ავტორი:

ჩინეთში სოკოს ახალი, გიგანტური სახეობა აღმოაჩინეს - როგორია მისი პარამეტრები და რას ამბობენ მეცნიერები?

ჩინეთში სოკოს ახალი, გიგანტური სახეობა აღმოაჩინეს - როგორია მისი პარამეტრები და რას ამბობენ მეცნიერები?

ჩინეთში სოკოს ახალი, გიგანტური სახეობა Dianjunus rex-ი აღმოაჩინეს, რომლის სიმაღლეც 50 სანტიმეტრს, წონა კი 2,2 კილოგრამს აღწევს. სოკო თავისი შთამბეჭდავი ზომით გამოირჩევა და ახალ, მანამდე უცნობ ოჯახს მიეკუთვნება, რომლის წარმოშობასაც მეცნიერები დაახლოებით 65 მილიონი წლის წინანდელ პერიოდს უკავშირებენ.

სოკო მკვლევრებმა სამხრეთ-დასავლეთ ჩინეთში, იუნანის პროვინციის ტყეებში, 2024 და 2025 წლებში ჩატარებული კვლევების დროს აღმოაჩინეს. მისი ღია მოყვითალო, თითის მსგავსი ნაყოფიერი სხეულები მკვდარი ხისა და მცენარეთა ფესვების გარშემო იზრდება. მეცნიერებმა ნიმუშები შეისწავლეს და გენეტიკური ანალიზის საფუძველზე დაადგინეს, რომ Dianjunus rex აქამდე ცნობილი სოკოებისგან განსხვავდებოდა. კვლევა 2026 წლის 29 სექტემბერს სამეცნიერო ჟურნალში Frontiers in Fungal Biology გამოქვეყნდა.

სახეობის სახელწოდებაში გამოყენებული სიტყვა rex ლათინურად „მეფეს“ ნიშნავს. ამით მეცნიერები სოკოს განსაკუთრებულ ზომასა და შთამბეჭდავ იერს გაუსვეს ხაზი.

მეცნიერების შეფასებით, სოკოს ოჯახი, რომელსაც Dianjunus rex მიეკუთვნება, დაახლოებით 65 მილიონი წლის წინ ჩამოყალიბდა - იმ პერიოდში, რომელიც დინოზავრების მასობრივ გადაშენებას მოჰყვა. ასტეროიდის შეჯახებამ დედამიწაზე ეკოსისტემები მნიშვნელოვნად შეცვალა და მცენარეთა და ცხოველთა სახეობების დაახლოებით 75 პროცენტი გაანადგურა.

მკვლევრების ვარაუდით, ამ კატასტროფის შემდეგ გარემოში დიდი რაოდენობით მკვდარი მცენარეული მასალა დაგროვდა. სოკოები, რომლებიც მკვდარ ორგანულ ნივთიერებებს შლიან, ამ პირობებში გამრავლებისთვის ხელსაყრელ გარემოს პოულობდნენ.

Dianjunus rex სოკოების ერთ-ერთ ყველაზე მრავალფეროვან ჯგუფს, ასკომიკოტებს მიეკუთვნება. ამ ჯგუფში შედის მორელები, ტრიუფელები და საფუარებიც.

წყარო