"საქართველო განსაცვიფრებლად ლამაზი ქვეყანაა, რომელიც თავისთავად საუბრობს საკუთარ თავზე - მისი კულტურა, ისტორია, ღვინო, საჭმელი და ხალხი ერთად ქმნის რაღაც იშვიათსა და განსაკუთრებულს, რომლის შესახებაც მთელმა მსოფლიომ უნდა იცოდეს", - ამბობს იტალიელი - ჯანმარკო ბარისონ, რომელიც თავად გვიამბობს, თუ რატომ შეიყვარა საქართველო ასე ძალიან.
- მე დავიბადე და გავიზარდე იტალიაში, ვენეციის რეგიონში, სპრიცის სამშობლოში. იმ ადამიანების მხარეში, რომლებიც ოცი წუთის განმავლობაში შეიძლება კამათობდნენ, სწორად არის თუ არა სპრიცი მომზადებული. ბავშვობაში ძალიან ბევრს ვერთობოდი, თუმცა ოჯახის ერთადერთი შვილი რომ ხარ, ზოგჯერ შეიძლება ცოტა მარტოსული იყო. სწორედ ამიტომაც, ერთ დღეს, მამაჩემი სახლში ლამაზი, ყვითელი სასაჩუქრე ყუთით დაბრუნდა, მან ვიდეოკამერა მომიტანა.
მაშინ დაახლოებით ექვსი წლის ვიყავი, როცა სმარტფონები ჯერ კიდევ არ არსებობდა. ასე დაიწყო ყველაფერი: სახლში საკუთარ თავს ვიღებდი, მშობლებთან ერთად ვსეირნობდი, თუ ბავშვებთან ერთად ვთამაშობდი, ყველაფერს კამერაზე აღვბეჭდავდი. ყოველი მომენტი კამერასთან საუბრად იქცა, ობიექტივი კი პირდაპირ ჩემი მშობლების სახეებისკენ მქონდა მიმართული და ბოლომდე დარწმუნებული არ ვარ, რომ საბოლოოდ ისინი საჩუქრით მაინცდამაინც აღფრთოვანებულები თუ იყვნენ.
დღეს არაფერი შეცვლილა. ისევ საკუთარ თავს ვიღებ და ისევ ძალიან ვერთობი. უბრალოდ, მშობლებს ცოტა ამოსუნთქვის საშუალება მივეცი და მთელი ეს ენერგია ინტერნეტში ქართველ ადამიანებთან საუბრისკენ მივმართე. და ისე, რომ ყველა ერთმანეთს კარგად ვუგებთ.
- სად ცხოვრობთ ამჟამად?
- ამჟამად შვეიცარიაში ვცხოვრობ, რამაც პროფესიული თვალსაზრისით ჩემთვის ახალი შესაძლებლობები გახსნა. მარკეტინგის სპეციალისტი გახლავართ და ეს საოცარი ქვეყანაა სამუშაოსთვის, ბუნებისა და უსაფრთხოებისთვის, თუმცა აქაც შეიძლება ზოგჯერ ცოტა მარტოსული იყო, რაც ბავშვობის დღეებს მახსენებს. განსხვავება ისაა, რომ ახლა მე და ჩემს კამერას ბევრი საინტერესო ქართველი ადამიანი გვყავს, ვისთანაც საუბარი შეგვიძლია.

- როდის გაიგეთ პირველად საქართველოს შესახებ?
- ისტორია, თუ როგორ დაიწყო ეს ყველაფერი, ძალიან სპონტანურია. შვეიცარია, სადაც ვცხოვრობ, პატარა ქვეყანაა, პატარა სოფლები, მთები და არც ისე ბევრი რამ ხდება. თუმცა ჩემს სახლთან ახლოს არის ყვავილების მაღაზია, მის წინ კი პატარა ქართული რესტორანი, სახელად "ყვავილებამდე“. ყოველ დღე რესტორნის წინ ჩავდიოდი, რომელიც სულ სავსე იყო ხალხით, იქიდან კი საოცარი სურნელი გამოდიოდა. ერთ დღესაც ქართულ რესტორანში შევედი.
