ავტორი:

"სტუმრად იყო ქორწილში დაპატიჟებული, თან ჰქონდა დანა. არ ვიცი, როგორ შეიძლება ქორწილში წახვიდე და თან დანა წაიღო" - რა არის ცნობილი გურამ ბოიკოს მკვლელობაში ბრალდებულზე?

"სტუმრად იყო ქორწილში დაპატიჟებული, თან ჰქონდა დანა. არ ვიცი, როგორ შეიძლება ქორწილში წახვიდე და თან დანა წაიღო" - რა არის ცნობილი გურამ ბოიკოს მკვლელობაში ბრალდებულზე?

მამაკაცი, რომელმაც 25 წლის გურამ ბოიკო ძმის ქორწილში მოკლა, სიღნაღში დააკავეს - ამის თაობაზე ინფორმაცია შინაგან საქმეთა სამინისტრომ გაავრცელა.

“გამოძიებით დადგინდა, რომ ბრალდებულმა მიმდინარე წლის 27 ოქტომბერს, სოფელ ლისში მდებარე ერთ-ერთი რესტორნის მიმდებარე ტერიტორიაზე, ურთიერთშელაპარაკების დროს ახალგაზრდა მამაკაცს ცივი იარაღით გულმკერდის არეში დაზიანება მიაყენა და შემთხვევის ადგილიდან მიიმალა.

დაჭრილი მამაკაცი სამედიცინო დაწესებულებაში გადაყვანიდან მალევე გარდაიცვალა.

სამართალდამცველებმა ჩატარებული ოპერატიული ღონისძიებებისა და საგამოძიებო მოქმედებების შედეგად, ბრალდებული, ცხელ კვალზე, კახეთში, სიღნაღის რაიონში დააკავეს. პოლიციამ დანაშაულის ჩადენის იარაღი ნივთმტკიცებად ამოიღო“ - ვკითხულობთ შსს-ს განცხადებაში. პოლიცია ბრალდებულს მთელი საქართველოს მასშტაბით ეძებდა.

გამოძიება საქართველოს სისხლის სამართლის კოდექსის 108-ე მუხლით მიმდინარეობს, რაც 15 წლამდე ვადით თავისუფლების აღკვეთას ითვალისწინებს.

"ტვ პირველის" ინფორმაციით, დაკავებული წარსულში ნასამართლავია.

25 წლის გური ბოიკო ძმის ქორწილში იმყოფებოდა, როდესაც სუფრაზე შელაპარაკება დაიწყო - უთანხმოება ფიზიკურ დაპირისპირებაში გადაიზარდა.

ახალგაზრდა მათ გაშველებას ცდილობდა, რა დროსაც გულის არეში, ცივი იარაღის გამოყენებით დაჭრეს. ის კლინიკაში გარდაიცვალა.

როგორც გარდაცვლილის დეიდა, ფაინა ბოიკო "პალიტრავიდეოსთან" ინტერვიუში ამბობს, ბრალდებული მამაკაცი ქორწილში სტუმარი იყო, თუმცა ბრალდებულის ვინაობის გამხელისგან ოჯახი თავს იკავებს.

"მხოლოდ ის ვიცით, რომ მკვლელი დააკავეს, ძალიან მძიმე წუთებია. ჩვენთვის მნიშვნელობა არ აქვს, მკვლელის ბედი როგორ განვითარდება. მხოლოდ ის ვიცით, რომ სამართალი იზეიმებს. სტუმარი იყო ქორწილში დაპატიჟებული, თან ჰქონდა დანა. არ ვიცი, როგორ შეიძლება ქორწილში წახვიდე და თან დანა წაიღო. მოგვეცით საშუალება ჩემი დისშვილი დავიტიროთ. მე ვარ დეიდა და არ ვიცი, მშობლებს უნდათ თუ არა, რომ მკვლელზე მეტი ინფორმაციის გამჟღავნება. ", - ამბობს გარდაცვლილის დეიდა ფაინა ბოიკო.