ავტორი:

"ის არ იყო მხოლოდ პროფესიონალი ჟურნალისტი..." - აჭარის რადიო სამწუხარო ინფორმაციას ავრცელებს

"ის არ იყო მხოლოდ პროფესიონალი ჟურნალისტი..." - აჭარის რადიო სამწუხარო ინფორმაციას ავრცელებს

გარდაიცვალა ჟურნალისტი, აჭარის საზოგადოებრივი მაუწყებლის რადიოს თანამშრომელი ინგა მებონია.

  • ამის შესახებ განცხადებას საზოგადოებრივი მაუწყებლის აჭარის ტელევიზია ავრცელებს.

"მისი ცხოვრება და პროფესიული გზა 25 წლის განმავლობაში ურყევად უკავშირდებოდა აჭარის რადიოს. მან რადიომაუწყებლობის ისტორიაში მნიშვნელოვანი კვალი დატოვა - მუშაობდა რა სხვადასხვა რედაქციაში, ყოველთვის სანიმუშო პროფესიონალიზმით, მაღალი პასუხისმგებლობითა და საქმისადმი უსაზღვრო სიყვარულით ემსახურებოდა საზოგადოებას. ბოლო 10 წლის განმავლობაში კი იყო, საზოგადოებრივი მაუწყებლის აჭარის რადიოს გადაცემა "კონტაქტის“ ავტორი და წამყვანი.

მის გადაცემებში ყოველთვის იგრძნობოდა განსაკუთრებული სითბო, გულწრფელობა და მუდმივი მცდელობა, რომ მსმენელისთვის ყველაზე მნიშვნელოვანი და ღირებული თემები მიეწოდებინა.ის არ იყო მხოლოდ პროფესიონალი ჟურნალისტი - ის იყო ჩვენი გუნდის საიმედო მეგობარი, თბილი, გულისხმიერი და კეთილმოსურნე ადამიანი, რომელიც თითოეულ კოლეგას მხარში ედგა.

მისი ყოველი დღე სამსახურში იწყებოდა ღიმილითა და სითბოთი, რომელიც კოლექტივში განსაკუთრებულ ატმოსფეროს ქმნიდა.აჭარის რადიოს კოლექტივი გულისტკივილით ემშვიდობება ჩვენს ძვირფას თანამშრომელს. მისი ხსოვნა სამუდამოდ დარჩება ჩვენს გულებში, ხოლო მისი ხმა და საქმე - აჭარის რადიოს მატიანეში. ვუსამძიმრებთ ოჯახს, მეგობრებსა და სრულიად ჟურნალისტურ საზოგადოებას." - ნათქვამია განცხადებაში.

  • AMBEBI.GE-ს გუნდი სამძიმარს გამოთქვამს კოლეგის გარდაცვალების გამო და თანაუგრძნობს ინგა მებონიას ოჯახსა, ახლობლებსა და კოლეგებს.