იქ მყოფმა ადამიანებმა დამიწყეს სწავლება, როგორ უნდა მეჭამა ხინკალი სწორად, გამაცნეს ხაჭაპურის სხვადასხვა სახეობა, შემომთავაზეს ჭაჭა, რამდენიმე ქართული სიტყვა მასწავლეს და პირველივე წუთიდან ისე მომექცნენ, როგორც ძველ მეგობარს და არა ადამიანს, რომელიც უბრალოდ ქუჩიდან შემთხვევით შემოვიდა. რაღაც მოხდა. ვიგრძენი ის რომანტიკული ნაპერწკალი, რომელიც მეგონა, რომ იტალიაში დავტოვე. სახლში იმდენად აღფრთოვანებული დავბრუნდი, რომ ვიდეო გამოვაქვეყნე და ვთქვი: "ჰეი, მეგობრებო, ქართული ენის სწავლას ვიწყებ. უკვე ვიცი სიტყვები: გამარჯობა, როგორ ხარ და ა.შ.“
ამ ვიდეოსგან არაფერ განსაკუთრებულს არ ველოდი. უბრალოდ შემთხვევითი იდეა იყო და დასაძინებლად წავედი. მეორე დილით გავიღვიძე, ვიდეო შევამოწმე და, ჩემდა გასაკვირად, კომენტარები დამხვდა. ადამიანები აქტიურად ერთვებოდნენ, თავიდანვე იქმნებოდა პატარა საზოგადოება. მათ უნდოდათ ჩემი სწავლის პროცესის ნახვა, გაეგოთ მეტი ჩემი პროგრესის შესახებ, დამხმარებოდნენ სწავლაში და კიდევ ბევრი რამ ესწავლებინათ ჩემთვის. ეს ზუსტად ის სიტუაცია იყო, რაც რესტორანში მოხდა, უბრალოდ, გაცილებით დიდი მასშტაბით.
ამან მომცა ენერგია, რომ ეს ყველაფერი სერიოზულად მიმეღო და რაც შეიძლება მეტი მესწავლა ქართული კულტურისა და ქართველი ხალხის შესახებ. ინსტაგრამ-ის გვერდი სულ რამდენიმე თვის წინ გავხსენი და მას შემდეგ ძალიან სწრაფად იზრდება. ეს დღემდე ყოველდღე მაოცებს და ძალიან მახარებს.
- როგორც ვიცი, საქართველოში უკვე არაერთხელ იყავით
- დიახ, საქართველოში უკვე სამჯერ ვიყავი და თითოეული მოგზაურობა, წინაზე უკეთესი აღმოჩნდა. ბოლო ვიზიტის დროს სტეფანემ თავის კონცერტზე მიმიწვია. გულწრფელად რომ ვთქვა, ამას ვერასდროს წარმოვიდგენდი. ახლაც ძალიან თბილად მახსენდება ეს ყველაფერი და ძალიან მადლიერი ვარ, რომ ეს შესაძლებლობა მომეცა. ჯერჯერობით ვნახე თბილისი, წინანდალი და ყაზბეგი.
თითოეულ მათგანს თავისი ულამაზესი ბუნება და პეიზაჟები აქვს. თუმცა ეს სია ძალიან მოკლეა იმ ყველაფერთან შედარებით, რისი ნახვაც ჯერ კიდევ მინდა. სიამოვნებით მოვინახულებდი ყველა იმ რეგიონს, სადაც ჯერ არ ვყოფილვარ. ყველაზე მეტად ქართველი ხალხი მიყვარს. ის, თუ როგორ შეუძლიათ ადამიანებს, თავი მაშინვე განსაკუთრებულად და კომფორტულად გაგრძნობინონ. ისე მოგექცნენ, როგორც ძველ მეგობარს, რომელსაც წლებია იცნობენ და არასდროს როგორც უცხოს, ან შორიდან მოსულ ადამიანს.
ადამიანების პატივისცემა ერთმანეთის, ტრადიციებისა და საკუთარი ქვეყნის მიმართ, ეს არის ის, რასაც თავისთავად მოცემულ რამედ არ მივიჩნევ.

- რამდენად გაეცანით ქართულ სამზარეულოს და რამ მოგხიბლათ?
- რაც შეეხება საჭმელს, რა თქმა უნდა, ხინკალი ძალიან მომეწონა, მაგრამ ასევე კარტოფილის ღვეზელიც, რომლის ჭამაც შემიძლია გამუდმებით და არასდროს მბეზრდება.
- თუ შთააგონებთ უცხოელებს, საქართველოს ეწვიონ?
- თავად საქართველო ძალიან კარგად ვიცი? - ჯერ არა, მაგრამ უდიდეს პატივს ვცემ მის კულტურასა და ხალხს. მაქვს ადგილების, გამოცდილებებისა და ტრადიციების გრძელი სია, რომელთა აღმოჩენასაც მოუთმენლად ველი. საქართველო განსაცვიფრებლად ლამაზი ქვეყანაა, რომელიც თავისთავად საუბრობს საკუთარ თავზე - მისი კულტურა, ისტორია, ღვინო, საჭმელი და ხალხი ერთად ქმნის რაღაც იშვიათსა და განსაკუთრებულს, რომლის შესახებაც მთელმა მსოფლიომ უნდა იცოდეს.
თუ ჩემი ვიდეოები თუნდაც მცირე როლს შეასრულებს იმაში, რომ ვინმეს ქართული კულტურის მიმართ ცნობისმოყვარეობა გაუჩნდეს, ეს ყველაზე მცირეა, რაც შემიძლია გავაკეთო იმ სითბოსა და სიყვარულის სანაცვლოდ, რაც საქართველომ მე მომცა. და, როგორც ყველა ჩემი ვიდეოს ბოლოს ვამბობ: იტალიელი ჯანმარკო ვარ და ქართულს ვსწავლობ.