შვეიცარიელმა მეცნიერებმა შეიმუშავეს ინოვაციური, უკაბელო ელექტრონული იმპლანტი, რომელიც ტიპი 2 დიაბეტისა და სიმსუქნის წინააღმდეგ საბრძოლველად ახალ, რევოლუციურ გზას გვთავაზობს. მოწყობილობა სისხლში არსებულ ჭარბ გლუკოზას მედიკამენტების გარეშე, უვნებელ ნივთიერებად გარდაქმნის.
საიდუმლო მცირე ზომის მოწყობილობის ელექტრულ მუხტში იმალება - სისტემა უწყვეტი გლუკოზის მონიტორთან ერთად მუშაობს და პირდაპირ სმარტფონით იმართება. როცა სისხლში შაქრის დონე იწევს, ტელეფონი იმპლანტს რადიოსიხშირულ ენერგიას უგზავნის. ოქროთი და პლატინით დაფარული ელექტროდები მიზანმიმართულ ქიმიურ რეაქციას რთავენ და გლუკოზას უვნებელ სუბპროდუქტად (გლუკონატად) შლიან. პროცესი შაქრის დონის ნორმალიზებისთანავე ავტომატურად ჩერდება.
პატარა, USB-ის ზომის იმპლანტი სხეულზე, კანის ზედაპირზე თავსდება. ის შეიცავს სპეციალურ ელექტროდს გრაფიტისა და ოქროს/პლატინის ნაწილაკებით. ელექტრული დენის მიწოდებისას მოწყობილობა სისხლში არსებულ შაქარს გლუკონატად გარდაქმნის. ამ ნაერთის უდიდეს ნაწილს ორგანიზმი შარდით ბუნებრივად გამოყოფს.
იმპლანტი მუშაობს სმარტფონის რადიოსიხშირული ენერგიით. ის ირთვება მხოლოდ მაშინ, როდესაც სისხლში შაქრის დონე მატულობს
კვლევებმა აჩვენა, რომ ლაბორატორიულ თაგვებში მოწყობილობამ სისხლში შაქრის დონე დაარეგულირა და ინსულინის მკვეთრი მატება თავიდან აიცილა. პარალელურად, თაგვებმა სხეულის მასის 10% დაკარგეს, რადგან დარეგულირებულმა გლუკოზამ ორგანიზმი ცხიმის წვის რეჟიმში გადაიყვანა.
მიუხედავად იმას, რომ შედეგები იმედისმომცემია, მეცნიერები აღნიშნავენ, რომ მოწყობილობა ჯერ მხოლოდ ლაბორატორიულ პირობებშია გამოცდილი.
მომავალში საჭიროა ფართომასშტაბიანი ტესტირება უფრო დიდ ცხოველებსა და ადამიანებზე, სანამ ის ყოველდღიურ მედიცინაში დაინერგება. ავტორების თქმით, ის მომავალში ტიპი 2 დიაბეტის სამკურნალო ტრადიციულ მეთოდებსა და მედიკამენტებს სრულად ჩაანაცვლებს.