ავტორი:

საშინელი ტრაგედია ესპანეთში - ორი სწრაფმავალი მატარებელი ერთმანეთს შეეჯახა: დაღუპულია სულ მცირე 10 ადამიანი

საშინელი ტრაგედია ესპანეთში - ორი სწრაფმავალი მატარებელი ერთმანეთს შეეჯახა: დაღუპულია სულ მცირე 10 ადამიანი

ესპანეთში, მადრიდის სამხრეთით, ორი მაღალსიჩქარიანი მატარებლის შეჯახების შედეგად სულ მცირე 10 ადამიანი დაიღუპა, ხოლო დაშავებულთა და მსხვერპლთა რაოდენობა, ხელისუფლებას ცნობით ყოველწუთიერად იზრდება.

კატასტროფის დროს მატარებლებში 500-ზე მეტი მგზავრი იმყოფებოდა.

შემთხვევა დილის 09:00 საათის შემდეგ (08:00 GMT) მოხდა, მადრიდის სამხრეთით, მადრიდიდან დაახლოებით 140 კილომეტრის დაშორებით მოხდა. მაღალსიჩქარიანი მატარებელი, რომელიც მადრიდიდან სამხრეთისკენ გადაადგილდებოდა, შეეჯახა მეორე, სავარაუდოდ გაჩერებული მატარებლის უკანა ნაწილს.

ძლიერი დარტყმის შედეგად სულ მცირე ორი ვაგონი რელსებიდან გადავიდა და ფერდობზე გადაყირავდა. სარკინიგზო ოპერატორ Adif-ის ცნობით, ინციდენტი მოხდა სახელმწიფო კომპანია Renfe-სა და კერძო კომპანია Iryo-ს მატარებლებს შორის, რომლებიც მადრიდი-სევილიის მარშრუტს ემსახურებიან.

  • 500-ზე მეტი მგზავრი და “კოშმარული სცენები“

კასტილია-ლა მანჩას რეგიონის მთავრობის წარმომადგენელმა ესტერ პადილიამ განაცხადა, რომ Iryo-ს მატარებლით 146 მგზავრი და ერთი ჩვილი გადაადგილდებოდა, ხოლო Renfe-ს მატარებელში 397 მგზავრი იმყოფებოდა.

“დადასტურებული დაღუპულების რაოდენობა, რომელიც ამჟამად 10-ს შეადგენს, თითქმის დარწმუნებულები ვართ რომ გაიზრდება. ვითარება კიდევ უფრო დამძიმდება,“ - აღნიშნა პადილიამ.

17 წლის მგზავრმა ედუარდამ, რომელიც ერთ-ერთ მატარებელში იმყოფებოდა, რადიოსადგურ Cadena Ser-ს განუცხადა, რომ შემთხვევის ადგილზე სრული ქაოსი იყო.

“ბევრი ადამიანი ვერ გამოდიოდა. მესმოდა ყვირილი... ეს იყო საშინელება. ეს იყო კატასტროფა... მესმოდა, როგორ ყვიროდნენ პანიკაში მყოფი ადამიანები,“ - იხსენებს მოზარდი. ერთ-ერთმა მგზავრმა ადგილობრივ მედიას განუცხადა, რომ მგზავრობის დაწყებიდან დაახლოებით 40 წუთში ძლიერი დარტყმა იგრძნო.

  • შემთხვევის ადგილზე მუშაობენ მეხანძრეები, პარამედიკოსები, სამაშველო ჯგუფები, სამი ვერტმფრენი და ორი ინტენსიური თერაპიის მობილური განყოფილება. დაშავებულთა ნაწილს პირველადი დახმარება გაუწიეს, ხოლო უფრო მძიმე პაციენტებს ტოლედოს საავადმყოფოებში გადაიყვანენ.

ხელისუფლების წინასწარი ვარაუდით, კატასტროფის სავარაუდო მიზეზი სიგნალიზაციასთან დაკავშირებული ადამიანური შეცდომაა. Adif-ის ცნობით, ამ ხაზზე ყველა მატარებლის მოძრაობა შეჩერებულია. Renfe-მ დაზარალებულთა ოჯახის წევრებისთვის ცხელი ხაზი გამოყო.

  • განახლება 14:58

ესპანეთში ორი ჩქაროსნული მატარებლის შეჯახების შედეგად დაღუპულთა რაოდენობა 39-მდე გაიზარდა. ინფორმაციას Sky News-ი ადგილობრივ ხელისუფლებაზე დაყრდნობით ავრცელებს.

ესპანელი ხალხის, ასევე დაღუპულთა ახლობლებისა და ოჯახების მიმართ თანაგრძნობა გამოხატეს ევროკომისიის პრეზიდენტმა, ურსულა ფონ დერ ლაიენმა და ევროპული საბჭოს პრეზიდენტმა ანტონიო კოშტამ.

“გულწრფელ თანაგრძნობას ვუცხადებ მსხვერპლთა ოჯახებსა და ახლობლებს. დღეს ევროპა თქვენთან ერთად გლოვობს”, - დაწერა ევროკომისიის პრეზიდენტმა სოციალურ ქსელში.

“გულწრფელ სამძიმარს ვუცხადებ დაღუპულთა ოჯახის წევრებსა და ახლობლებს. სოლიდარობას ვუცხადებ და სწრაფ გამოჯანმრთელებას ვუსურვებ დაშავებულებს. მთელი გულით ვუჭერ მხარს ესპანელ ხალხს გლოვის ამ მძიმე წუთებში”, - დაწერა ევროპული საბჭოს პრეზიდენტმა.

წყარო