ბრიტანელი კომიკოსისა და მსახიობის, რასელ ბრენდის ყოფილმა პირადმა ასისტენტმა, ჰელენ ბერგერმა, სასამართლოში განაცხადა, რომ ბრენდის სექსუალური ქცევა და ქალების მიმართ დამოკიდებულება ხშირად პრობლემური იყო, თუმცა მის გარემოცვაში ამას ჩვეულებრივ ამბად აღიქვამდნენ.
ბერგერის თქმით, ბრენდი ძალიან ენერგიული იყო, თუმცა მასთან მუშაობა ერთ-ერთი ყველაზე რთული გამოცდილება აღმოჩნდა. საბოლოოდ, ასისტენტმა სამსახური დაღლილობისა და შექმნილი გარემოს გამო დატოვა.

"მიუხედავად იმისა, რომ ადრეც მიმუშავია ცნობილ ადამიანებთან და მინახავს, როგორ აღიქვამენ ცუდ ქცევას ნორმად, ეს სრულიად სხვა დონე იყო. მის საქციელს ყველა ჩვეულებრივ ამბად მიიჩნევდა და უარყოფდა, რის გამოც მეც მიჩნდებოდა განცდა, რომ, შესაძლოა, ეს მართლაც ჩვეულებრივი რამ ყოფილიყო“, - განაცხადა ბერგერმა პოლიციისთვის 2024 წლის მაისში მიცემულ ჩვენებაში.
"მას გიჟური სექსუალური მადა ჰქონდა და დღე და ღამე ადამიანებთან ერთად ეძინა. ძალიან ღიად საუბრობდა საკუთარ საჭიროებებზე“, - ნათქვამია ჩვენებაში.

ბერგერის თქმით, ბრენდი ქალების გასაცნობად სოციალურ ქსელ Myspace-ს იყენებდა. ქალები ხშირად სტუმრობდნენ მის ბინას ლონდონის ჩრდილოეთ ნაწილში, კემდენში.
რასელ ბრენდს 1999-2005 წლებში 4 ქალის გაუპატიურებისა და მათზე სექსუალური ხასიათის ძალადობის საქმეზე ბრალი წარედგინა.
აღნიშნულ საქმეზე ბრიტანეთის პოლიციამ გამოძიება მას შემდეგ დაიწყო, რაც 2023 წლის სექტემბერში Sunday Times-მა, The Times-მა და Channel 4-ის დოკუმენტურმა სერიალმა Dispatches-მა, ერთობლივი ჟურნალისტური გამოძიების შედეგად, სავარაუდო მსხვერპლი ქალების ისტორიები გაავრცელეს.
კომიკოსი ყველა ბრალდებას უარყოფს.