ხარკოვზე რუსული დარტყმების შედეგად ხუთი ადამიანი, მათ შორის 4 წლის ბავშვი, დაშავდა. ამის შესახებ სახელმწიფო საგანგებო სიტუაციების სამსახურმა განაცხადა.
“გუშინ ღამით რუსებმა ქალაქის ოსნოვიანსკის რაიონში დრონით დარტყმა განახორციელეს. თავდასხმის შედეგად 2500 კვადრატული მეტრის ფართობის მასშტაბური ხანძარი გაჩნდა. დაიწვა საცხოვრებელი კორპუსი, კერძო საცხოვრებელი სახლი, დამხმარე შენობები და სამრეწველო შენობა, ხოლო დაზიანდა საცხოვრებელი კორპუსები, ავტოფარეხები და მანქანები“, - განმარტეს მაშველებმა.

26 ოქტომბერს რუსულმა ძალებმა ხარკოვის ნოვობავარსკის რაიონზე სარაკეტო დარტყმა განახორციელეს. ქალაქის ხელისუფლების ცნობით, ორი ადამიანი დაიღუპა და ოთხი დაშავდა. დაზიანდა საცხოვრებელი კორპუსები, კერძო სახლები და მანქანები.
22 ოქტომბერს რუსულმა ძალებმა ხარკოვის ოლქის ქალაქ ლოზოვაიაში ბაზარი დაბომბეს, რასაც მსხვერპლი მოჰყვა. ადგილობრივი ხელისუფლების ცნობით, ორი ადამიანი დაიღუპა და 11 დაშავდა.

გუშინ გვიან საღამოს, მტრის FPV დრონმა ზაპოროჟიეში მუნიციპალურ ავტობუსზე თავდასხმა სცადა. თუმცა, დრონების საწინააღმდეგო დაცვის წყალობით, დრონი ბადეში გაიხლართა და მანქანასთან მისვლამდე აფეთქდა.

ავტობუსს მცირე დაზიანება მიადგა. არავინ დაშავებულა.