოლმე და თუ რაიმე სჭირდებოდა, იმის მიხედვით ვაკეთებდი. ახლაც ასეა... ზოგი სხვას, ხელოსანს აკეთებინებს და ამბობს "მე გავაკეთეო“, მაგრამ მე ჩემი ხელით ვაკეთებ ყველაფერს. ასე რომ, ჩემი მანქანა 43 წლისაა და ისევ ისეთივე მოქმედია, როგორც ადრე... ვიღაცები რომ მხვდებიან და მას ნახულობენ, მეუბნებიან - მეც მქონდა ასეთიო, მერე კი მეკითხებიან, ხომ არ ვყიდი. უკვირთ, რომ ამდენი წლის მანქანა ასეთ მდგომარეობაშია. მეც ვუზიარებ ჩემი და ჩემი "ჟიგულის“ ამბებს... მხატვარი რომ ვარ, ეს ბევრ რამეში მეხმარება - ხელს რასაც მოვკიდებ, ყველაფერს დავატყობ ხოლმე. ჯერ არ ყოფილა, რომ ტექდათვალიერება ჩემს "ჟიგულის“ ვერ გაევლოს...
- სამხატვრო აკადემიის დამთავრების შემდეგ სკოლაში მუშაობდით?
- კი, სხვადასხვა სკოლაში ვმუშაობდი, მაგრამ მაშინდელი მიდგომა სულ სხვა იყო. ხატვას, როგორც საგანს დიდად არ აფასებდნენ, ზერელე მიდგომა ჰქონდათ... ნაკლებმნიშვნელოვნად თვლიდნენ... ასეთივე მიდგომა იყო სიმღერასთან, მუსიკასთან.

მერე იყო პერიოდი, როცა მოზაიკებს ვაწყობდი. ამას დიდ დრო დავუთმე, რომ შემოსავალი მქონოდა. იყო ხოლმე შეკვეთები მოსკოვიდან. ზურა წერეთლის ნამუშევრების შესრულებაზეც მიმუშავია მოზაიკის კუთხით. მაშინ ძალიან პოპულარული იყო და სსრკ-ის სხვადასხვა ქალაქში მასობრივად გავრცელებული. საავტომობილო გზებზე, სადგურებზე, შენობებზე მოზაიკას ხშირად შეხვდებოდით. ამ საქმით დაკავება ჩვენთვისაც კარგი შემოსავლის წყაროც იყო.

