ამერიკაში, მიჩიგანის შტატში, ციხიდან გაქცეული 44 წლის პატიმარი, რომელიც სამართალდამცავებს ჭაობიან ტყეში ემალებოდა, პოლიციამ თერმული დრონის მეშვეობით უმოკლეს დროში აღმოაჩინა და დააკავა.
კროუფორდის ოლქის ციხიდან, რომელიც ქალაქ გრეილინგში მდებარეობს, 44 წლის რეციდივისტი კეისი ჯო ჰელსელი ორშაბათს, ადგილობრივი დროით, დაახლოებით, 13:30 საათზე გაიქცა. პოლიციის ცნობით, პატიმარმა ციხის ფორთოხლისფერი ფორმა გაიხადა და მხოლოდ თეთრი საცვლით გაემართა ციხიდან ერთ მილზე ნაკლებ დაშორებით მდებარე ჭაობიანი ტერიტორიისკენ.

როგორც ირკვევა, ჰელსელს სამართალდამცავებისგან მიმალვის მრავალწლიანი გამოცდილება აქვს. მისი ჩვეული ტაქტიკა წყალში, ხიდის ქვეშ ან ნაკადულის პირას დამალვა და ღამის დადგომამდე უძრავად ჯდომა იყო.

სამძებრო ოპერაციაში კროუფორდის ოლქის შერიფის დეპარტამენტთან ერთად მიჩიგანის შტატის პოლიცია და კინოლოგთა ჯგუფები ჩაერთვნენ. ძებნის პროცესში გადამწყვეტი როლი ითამაშა შტატის პოლიციის თერმულმა დრონმა.
პოლიციის მიერ გავრცელებულ 43-წამიან ვიდეოკადრებში ისმის დრონის ოპერატორის ხმა, რომელიც ხმელეთზე მყოფ პოლიციელებს პატიმრის სითბურ ნაკვალევს უთითებს. ოპერატორმა შენიშნა, რომ ჰელსელი ხის ტოტებისა და ნარჩენების გროვაში იყო სრულად ჩამალული.
“თქვენ მას წრეს ურტყამთ, თითქმის 5-6 ფუტის დაშორებაზე ხართ... ფაქტობრივად, ხის გროვის ზემოთ დგახართ“, - ეუბნებოდა ოპერატორი ჯგუფს. რამდენიმე წამში პოლიციელებმა პატიმარი ნაგვისა და შეშის ქვეშ იპოვეს.
კეისი ჯო ჰელსელი გრეილინგის კლუბის მიმდებარე ჭაობში, გაქცევიდან 2,5 საათში დააკავეს.
წინასწარი გამოძიებით, პატიმარმა ისარგებლა ღიად დატოვებული კარით, რომელსაც ციხის პერსონალი ტვირთის გადასაზიდად იყენებდა.
დაკავებულს 20-წლიანი კრიმინალური ისტორია აქვს, რაც ნარკოტიკების შენახვას, მართლმსაჯულებისთვის ხელის შეშლას, ავტომობილის უკანონო მართვასა და პოლიციისგან გაქცევას მოიცავს. ციხის ადმინისტრაცია დეტალურ შემოწმებას იწყებს უსაფრთხოების წესების დასახვეწად