გასულ კვირას საკონსტიტუციო სასამართლოში დაიწყო "ქართული ოცნების" საკონსტიტუციო სარჩელის განხილვა, რომლითაც მოთხოვნილია ხუთი ოპოზიციური პარტიის არაკონსტიტუციურად გამოცხადება და აკრძალვა. ამასთან დაკავშირებული სხდომა დღეს განახლდება. შეგახსენებთ, 2024 წლის საპარლამენტო არჩევნებზე, ცესკოს მონაცემებით, 5-პროცენტიანი ბარიერი გადალახა ხუთმა პარტიამ, მათ შორის ერთი "ქართული ოცნებაა", დანარჩენი ოთხის ("კოალიცია ცვლილებებისთვის", "ნაციონალური მოძრაობა", "ლელო - ძლიერი საქართველო", "გახარია საქართველოსთვის") აკრძალვას კი სწორედ მმართველი ძალა მოითხოვს. დამატებით, სარჩელი შეეხება "ფედერალისტებსაც", რომლებიც სასამართლო განხილვებში არ მონაწილეობენ. როგორ შეიძლება შეფასდეს მიმდინარე პროცესი, რა სამართლებრივი თუ პოლიტიკური საფუძვლები არსებობს ოპოზიციური პარტიების ასაკრძალად? - ამ კითხვით იწყებს ინტერვიუს კონსტიტუციონალისტ ვახტანგ ძაბირაძესთან გაზეთი "კვირის პალიტრა", რომლიდანაც ფრაგმენტს გთავაზობთ:
- სამწუხაროდ, მე საერთოდ ვერ ვხედავ საკონსტიტუციო პროცესს, ოდნავ მაინც რომ მჯეროდეს, რომ საკონსტიტუციო სასამართლო დამოუკიდებელი ორგანოა, კიდევ შეიძლებოდა რაიმე შინაარსობრივ სამართლებრივ მოლოდინზე თუ იურიდიულ ნორმებზე მსჯელობა. თუმცა, ისევე როგორც მთლიანად სასამართლო სისტემა საქართველოში, საკონსტიტუციო სასამართლოც ხელისუფლების ნების პირდაპირი აღმსრულებელია.
ამიტომ ამ პროცესში მთავარი და გადამწყვეტი არის ის, თუ ამ კონკრეტულ ეტაპზე "ქართული ოცნებისთვის" პოლიტიკურად რა იქნება უფრო ხელსაყრელი: ოპოზიციური პარტიების სრული და საბოლოო აკრძალვა, მათი ნაწილის აკრძალვა და ნაწილის დატოვება, თუ პროცესის მაქსიმალურად გაჯანჯლება ან გადადება - აი, ეს არის ერთადერთი რეალური კითხვა. ამიტომ სამართალი და უშუალოდ სასამართლოს წევრები ნამდვილად არაფერ შუაში არიან. ისინი უბრალოდ აფორმებენ იმ პოლიტიკურ გადაწყვეტილებას, რომელიც სულ სხვა კაბინეტებში თუ სასახლეში მიიღება.
- როდესაც ხელისუფლების წარმომადგენლები აცხადებენ, ჩვენ საზოგადოებას დავპირდით "ნაციონალური მოძრაობისა" და მასთან დაკავშირებული პარტიების აკრძალვას და ამ დაპირებას ვასრულებთო, ხოლო მეორე მხრივ ამბობენ, ეს არის წმინდა სამართლებრივი პროცესი და ოპოზიციას რატომ გადაჰყავს პოლიტიკურ ჭრილშიო, რას ნიშნავს ეს? რის მიღწევას ცდილობს მმართველი გუნდი?
