გასულ ორშაბათს, გერმანელი ალპინისტი “ამა-დაბლამის“ მწვერვალის დაპყრობიდან მეორე დღეს, დაახლოებით 1 500 მეტრის სიმაღლიდან გადავარდა და დაიღუპა. ამის შესახებ ტურისტული კომპანიის ოპერატორმა განაცხადა.
57 წლის ვოლფგანგ ვაშიჩეკი დაკარგულად მესამე სამთო ბანაკში გამოაცხადეს, რომელიც ზღვის დონიდან დაახლოებით 6 200 მეტრზე მდებარეობს. კვირას, 6 812-მეტრიანი მწვერვალის დაპყრობის შემდეგ, ის დაშვების დაწყებამდე ბანაკში ისვენებდა.
ტრურისტული კომპანია Real Himalaya-ს ხელმძღვანელის, გოკულ თაპამას თქმით, ვაშიჩეკის პირადმა გიდმა ალპინისტი კარავში რამდენიმე წუთით დატოვა და სთხოვა, შიგნით დარჩენილიყო, თუმცა უკან დაბრუნებულ გიდს ვაშიჩეკი ადგილზე აღარ დახვდა.
მთამსვლელის ცხედარი ორშაბათს, დილის დაახლოებით 8 საათზე, მეორე ბანაკის მიდამოებში, ზღვის დონიდან 4 600 მეტრის სიმაღლეზე შენიშნეს. ამის შემდეგ ის დედაქალაქ კატმანდუში გადაასვენეს, სადაც ტრიბჰუვანის უნივერსიტეტის კლინიკურ საავადმყოფოში გვამის ექსპერტიზა ჩატარდება.
გავრცელებული ინფორმაციით ეს ვაშიჩეკის მეორე ვიზიტი იყო ნეპალში, პირველად ქვეყანას ის 2024 წელსაც ეწვია .