ავტორი:

ხელოვნური ინტელექტით შექმნილი, ვირტუალური ბიჭები, რომლებიც ხანდაზმულებს აბრიყვებენ და ფულს სძალავენ - ჩინეთში ახალი ტრენდი ვირუსულად ვრცელდება

ხელოვნური ინტელექტით შექმნილი, ვირტუალური ბიჭები, რომლებიც ხანდაზმულებს აბრიყვებენ და ფულს სძალავენ - ჩინეთში ახალი ტრენდი ვირუსულად ვრცელდება

ჩინეთის სოციალურ ქსელებში ხელოვნური ინტელექტის მიერ შექმნილი, ვირტუალური ბიჭების ვიდეოები მეტად პოპულარული გახდა - ციფრული პერსონაჟები ემოციური ისტორიებით მაყურებელში სიბრალულს იწვევენ, რის შემდეგაც მათ სხვადასხვა პროდუქტის შეძენისკენ მოუწოდებენ. სამიზნე აუდიტორია ძირითადად საშუალო ასაკისა და ხანდაზმული ადამიანები არიან.

ვიდეოებში წარმოდგენილი ბიჭები, რომლებსაც "სიაოჰაის“ უწოდებენ, ხშირად სკოლის ფორმაში ან უბრალო თეთრ პერანგებში არიან გამოწყობილი. ისინი კამერის წინ ცრემლიანი ხმით ჰყვებიან სიღარიბეზე, შიმშილსა და რთულ ოჯახურ მდგომარეობაზე.

ერთ-ერთ ვიდეოში ბიჭს ორთქლზე მომზადებული ფუნთუშა უჭირავს და მაყურებელს მიმართავს: "ყველა ჩემი კლასელი სადილად წავიდა. მე კი კლასში დავიმალე, რომ ეს მეჭამა“.

სხვა ვიდეოში პერსონაჟს წვიმაში, სწავლის საფასურის გადაუხდელობის გამო, ჩაგრავენ. ის მაყურებელს წიწიბურას ფაფის შეძენას სთხოვს, რათა გაყიდვების გეგმა შეასრულოს და დაცინვას გადაურჩეს.

ხელოვნური ინტელექტით შექმნილი ბიჭები ჯანმრთელობის დანამატებსა და საყოფაცხოვრებო ნივთებსაც უწევენ რეკლამას. ისინი ამტკიცებენ, რომ მარტოხელა მამებს უნდა დაეხმარონ. ამ დროს, პროდუქციის ფასები ხშირად მნიშვნელოვნად აღემატება მათ რეალურ ღირებულებას. მაგალითად, ერთ-ერთი ასეთი ვიდეოს საშუალებით გაყიდული ზეთის ბოთლი 99 იუანი (15 აშშ დოლარი) ღირს, მაშინ როცა იმავე პროდუქტის შეძენა სხვაგან 60 იუანად შეიძლება.

ამ საქმიანობით დაკავებული ადამიანების მოგებას პროდუქციის გაყიდვიდან მიღებული საკომისიო ზრდის, რომელიც ზოგ შემთხვევაში 55%-ს აღწევს.

გამოცემა The Beijing News-თან საუბრისას დარგის ერთ-ერთმა წარმომადგენელმა განაცხადა, რომ ვიდეოს ავტორებს, რომლებიც საჯაროდ ხელმისაწვდომ ხელოვნური ინტელექტის ინსტრუქციებს იყენებენ "სიაოჰაის“ ვიდეოების დასამზადებლად, დღეში 2 000-დან 3 000 იუანამდე (დაახლოებით 300-450 აშშ დოლარი) შემოსავლის მიღება შეუძლიათ.

ტრენდმა ჩინურ მოკლე ვიდეოების პლატფორმებზე ფართო გავრცელება მოიპოვა. "სიაოჰაისთან“ დაკავშირებულმა თემებმა 600 მილიონზე მეტი ნახვა დააგროვა.

კომენტარებში ბევრი საშუალო ასაკისა და ხანდაზმული მომხმარებელი პერსონაჟების მიმართ დედობრივ სიყვარულსა და თანაგრძნობას გამოხატავს.

"რატომ ჭამ მხოლოდ ფუნთუშებს? გული მტკივა შენ გამო“, - წერს ერთ-ერთი მომხმარებელი კომენტარში.

სხვა მომხმარებელმა პროდუქციის შეკვეთის შემდეგ დაწერა: "საყვარელო შვილო, დედიკომ ოთხი ნივთი შეგიკვეთა. სამუდამოდ მიყვარხარ“.

  • 79 წლის ქალი ყალბ ბიჭთან შესახვედრად მატარებლით გაემგზავრა

ზოგიერთმა ხანდაზმულმა მომხმარებელმა პერსონაჟების მიმართ ნდობის გამო უკიდურეს ნაბიჯებსაც მიმართა.

მაისში ჩინეთის ქალაქ ურუმჩიში პოლიციამ მატარებლით მარტო მგზავრობისას, 79 წლის, წერა-კითხვის უცოდინარი ქალი გააჩერა. ქალი ამტკიცებდა, რომ ჩრდილოეთ ჩინეთში, შანსის პროვინციაში მიემგზავრებოდა "სიაოჰაისთან“ შესახვედრად. მისი თქმით, ბიჭმა პირდაპირი ეთერის დროს სოკოს საჭმელად და ყვავილების დასათვალიერებლად მიიწვია.

პოლიციელებმა ქალის ოჯახს დაუკავშირდნენ და აუხსნეს, რომ ბიჭი გამოგონილი პერსონაჟი იყო, რის შემდეგაც ქალი სახლში დააბრუნეს.

იურიდიული ექსპერტების შეფასებით, ელექტრონული კომერციის გაყიდვების გასაზრდელად ისტორიების განზრახ შეთხზვა შესაძლოა თაღლითობად ჩაითვალოს.

პეკინის უნივერსიტეტის პროფესორი მა ლიანი პრობლემის უფრო ღრმა მიზეზზე საუბრობს. მისი თქმით, ბევრი ხანდაზმული ადამიანი ყოველდღიურ ცხოვრებაში ძლიერ მარტოობას განიცდის და ემოციური სიცარიელის შესავსებად ციფრულ ურთიერთობებს მიმართავს.

  • ინტერნეტმომხმარებლები მშობლების გაფრთხილებას ცდილობენ

ამ ტენდენციის საპასუხოდ, ტექნოლოგიებში გათვითცნობიერებული ინტერნეტმომხმარებლების ნაწილი ხელოვნური ინტელექტის დახმარებით "ბოროტი სიაოჰაის“ ვიდეოებს ქმნის, რათა მშობლები გააფრთხილონ და რეალობას დაანახონ.

პაროდიულ ვიდეოებში "სიაოჰაი“ ციხის ფორმაში ჩნდება და მაყურებელს ბოდიშს უხდის. სხვა ვიდეოებში კი ძვირადღირებული ტანსაცმელი აცვია, სიგარეტს ეწევა და ტრაბახობს, როგორ იყენებს "დეიდებისა და დედების“ გულუბრყვილობას.

თუმცა, როგორც ერთ-ერთი ინტერნეტმომხმარებელი აღნიშნავს, პრობლემა მხოლოდ მოტყუებაში არ მდგომარეობს:

"ზოგიერთმა მარტოხელა ხანდაზმულმა იცის, რომ ეს ყალბია, მაგრამ ურჩევნია, დაიჯეროს, რომ ნამდვილია“.