- "ქართულ ოცნებას" კი სურს ეს პროცესი მოაქციოს მხოლოდ ვიწრო, ფორმალურ სამართლებრივ ჩარჩოში, მაგრამ ეს წარმოუდგენელი აბსურდია... როგორც ჩანს, მმართველ გუნდში არ ელოდნენ, რომ ოპოზიცია ასე აქტიურად ჩაერთვებოდა ამ განხილვებში. სავარაუდოდ, ხელისუფლების ვარაუდი და გათვლა იყო, რომ ოპოზიციური პარტიები უარს იტყოდნენ პროცესში მონაწილეობაზე, ბოიკოტს გამოუცხადებდნენ მას. მაგრამ როდესაც ოპოზიცია გამოცხადდა სასამართლოში და სრული სერიოზულობით ჩაერთო პროცესში, "ქართულ ოცნებას" აღარ უნდა ამ დარბაზიდან პოლიტიკური განცხადებები ისმოდეს.
ისინი ცდილობენ მხოლოდ გარკვეული პროცედურული საკითხების დაშვებას, მაგრამ უმარტივესი კითხვა იბადება: როგორ შეიძლება პროცესი არ იყოს პოლიტიკური? დიახ, ის მიმდინარეობს სასამართლოს შენობაში, მაგრამ განსახილველი საქმე წმინდა პოლიტიკური ხასიათისა და შეუძლებელია პოლიტიკური შინაარსის საქმე დარჩეს პოლიტიკური შეფასებებისა და პროცესის გარეშე! წარმოუდგენელია, რომ ოპოზიციამ სრულიად სწორი და ტაქტიკურად მართებული გადაწყვეტილება მიიღო, როდესაც ამ პროცესში ჩაერთო. თუ ამ საქმეს ექნება გაგრძელება - და როგორც ოპოზიციის წარმომადგენლები აცხადებენ, შიდაეროვნული სამართლებრივი ინსტანციების ამოწურვის შემდეგ პროცესი აუცილებლად გადაინაცვლებს ევროპულ სასამართლოში (სტრასბურგში), მაშინ თითოეულ დეტალს ოქროს ფასი აქვს.
სტრასბურგის სასამართლოსთვის მთავარი იქნება არა ის, თუ რამდენ შუამდგომლობას დააკმაყოფილებს ან უარყოფს საქართველოს საკონსტიტუციო სასამართლო, არამედ ის, თუ რამდენი შუამდგომლობა ექნება ოფიციალურად, სტატისტიკურად დაყენებული ოპოზიციას, რამდენზე იტყვის უარს სასამართლო და როგორი იქნება ამ უარის სამართლებრივი (ან უსამართლო) დასაბუთება.
არავის გვაქვს ილუზია, რომ საქართველოში ობიექტური და რეალურად სამართლებრივი პროცესი ჩატარდება... ნამდვილი სამართლებრივი განხილვა დაიწყება მხოლოდ მაშინ, თუ ევროპული სასამართლო მიიღებს ამ სარჩელს და დაიწყებს მის არსებით განხილვას. აქ კი, საქართველოში, ეს არის წმინდა პოლიტიკური ბრძოლა.
- რა დინამიკით შეიძლება განვითარდეს ეს პროცესი საკონსტიტუციო სასამართლოში, რა არის ყველაზე მოსალოდნელი სცენარი?
- რომ გითხრათ, რაღაც განსაკუთრებით დაძაბული ვარ ან სენსაციურ გადაწყვეტილებებს ველოდები-მეთქი, ნამდვილად არა. ამ ეტაპზე სიურპრიზებს არ ველი. ყველაზე დიდი ალბათობა არის ის, რომ ეს პროცესი გაჭიანურდეს. არა მგონია, დღეს პოლიტიკური ვითარება, როგორც ქვეყანაში, ისე მის გარეთ იმდენად იყოს მომწიფებული, რომ ბიძინა ივანიშვილმა მიიღოს რადიკალური გადაწყვეტილება: ან პარტიების საბოლოო აკრძალვაზე ან სარჩელის უკან გაწვევაზე და პროცესის გაუქმებაზე. გააგრძელეთ კითხვა