ისრაელის საარჩევნო კომისიამ ხმების , 41.9% -ის დათვლის შემდეგ საპარლამენტო არჩევნების წინასწარი მონაცემები გამოაქვეყნა, რომლის თანახმადაც, პრემიერ-მინისტრ ბენიამინ ნეთანიაჰუს ბლოკი 120-ადგილიან ქნესეთში 57 მანდატს მოიპოვებს, მისი კონკურენტის, გადი აიზენკოტის ბლოკი კი - 47 მანდატს, - ინფორმაციას The Times of Israel-ი ავრცელებს.
არჩევნებზე ამომრჩეველთა აქტივობამ 77.7% შეადგინა.
“მემარჯვენე ბლოკს აქვს მკაფიო და გადამწყვეტი უმრავლესობა სიონისტურ საზოგადოებაში, ებრაულ საზოგადოებაში და ყველა იმ ადამიანს შორის, ვინც მხარს უჭერს სახელმწიფოს“, - The Times of Israel-ის ცნობით, ამის შესახებ პრემიერ-მინისტრმა ბენიამინ ნეთანიაჰუმ იერუსალიმში, პარტია “ლიკუდის“ საარჩევნო შტაბში განაცხადა.
ამასთან, მან არაბულ პარტიებთან თანამშრომლობა გამორიცხა და განაცხადა, რომ “დაუშვებელია ისრაელის საფრთხის ქვეშ დაყენება და ისეთი მთავრობის შექმნა, რომელიც ანტისიონისტურ არაბულ პარტიებზე იქნება დამოკიდებული - პარტიებზე, რომლებიც ეწინააღმდეგებიან ჩვენს არსებობას, “ჰამასს“ ქველმოქმედ ორგანიზაციად მიიჩნევენ, ხოლო ჩვენს ჯარისკაცებს - ომის დამნაშავეებად“.
ნეთანიაჰუს თქმით, ისრაელმა ირანთან ომი უნდა მოიგოს და ბოლო უნდა მოუღოს მის ისლამისტურ მთავრობას.
“ეს ჯერ არ დასრულებულა, რადგან სანამ არსებობს ეს ფანატიკური რეჟიმი - რეჟიმი, რომელმაც ჩვენი ამოძირკვა თავის არსებობის მთავარ მიზნად აქცია - ის კვლავ შეეცდება ჩვენს განადგურებას. ჩვენს ძალებშია, ჩვენს შესანიშნავ მეგობართან, პრეზიდენტ ტრამპთან ერთად, ერთხელ და სამუდამოდ აღმოვფხვრათ ეს საფრთხე. ისრაელს, თავის პარტნიორთან, პრეზიდენტ ტრამპთან ერთად, ეძლევა უნიკალური ისტორიული შესაძლებლობა, ერთხელ და სამუდამოდ მოიშოროს ირანიდან მომდინარე ეგზისტენციალური საფრთხე”, - აღნიშნა ნეთანიაჰუმ.