პარლამენტმა დაჩქარებული წესით განიხილა და პირველი მოსმენით - 79 მომხრე, 8 - წინააღმდეგი მხარი საკანონმდებლო პაკეტს დაუჭირა, რომლის ამოქმედების შედეგად, სამორინეებს საერთაშორისო აზარტული ტურნირების მოწყობის შესაძლებლობა ექნება.
კანონის პროექტის თანახმად, საერთაშორისო აზარტული ტურნირი განისაზღვრება როგორც თამაშობა, რომელსაც სამორინეს მოწყობის ნებართვის მფლობელი ატარებს და სადაც მონაწილეთა საერთო რაოდენობის არანაკლებ 70% უცხო ქვეყნის მოქალაქე უნდა იყოს. პროექტით დგინდება, რომ თუ ორგანიზატორი კლუბის მაგიდას მხოლოდ საერთაშორისო ტურნირის ჩატარებისთვის იყენებს და ტურნირის საპრიზო ფონდი 3-მილიონ ლარს აღემატება, ორგანიზატორი სათამაშო ბიზნესის მოსაკრებელს არ გადაიხდის.
პროექტის ერთ-ერთმა ინიციატორმა, პარლამენტის ეკონომიკური პოლიტიკის კომიტეტი თავმჯდომარემ შოთა ბერეკაშვილმა განმარტა, რომ საერთაშორისო აზარტული ტურნირი პირდაპირი გაგებით აზარტული თამაში არ არის და ასეთი შეჯიბრება ევროპის არაერთ ქალაქში ტარდება. მისი თქმით, ინიციატივის მიზანი არატურისტულ სეზონებში ტურისტული სექტორის განვითარების ხელშეწყობაა.