პოლიციის ინფორმაციით, 40 წლის ლევან ალექსიძე და 47 წლის მამუკა ჩაგანავა კონექტიკუტის შტატის ქალაქ ფეარფილდის მდიდრულ უბანში სახლებს ძარცვავდნენ. სამართალდამცველების ვერსიით, ისინი მორიგი სახლის გაქურდვას გეგმავდნენ, როდესაც მათი ავტომობილი შეაჩერეს.
Daily Voice-ის ინფორმაციით, დაკავებულები არიან 40 წლის ლევან ალექსიძე და 47 წლის მამუკა ჩაგანავა.

გამოძიების ფარგლებში, სამართალდამცველებმა სანომრე ნიშნების ავტომატური ამომცნობი კამერების ჩანაწერები გამოიყენეს. კამერებმა ავტომობილი იმ ადგილიდან გასვლისას დააფიქსირა, სადაც ერთ-ერთი ქურდობა მოხდა. პოლიციის ცნობით, ამ ინფორმაციამ, სხვა მტკიცებულებებსა და საგამოძიებო მოქმედებებთან ერთად, ეჭვმიტანილების იდენტიფიცირება შესაძლებელი გახადა.
დაკავების საღამოს ფეარფილდის დეტექტივები და ქალაქ ბრიჯპორტის ავტომობილების ქურდობასთან ბრძოლის სპეციალური ჯგუფი Greenfield Hill-ის უბანში შესაძლო ქურდობების აღკვეთაზე მუშაობდნენ.
ფეარფილდის პოლიციის უფროსმა მაიკლ პარიზმა განაცხადა, რომ დაკავება დეტექტივების, საპატრულო პოლიციისა და სამართალდამცავი პარტნიორების ერთობლივი მუშაობის შედეგი იყო. მისი თქმით, როდესაც ქალაქში დანაშაულის განმეორებადი შემთხვევები იკვეთება, პოლიცია მათ წინააღმდეგ საჭირო რესურსებს მიმართავს.
ლევან ალექსიძესა და მამუკა ჩაგანავას პირველი ხარისხის ქურდობის ჩადენის მიზნით, შეთქმულების ბრალდება აქვთ წარდგენილი. პოლიციის ინფორმაციით, თითოეულ მათგანს 100 000-დოლარიანი გირაო შეუფარდეს.
საქმის დამატებითი დეტალები სამართალდამცველებს არ გაუვრცელებიათ.