- როგორც შევიტყვე, მხოლოდ მხატვრობა კი არა, ძალიან ბევრი რამე გეხერხებათ, - თქვენმა შვილმა ეკამ მითხრა, რომ გამჭრიახი გონება და მარჯვე ხელები გაქვთ. რას გულისხმობდა?
- მართლაც ბევრი რამ გამიკეთებია საკუთარი ხელით. მაგალითად, ფონენდოსკოპიც კი თავად დავამზადე სახლის პირობებში. როცა ექიმს ჩვენთან ჰქონია საქმე, სახლში მოსულა, შემითავაზებია, ამით მოისმინეთ-მეთქი. ახალი არაფერი მომიგონია, მაგრამ ისეთივე ჩემით შემიქმნია. ასევე კერვაც მეხერხებოდა, მანქანის ჩიხოლები შემიკერავს და არაერთი. სხვადასხვა საოჯახო ნივთი შემიქმნია თუ შემიკეთებია. რაღაცას რომ შევხედავდი, ადვილად ვქმნიდი. გარდა ამისა, ვმუშაობდი ქარხანაში "ელექტროავტომატში“ მხატვრად. ლოზუნგებს ვწერდი კიდეც.
- ახალგაზრდობაში მაშველიც ყოფილხართ, მართალია?
- სამხედრო აკადემიის პრაქტიკა გვქონდა ქობულეთში, პიონერთა ბანაკების გაფორმება. ზაფხული იყო ხოლმე, იქ ხანგრძლივად გვიწევდა ყოფნა და თავისუფალ დროს ბანაკში მაშველადაც ვმუშაობდი ნიჩბებიანი ნავით, სანაპირო ზოლს ვიცავდით, მეგობართან ერთად. იმ პერიოდში იქ იმყოფებოდა ლეგენდარული ქართველი ფეხბურთელი - მიხეილ მესხი თავისი საფეხბურთო სკოლის მოსწავლეებით იყო ჩამოსული. მაშინ საბჭოთა კავშირის პერიოდი გახლდათ და შესაბამისად, იქ სასაზღვრო ზონა იყო. საღამოს საათებში ზღვაში ჩასვლა მკაცრად იკრძალებოდა. მაშინდელი პატრული, იარაღითა და პროჟექტორით დადიოდა, იცავდა იქაურობას... მოკლედ, საღამოს 9 საათის შემდეგ ზღვაში შესვლა იკრძალებოდა, რაც მკაცრად კონტროლდებოდა.
ერთ საღამოს, მიხეილ მესხი ნასვამ მდგომარეობაში წყალში შესულა. როცა დავინახეთ, რომ სიტუაცია დაიძაბა და ვეღარ გამოდიოდა, თან შველას ითხოვდა. მე და ჩემმა მეგობარმა ნავით მივუსწარით. ძალიან გაგვიჭირდა მისი ნავზე ამოყვანა. ამოყვანისას ცოტა მუცელიც გაეკაწრა, მაგრამ გადავარჩინეთ! ბანაკის დირექციამ და პატრულმა იცოდა ეს ამბავი, თუმცა განსაკუთრებული გახმაურება არ მოჰყოლია. მთავარია, რომ კაცი გადავარჩინეთ... იმ პერიოდში ჩემი იქ ყოფნისას ტრაგიკული შემთხვევა არ მომხდარა, თუმცა იყო, პატარ-პატარა ეპიზოდები, როცა ბავშვები მონიშნული ადგილების, ტივტივების იქით გასვლას მოინდომებდნენ ხოლმე. სწრაფად გამოგვყავდა. ძირითადად ბავშვების, პიონერების მიმართულებით ვმუშაობდი. ვაფრთხილებდი, ვაწესრიგებდი მათ სანაპიროზე ყოფნას.
- ბოლო 10 წელია, თურმე მშობლიურ კუთხეს, თერჯოლას დაუბრუნდით...
- კი, გადავწყვიტე, მშობლების სახლში გადავსულიყავი და აქაურობისთვის მიმეხედა. ფინანსები არ მქონდა, მაგრამ ვფიქრობდი, ისე მაინც მივხედო, აღვადგინო და მოვაწესრიგო, რომ ჩემმა შვილიშვილებმა დაისვენონ, ხშირად ჩამოვიდნენ-თქო.
ახლა ყოველ ზაფხულს ჩამოდიან და აქ ატარებენ დროს. მოკლედ, მივხედე სახლს, მეურნეობას - მყავს პირუტყვი, ძროხის მოწველაც კი ვისწავლე! ეს საქმე აქაც კი ეზარება ხალხს, ძალიან ცოტას ჰყავს საქონელი. რომ ჩამოვედი, პირდაპირ ამ საქმეს მოვკიდე ხელი, შევიძინე პირუტყვი. სიმინდიც მომყავს და კიდევ სხვა საქმეებსაც ვაკეთებ, როგორც შემიძლია.

- საკუთარ ოჯახზე რას გვეტყვით?
- სამი შვილი მყავს. ეკა უფროსია, - დამთავრებული აქვს უნივერსიტეტის ასპირანტურა და ჟურნალისტიკა. შემდეგი სოფიკოა, იურიდიული ფაკულტეტი დაამთავრა. ბიჭი, ირაკლიც, ასევე იურისტია... მეუღლე თბილისელი ქალია, სპორტსმენი იყო - ტანმოვარჯიშე. შვილებიც დადიოდნენ სპორტზე პატარები რომ იყვნენ, გოგონები მოციგურავეები იყვნენ, ბიჭი - მკლავჭიდელი.
მოკლედ, ასე ვცხოვრობ ახლა თერჯოლაში, ვშრომობ, ვუვლით ჩვენს ოჯახსა და მეურნეობას...