რუსი რეპერის, Kizaru-ს, ნამდვილი სახელით ოლეგ ნეჩიპორენკოს, ორსულმა შეყვარებულმა, ეკატერინა პლუჩევსკაიამ, განაცხადა, რომ მასზე ფიზიკურად იძალადეს. ქალმა სოციალურ ქსელში ბარსელონას საავადმყოფოს სამედიცინო დოკუმენტებიც გამოაქვეყნა, რომელთა მიხედვითაც, მას მენჯის მოტეხილობა დაუდგინდა.
მომხდარი თავდაპირველად თაყვანისმცემლებმა რეპერის ახალი სიმღერის პრომო კამპანიას დაუკავშირეს. მოგვიანებით კი ეკატერინამ ბარსელონის საავადმყოფოს დოკუმენტები გამოაქვეყნა. დოკუმენტების მიხედვით, ქალი 22 ოქტომბერს საავადმყოფოში გადაიყვანეს, რადგან მასზე ფიზიკურად იძალადეს. მოგვიანებით პლუჩევსკაიამ დაწერა, რომ ექიმებმა მენჯის მოტეხილობა დაუდგინეს.
"საინტერესო ნაკრები გამოდის: ნარკოტიკებსაც ვიღებ, ნარკოტიკებითაც ვვაჭრობ, ორსულ ქალებსაც ვცემ, საათებსაც ვიპარავ, მდიდარი ოჯახიდანაც ვარ და ინტერპოლიც მომისყიდია. გამოდის, ნამდვილი ჩემპიონი ვარ“, - განაცხადა Kizaru-მ.

მედიის ცნობით, ქალმა რეპერის წინააღმდეგ პოლიციაში განცხადებაც შეიტანა. გამოცემა წერს, რომ გამოძიების შედეგების მიხედვით, მუსიკოსს შესაძლოა, სერიოზული პრობლემები შეექმნას, მათ შორის, ესპანეთში ბინადრობის ნებართვა გაუუქმონ, რასაც შესაძლოა რუსეთში ექსტრადიცია მოჰყვეს. იქ მას სისხლის სამართლის ბრალდებებით გაასამართლებდნენ.
Kizaru რუსეთიდან 2014 წელს გაიქცა. გამოცემის ცნობით, იმ დროს სანქტ-პეტერბურგში ნარკოტიკებთან დაკავშირებული სკანდალის გამო, მასზე ძებნა გამოცხადდა.
წყვილს ადრეც ჰქონია საჯარო კონფლიქტი. წლის დასაწყისში ეკატერინამ რამდენიმე პოსტი გამოაქვეყნა, სადაც რეპერის სხვა ქალებთან მიმოწერის სქრინშოტები ჩანდა. მან შეყვარებული ღალატში დაადანაშაულა, თუმცა მოგვიანებით პოსტები წაშალა და განმარტა, რომ მას ძველი მიმოწერები გაუგზავნეს, რომლებიც იმ პერიოდს ეხებოდა, როდესაც ერთმანეთს ჯერ კიდევ არ იცნობდნენ. მისი თქმით, ინფორმაცია გადამოწმების გარეშე გამოაქვეყნა.