რუსული საინფორმაციო ტელეგრამ-არხი SHOT-ის მტკიცებით, ბელარუს ტურისტს რუსულად საუბრის გამო, თბილისის რკინიგზის სადგურზე თავს დაესხნენ, თუმცა პოლიციაში მიყვანილმა მამაკაცმა განსხვავებული ჩვენება მისცა - მისი თქმით, დაპირისპირება მას შემდეგ მოხდა, რაც ქალმა გაცნობაზე უხეშად უთხრა უარი.
ტურისტი ალექსანდრა ფიტნეს მწვრთნელად მუშაობს, მისი თქმით, ის მეგობართან ერთად რკინიგზის სადგურზე იმყოფებოდა, რა დროსაც უცნობი მამაკაცი აგრესიული გახდა მას შემდეგ, რაც მათი საუბარი რუსულ ენაზე გაიგო, მას მოულოდნელად ეცა და სახეში ხელი გაარტყა.
ინციდენტის შემდეგ ალექსანდრა პოლიციაში მივიდა, ასევე, განყოფილებაში მიიყვანეს მამაკაცი, რომელიც მან თავდამსხმელად ამოიცნო.
Telegram არხის ცნობით, პოლიციის განყოფილებაში მამაკაცმა ყვირილი დაიწყო და დაჟინებით მოითხოვა, რომ კონფლიქტი ენას არ შეეხებოდა, არამედ კოცნის წარუმატებელ მცდელობას. უარის შემდეგ მამაკაცმა ალექსანდრას სცემა.
ალექსანდრამ კატეგორიულად უარყო ეს სცენარი. ის ამტკიცებს, რომ უცნობს მისთვის კოცნა არ უცდია.
SHOT-ის ცნობით, საქართველოს პოლიციამ გამოძიება ჩაატარა და მასალები სასამართლოს წარუდგინა. თუმცა, ტურისტებს გამოძიების დასრულებამდე საქართველოში დარჩენა არ მოეთხოვებოდათ.
ambebi.ge შსს-ს დაუკავშირდა, სადაც 1 კვირის წინ მომხდარი ფაქტი დაგვიდასტურეს და გვითხრეს, რომ მამაკაცი სამართალდამცველებმა ცხელ კვალზე დააკავეს და მის მიმართ საქმე ძალადობის -126-ე მუხლით აღიძრა.
Life.ru-მ ადრე გაავრცელა ინფორმაცია, რომ რუსმა ტურისტებმა საქართველოში მოგზაურობის გაუქმება კახეთში, სასტუმროში დამსვენებელზე მომხდარი გახმაურებული თავდასხმის შემდეგ დაიწყეს. ადგილობრივი ტურისტული სააგენტოს წარმომადგენელმა განაცხადა, რომ ზაფხულის თვეებში 25-35-მა ჯავშანი გააუქმა, თუმცა, მისი თქმით, დასასვენებლად ჩამოსული რუსები, ზოგადად, კმაყოფილები იყვნენ საქართველოში მოგზაურობით.