დღეს ზვიად გამსახურდიას მონაპოვარს ვმარხავთ - მივდივართ იქ, საიდანაც ამოგვათრია ზვიად გამსახურდიამ, - ამის შესახებ "კოალიცია ცვლილებისთვის“ ერთ-ერთმა ლიდერმა ნიკა გვარამიამ ოპოზიციის აკრძალვის შესახებ საკონსტიტუციო სარჩელის განხილვისას საკონსტიტუციო სასამართლოში განაცხადა.
"[მომავალში] აუცილებლად იტყვიან, რომ დღეს, 36 წლის შემდეგ ჩვენ ვსაუბრობთ იმაზე, რომ პროცესი სრულიად ინვერსიულად ვითარდება, სრულიად შეტრიალებულია და მივდივართ იქ, საიდანაც ამოგვათრია ზვიად გამსახურდიამ, ოღონდ უკვე ზვიად გამსახურდიას გარეშე, რაც ზრდის იმ შანსებს, რომ ისევ იქ აღმოვჩნდეთ, საიდანაც ზვიადის მეშვეობით ამოვედით.
მე არ ვარ პესიმისტურად განწყობილი, ნამდვილად მჯერა ამ ქვეყნის გამარჯვების, ევროინტეგრაციის, მაგრამ მიუხედავად ამისა არ შემიძლია ხაზი არ გავუსვა იმ კატასტროფას, რომლის წინაშეც საქართველო რამდენიმე ადამიანმა დააყენა, მათ შორის ამ დარბაზში მყოფმა ადამიანებმაც.
დღეს ამ გადაწყვეტილებით, რომელსაც ითხოვს "ქართული ოცნება“, გაუქმდება ბადრი ჯაფარიძე, როგორც პოლიტიკოსი. ეს ის კაცია, რომელმაც დამოუკიდებლობის დეკლარაციას ხელი მოაწერა. სამაგიეროდ, ისინი, ვინც კანონიერი ხელისუფლება გადააგდო, თან იარაღით, ამ სარჩელს აწერს ხელს. ასეთი გამრუდებული რეალობა გვაქვს“, - განაცხადა ნიკა გვარამიამ.