უკრაინა სახმელეთო რობოტებზე ყუმბარმტყორცნებს ამონტაჟებს. ეს სამხედრო ძალებს საშუალებას აძლევს რუსულ პოზიციებზე შეტევა ისე მიიტანონ, რომ ჯარისკაცებს ფრონტის წინა ხაზზე ყოფნა არ დასჭირდეთ.
რუსეთის სრულმასშტაბიანი შეჭრის დასაწყისიდან, განსაკუთრებით კი სანგრებში ახლო ბრძოლების დროს, ყუმბარები უკრაინული მხარისთვის მნიშვნელოვან იარაღს წარმოადგენს, თუმცა ბრძოლის ველის დინამიკა იცვლება, უწყვეტი, მჭიდროდ განლაგებული სანგრების სისტემების ნაცვლად, სამხედროები მტერს სულ უფრო ხშირად მცირე ჯგუფებად, გაფანტული თავდაცვითი პოზიციებიდან ებრძვიან.

ამასთანავე, ე.წ. “სიკვდილის ზონაში“ დრონების სიმრავლე ფრონტის წინა ხაზთან მიახლოებას სერიოზულად ართულებს. მიუხედავად იმასა რომ სამხედრო ოპერაციების დროს ქვეითი ჯარი კვლავ კრიტიკულად მნიშვნელოვან კომპონენტად რჩება, უპილოტო აპარატები და რობოტები თანდათან იკავებენ მის ადგილს და სხვადასხვა ამოცანას ასრულებენ - ლოგისტიკიდან და ევაკუაციიდან დაწყებული, იერიშებით დამთავრებული.
სამხედრო ტექნიკის მწარმოებლების განცხადებით, ყუმბარმტყორცნებს სულ უფრო ხშირად ამონტაჟებენ უპილოტო სახმელეთო ტრანსპორტზე (UGV), რაც ჯარისკაცებს უსაფრთხო დისტანციიდან იერიშის მიტანის საშუალებას აძლევს.

როგორც უკრაინული რობოტექნიკისა და თავდაცვითი კომპანია DevDroid-ის კვლევისა და განვითარების დირექტორმა, ოლეგ ფედორიშინმა აღნიშნა, “ყუმბარმტყორცნი მოსახერხებელი იარაღია, რადგან მტრის განადგურებისთვის მისი თვალით დანახვა აუცილებელი არ არის. დამალული ჯარისკაცის განადგურება ყუმბარმტყორცნით გაცილებით ადვილია, ვიდრე, მაგალითად, ტყვიამფრქვევით, რომელიც პირდაპირი ხედვის იარაღს წარმოადგენს.“
ყუმბარმტყორცნების გარდა, რობოტებს სხვა იარაღის ტარებაც შეუძლიათ, მათ შორის არის ტანკსაწინააღმდეგო ყუმბარმტყორცნები და ამერიკული M2 Browning-ის ტიპის მძიმე ტყვიამფრქვევები.

სახმელეთო რობოტების გამოყენება ასევე აღჭურვილობის გადაზიდვისთვის, დაჭრილების ევაკუაციისთვის, მტრის პოზიციების აფეთქების, დანაღმვისა და სხვადასხვა ტიპის შეიარაღებიდან ცეცხლის გახსნისთვის არის შესაძლებელი. ბოლო დროს მათი გამოყენების მასშტაბი მკვეთრად არის გაზრდილი. ივნისში, უკრაინის თავდაცვის სამინისტრომ განაცხადა, რომ 2026 წელს უკვე გააფორმა კონტრაქტი 22,000-ზე მეტ უპილოტო სახმელეთო ტრანსპორტზე, რაც თითქმის ორჯერ მეტია გასული წლის მთლიან მაჩვენებელზე.
უკრაინის ფრონტზე ყუმბარმტყორცნებით შეიარაღებული რობოტების გამოჩენა კიდევ ერთი მაგალითია იმისა, თუ როგორ აერთიანებს ეს ომი საბრძოლო მოქმედებების ძველ ელემენტებს ახალ, მოწინავე ტექნოლოგიებთან.