ჯერჯერობით საპატრიარქოში საკანონმდებლო პაკეტზე, რომლის ამოქმედების შედეგად, სამორინეებს საერთაშორისო აზარტული ტურნირების მოწყობის შესაძლებლობა ექნებათ, ფართო მსჯელობა არ გამართულა, თუმცა შემიძლია გითხრათ, რომ საპატრიარქო მსგავსი პროცესისგან განზე ვერ დარჩება, - ამის შესახებ "ინტერპრესნიუსს“ საპატრიარქოს საზოგადოებასთან ურთიერთობის სამსახურის ხელმძღვანელმა, დეკანოზმა ანდრია ჯაღმაიძემ განუცხადა.
"საქართველოს საპატრიარქო 2017 წლიდან დაწყებული იმ პროცესის უშუალო ინიციატორი და ერთ-ერთი მთავარი მონაწილე იყო, რომელიც აზარტული თამაშების სფეროში რეგულაციების შემუშავებასა და დაწესებას ისახავდა მიზნად. ამ საკითხზე მუშაობა რამდენიმე წლის განმავლობაში მიმდინარეობდა. საპატრიარქოს მხრიდან პროცესს ხელმძღვანელობდა სრულიად საქართველოს კათოლიკოს-პატრიარქი შიო III , იმჟამად - საპატრიარქო ტახტის მოსაყდრე. ჩატარდა არაერთი კვლევა, შეგროვდა და გაანალიზდა სტატისტიკური მონაცემები, რომელთა შედეგებიც საზოგადოებას გავაცანით. საბოლოოდ, ხელისუფლებამ მიიღო რეგულაციების მთელი პაკეტი, რაც მეტად მისასალმებელი იყო.
რაც შეეხება ამჟამინდელ საკანონმდებლო ინიციატივას, ის ჩვენთვის სრულიად მოულოდნელი აღმოჩნდა, რადგან ამ საკითხთან დაკავშირებით საპატრიარქოსთან წინასწარი კომუნიკაცია არ ყოფილა.
ცნობისთვის, პარლამენტმა დაჩქარებული წესით განიხილა და პირველი მოსმენით მხარი საკანონმდებლო პაკეტს დაუჭირა, რომლის ამოქმედების შედეგად, სამორინეებს საერთაშორისო აზარტული ტურნირების მოწყობის შესაძლებლობა ექნება. ცვლილებები ამ მიმართულებით “ლატარიების, აზარტული და მომგებიანი თამაშობების მოწყობის შესახებ“ კანონსა და კიდევ ოთხ გამომდინარე კანონში შედის. ინიციატივას, რომელიც “ქართული ოცნების“ დეპუტატებმა მოამზადეს, 28 ოქტომბრის პლენარულ სხდომაზე მეორე და მესამე მოსმენით დაამტკიცებენ. კანონის პროექტის თანახმად, საერთაშორისო აზარტული ტურნირი განისაზღვრება როგორც თამაშობა, რომელსაც სამორინეს მოწყობის ნებართვის მფლობელი ატარებს და სადაც მონაწილეთა საერთო რაოდენობის არანაკლებ 70% უცხო ქვეყნის მოქალაქე უნდა იყოს. პროექტით დგინდება, რომ თუ ორგანიზატორი კლუბის მაგიდას მხოლოდ საერთაშორისო ტურნირის ჩატარებისთვის იყენებს და ტურნირის საპრიზო ფონდი 3-მილიონ ლარს აღემატება, ორგანიზატორი სათამაშო ბიზნესის მოსაკრებელს არ გადაიხდის. ცვლილებით ასევე დგინდება შესაბამისი პასუხისმგებლობა სანებართვო პირობების დარღვევის შემთხვევაში, რომელიც 50 ათასი ლარის ოდენობით განისაზღვრება. არაუფლებამოსილი პირის მიერ საერთაშორისო აზარტული ტურნირის მოწყობის წესის დარღვევის შემთხვევაში, ჯარიმის ოდენობა 150 ათას ლარი იქნება.პროექტის ერთ-ერთმა ინიციატორმა, პარლამენტის ეკონომიკური პოლიტიკის კომიტეტი თავმჯდომარემ შოთა ბერეკაშვილმა განმარტა, რომ საერთაშორისო აზარტული ტურნირი პირდაპირი გაგებით აზარტული თამაში არ არის და ასეთი შეჯიბრება ევროპის არაერთ ქალაქში ტარდება. მისი თქმით, ინიციატივის მიზანი არატურისტულ სეზონებში ტურისტული სექტორის განვითარების ხელშეწყობაა.
იხილეთ ასევე: