ავტორი:

ხუმრობა, რის გამოც მბაპე ჩინეთში “აკრძალეს“ და საჯარო ბოდიში - ფეხბურთის ვარსკვლავი ინტერნეტ მემეს გამო სკანდალში გაეხვა

ხუმრობა, რის გამოც მბაპე ჩინეთში “აკრძალეს“ და საჯარო ბოდიში - ფეხბურთის ვარსკვლავი ინტერნეტ მემეს გამო სკანდალში გაეხვა

ფრანგმა ფეხბურთელმა კილიან მბაპემ ბოდიში მოიხადა ჩინეთის ყოფილ ლიდერ მაო ძედუნთან დაკავშირებით გაკეთებული “დაუფიქრებელი“ კომენტარის გამო, რამაც ჩინეთში დიდ სკანდალში გახვია და რამდენიმე მსხვილმა კომპანიამ მასთან პარტნიორობაც კი შეწყვიტა.

  • რამ გამოიწვია სკანდალი - ინტერვიუ და “დიქტატორის“ მიმი

გავრცელებული ცნობით, “რეალ მადრიდისა“ და საფრანგეთის ნაკრების ვარსკვლავმა გადაცემა “The Bridge“-ში საუბრისას აღნიშნა, რომ ყველაზე მეტად ეცინება მიმზე, სადაც ვიდეოში ჩანს კაცი, რომელიც, მისი აზრით, “ჩინელი დიქტატორია“. ვიდეოში ჩანს, როგორ იცინის მბაპე, როდესაც კადრში მისი სახე მაო ძედუნის გამოსახულებაზეა დატანილი.

აღნიშნული მიმი უკავშირდება გავრცელებულ ხუმრობას, რომლის მიხედვითაც ფრანგ ფორვარდს ფეხბურთში მისი უდიდესი გავლენის გამო “დიქტატორს“ უწოდებენ.

“ჩემი კომენტარი იყო დაუფიქრებელი და ახლა ვხვდები, რომ მან გული ატკინა უამრავ ადამიანს ჩინეთში და ჩინურ თემებს მთელ მსოფლიოში. ბოდიშს ვუხდი ყველას, ვინც ჩემმა სიტყვებმა გაანაწყენა“, - აღნიშნა მბაპემ სპეციალურ განცხადებაში. ბოდიში მოიხადა ესპანეთის “ლა ლიგამაც“, სადაც აღნიშნეს, რომ ღრმად წუხან იმ შეურაცხყოფის გამო, რაც მბაპეს სიტყვებმა ჩინელ გულშემატკივრებს მიაყენა.

ჩინეთში, სადაც კომუნისტური პარტია მაო ძედუნს ეროვნულ ხატად მიიჩნევს, ამ ხუმრობას უარყოფითი რეაქცია მოჰყვა. მართალია, ჩინურ სოციალურ ქსელებში ცალკეულმა მომხმარებლებმა ფეხბურთელს მხარი დაუჭირეს, თუმცა მკაცრად კონტროლირებად ინტერნეტსივრცეში ეს იშვიათ გამონაკლისად დარჩა.

ფრანგი თავდამსხმელის კომენტარებს ჩინურ საფეხბურთო ფორუმ “Dongqiudi“-ზე მწვავე გამოხმაურება მოჰყვა. ფორუმმა აღნიშნა, რომ ეს განცხადებები იყო “შეუფერებელი“ და “ლახავდა ჩინელი ხალხის გრძნობებს“. სოციალურ ქსელ Weibo-ზე სწრაფად გავრცელდა მოწოდებები მბაპესა და “რეალ მადრიდის“ ბოიკოტირების შესახებ.

მომხდარის შემდეგ ჩინურმა ბრენდებმა მბაპესთან თანამშრომლობის შეწყვეტა დაიწყეს. ქვეყნის უმსხვილესმა რძის მწარმოებელმა კომპანია “Mengniu“-მ და სასმელების გიგანტმა “Dongpeng“-მა განაცხადეს, რომ ნულოვანი ტოლერანტობა აქვთ ნებისმიერი ქმედების მიმართ, რაც ჩინელი ხალხის ეროვნულ გრძნობებს შეურაცხყოფს.

ამასთან, სახელმწიფო ტელეკომპანია CCTV-ის საინფორმაციო აპლიკაციებმა მბაპესთან დაკავშირებული კონტენტი გააუქმეს, ხოლო ტელეკომპანიამ “ლა ლიგის“ მატჩების ტრანსლირაციაც შეაჩერა. ჩინეთის საგარეო საქმეთა სამინისტროს სპიკერმა ლინ ჯიანმა განაცხადა, რომ სიტყვები და ქმედებები, რომლებიც ჩინელი ხალხის გრძნობებს ლახავს, ბუნებრივად წააწყდება საზოგადოების წინააღმდეგობას.

  • რატომ არის მაო ძედუნის თემა განსაკუთრებით სენსიტიური?

მაო ძედუნმა 1949 წელს “ჩინეთის სახალხო რესპუბლიკა“ დააფუძნა და ქვეყანას გასული საუკუნის 60-იან და 70-იან წლებში მართავდა. ჩინეთის კომუნისტური პარტია მას დღემდე უდავო ავტორიტეტის მქონე ეროვნულ სიმბოლოდ მიიჩნევს. ამიტომ, მაო ძედუნზე ხუმრობები თუ მიმები აღიქმება არა მხოლოდ პარტიის, არამედ ქვეყნის ისტორიის შეურაცხყოფად.

თავად მბაპემ განაცხადა, რომ მისი “დიქტატორად“ მოხსენიება და მსგავსი მიმები ზოგჯერ “პოლიტიკური და ადამიანური ცნობიერების ნაკლებობას“ ასახავს.

“ასეთ ადამიანებთან შედარება, რომლებმაც ისტორიაში მილიონობით ადამიანს უბედურება მოუტანეს... არ ვფიქრობ, რომ ჩემს ცხოვრებაში მსგავსი რამ ჩამიდენია“, - აღნიშნა ფეხბურთელმა.

წყარო